Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 წლის განმავლობაში მოუგვარებელი წყლის პრობლემა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 50-მდე ოჯახი წყლის პრობლემაზე საუბრობს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მაღალმთიანი სოფლის, ჭკადუაშის ყოფილი პიონერთა ბანაკის ტერიტორიაზე განთავსებულ 6 ორსართულიან კორპუსში 20 წელია დევნილები ცხოვრობენ. ერთმანეთისგან 200 მეტრით დაშორებული კორპუსების ეზოში ერთი ჭაბურღილია გათხრილი, რომლითაც დასახლებაში მცხოვრები 200-მდე მოქალაქე სარგებლობს.

კორპუსების მობინადრეები რადიო თავისუფლებასთან ჰყვებიან, რომ ჭაბურღილის წყალი მათთვის საკმარისი არ არის. მოქალაქეები დღეში რამდენჯერმე ხელით ეზიდებიან წყალს სახლებში და მძიმე ტვირთის ხშირი ტარება მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის:

„ძალიან ვწვალობთ. ქვევით არის წყალი და მერე ფერდობებზე არის ამოსატანი. დავიღალე, მკლავებში ძალა არა მაქვს.“

„მე აქედან მოშორებით ვცხოვრობ. ყოველდღე 500 ლიტრი წყალი მიმაქვს 200 მეტრის მანზილზე. ჩვენთან ყველას, ახალგაზრდებს თუ მოხუცებს, ხერხემლის გამრუდება აქვს. თითო ოჯახს - მით უმეტეს, ზაფხულში - 500 ლიტრი წყალი სჭირდება და ამ ჭაბურღილს ამდენი სიმძლავრე არ აქვს. არ გვყოფნის“, – ამბობენ დასახლებაში მცხოვრები დევნილები.

ყოფილი პიონერთა ბანაკის დასახლებაში სამშენებლო კომპანია „ბლოკ–ჯორჯიამ“ ორი წლის წინ დაასრულა სარემონტო სამუშაოები. დევნილების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარემონტებული კორპუსების ყველა მობინადრეს ინდივიდუალური მოწესრიგებული აბაზანა აქვს, უწყლობის გამო ის უფუნქციოდ რჩება.

დასახლების მცხოვრებნი პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ. ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრის, მაგული შონიას თქმით, პრობლემის შესახებ ინფორმირებულია აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველო. მისივე განმარტებით, დასახლების მცხოვრებლებმა არაერთხელ გაუგზავნეს წერილი საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

„ჩვენ ვითხოვთ პრეზიდენტს. არ გვინდა ოპოზიცია, არ გვინდა ჩვენ ეს ხალხი, უშუალოდ პრეზიდენტს ვითხოვთ. მობრძანდეს და ნახოს აქაური პირობები. ჩვენ აქ ვარსებობთ, ხალხი“, – ამბობს მაგული შონია.

რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რადიო თავისუფლების კითხვაზე, რა ღონისძიების გატარებას გეგმავს სამინისტრო დასახლებაში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიღებულ წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დალი ხომერიკი ეტაპობრივად შეისწავლის რეგიონში მცხოვრებ დევნილთა მდგომარეობას.

სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები დევნილების მონახულება და მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების ადგილზე გაცნობა.

„სამინისტრო ადგილზე დეტალურად შეისწავლის დევნილთა პრობლემებს და იმუშავებს მათი გადაწყვეტის გზებზე“, – ნათქვამია წერილში.
XS
SM
MD
LG