Accessibility links

logo-print

ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგი განხორციელდება


ზუგდიდი

ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირთა არჩევის, დანიშვნის საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, ასევე თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის დაკვირვების მიზნით ახალგაზრდების ჯგუფი ჩამოყალიბდა.

„თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფი“ ადგილობრივი ხელისუფლების მონიტორინგს დღეიდან იწყებს. ჯგუფი დასახული მიზნების განხორციელებას „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ დახმარებით გეგმავს.

ახლად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დღეს საკუთარი თავი ჟურნალისტებს „ჩართულობის ცენტრში“ გამართულ ბრიფინგზე გააცნეს და შემდგომი საქმიანობის გეგმები წარადგინეს. საინიციატივო ჯგუფის წევრის არჩილ თოდუს თქმით, ახალგაზრდები არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენენ და არიან ნეიტრალურები.

„გაერთიანებული ვართ სხვადასხვა ცოდნის და გამოცდილების ადამიანები. ჩვენთან არიან როგორც სამართალმცოდნეები, ასევე კონფლიქტოლოგები, ეკონომისტები და სახელმწიფო მართვის სპეციალისტები. ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა განხორციელდეს რეალურად, ეფექტურად - ისე, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული იმ მიზნებთან დაკავშირებით, რაც აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას“, – უთხრა ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის წევრმა არჩილ თოდუამ.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი არის ადგილი დიალოგისა და დისკუსიისათვის. აქ ხდება იმ საკითხების განხილვა, რომელიც ძალიან აწუხებს საზოგადოებას ...

ჯგუფი მოუწოდებს ზუგდიდის გამგებლობის მსურველ ნებისმიერ კანდიდატს, მოქალაქეთა ინფორმირების გაზრდის მიზნით, შეხვედრები მოაწყოს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“. ახალგაზრდების ამ მოწოდებას უერთდება „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ კოორდინატორი ზუგდიდში ეკა მინჯორაია.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი არის ადგილი დიალოგისა და დისკუსიისათვის. აქ ხდება იმ საკითხების განხილვა, რომელიც ძალიან აწუხებს საზოგადოებას. ამ შემთხვევაში ჩვენი ინიციატივა იყო, რომ ხელი შეგვეწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრისთვის“, – თქვა ეკა მინჯორაიამ.

საინიციატივო ჯგუფი მონიტორინგის პირველი შედეგების წარდგენას მას შემდეგ გეგმავს, რაც გამგებლობის კანდიდატები ცნობილი გახდებიან და მოქალაქეებთან მათი შეხვედრები დასრულდება.

რაც შეეხება ქალაქის გამგებლობის მსურველებს, ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსმა თეიმურაზ ბასილაიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ კანდიდატების განცხადებების მიღება მას შემდეგ დაიწყება, რაც შეიქმნება საკონკურსო და საჩივრების კომისიები. საკონკურსო კომისიას დაევალება განცხადებების მიღება, საჩივრების კომისია კი განიხილავს კანდიდატების სხვადასხვა სახის პრეტენზიებს. თეიმურაზ ბასილაიამ არ დააკონკრეტა, თუ რა ვადებში შეიქმნება კომისიები, თუმცა განმარტა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
XS
SM
MD
LG