Accessibility links

logo-print

მოქალაქეთა ნაწილისთვის ზაზა გოროზია გუბერნატორად მიუღებელია


ზაზა გოროზია

ზაზა გოროზია

16 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში კვლავ გუბერნატორად დანიშნული ზაზა გოროზია ზუგდიდში არ იმყოფება. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა აკაკი სალარიძემ არ იცის როდის შეუდგება ახალი გუბერნატორი საკუთარი უფლება-მოვალეობის შესრულებას.
„ზაზა გუბერნატორია, დანიშნულია და ყველაფერი. ვიცი, რომ თბილისში სამინისტროებში იყო და ზუსტი ინფორმაცია მე არ მაქვს, როდის ჩამოდის. ვერ ვკითხავ, როდის ჩამოდის“, – გვითხრა აკაკი სალარიძემ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულად მიხეილ სააკაშვილმა ზაზა გოროზია 16 ოქტომბერს მეორედ დანიშნა. მანამდე მას გუბერნატორის თანამდებობა 2005 წლიდან 2011 წლამდე ეკავა, 2011 წელს კი ის სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა.

ძველი გუბერნატორის ისევ ზუგდიდში დაბრუნება გააპროტესტა ინდმეწარმემ ეთერ ცხადაიამ. 86 წლის ქალბატონი უკვე მეოთხე წელია ხელისუფლებას მეფრინველეობის ფაბრიკის ჩამორთმევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ამ საქმესთან კავშირი აქვს ზაზა გოროზიას. ეთერ ცხადაიამ არაერთხელ განაცხადა მედიასაშუალებებთან, რომ გუბერნატორმა რამდენჯერმე სცადა მისი გატაცება, რადგან ის ხმამაღლა აცხადებდა გოროზიას კავშირს ფაბრიკის ჩამორთმევასთან. ძველი გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნა ეთერ ცხადაიამ 17 ოქტომბერს გააპროტესტა. მაშინ მან საგანგებო განცხადება სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ გააკეთა.

„ვაპროტესტებ გოროზიას დაბრუნებას. გოროზია არის კორუმპირებული. მე ახალ მთავრობას ვთხოვ, რომ თვშესაფარი მომცეს თბილისში. სადაც გოროზია იმუშავებს, იქ მე არ მინდა მუშაობა. მე თუ მოვკვდი, ეს უბედური შემთხვევა არ იქნება, ეს იქნება ზაზა გოროზიას ჩადენილი“, – განაცხადა ეთერ ცხადაიამ საგანგებო ბრიფინგზე. მის მსგავსად, გოროზიას კვლავ გუბერნატორად დანიშვნას ეწინააღმდეგება რადიო თავისუფლების მიერ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი, ნაწილისთვის კი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება სამეგრელო–ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული:
„ 6-7 წელი კაცი გუბერნატორად მუშაობდა, მისი მოღვაწეობის შედეგი არის ნული.“

„როგორც მოიყვანეს, ისევე უნდა წაიყვანონ აქედან. არ არის ის აქ საჭირო.“
„ოც და ოცდახუთ ათას ლარს ინიშნავდა ხელფასს და თვეში ორჯერ მიჰქონდა პრემია -ჩვიდმეტი, ოცი ათასი. სახელმწიფო ფულს ჭამდნენ და ატერორებდნენ ხალხს.“

„შესახედავად კარგი კაცია და არ ვიცი, რას იზამს.“

„სულ არ მაინტერესებს ვინ არის გუბერნატორი. სულ არ ვიცოდი, რომ შეიცვალა. თქვნ მითხარით ახლა.“

„ვინც უნდათ, ის იყოს გუბერნატორი. მე პოლიტიკაში არ ვერევი.“
„არ შემოვუშვებთ ზუგდიდში საერთოდ. ის არჩევნების პირველი გამყალბებელია, ახალმა ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრას მის წინააღმდეგ“, – აცხადებენ მოქალაქეები. მათგან განსხვავებული აზრისაა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ვახტანგ ცხადაია:

„ჩვენ ორი წელია ერთად ვმუშაობთ. რაც პროექტები კეთდებოდა, უშუალოდ მონაწილეობდა თვითონ და დადებითად ვახასიათებ. მას თავისი კომპეტენცია ჰქონდა და მე რაც დავალებები მქონდა, ვასრულებდი. დამსახურებების გამო მოხდა თუ ისე მოხდა, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა“, – ამბობს ვახტანგ ცხადაია.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის ზაზა გოროზია თბილისში „გარკვეული საქმეების მოსაგვარებლად“ იმყოფება და მისთვის ცნობილი არ არის, როდის აპირებს ახალი გუბერნატორი ზუგდიდში დაბრუნებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG