Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდში საკონკურსო კომისიის შექმნას ითხოვენ


ზუგდიდი
ზუგდიდი
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. „ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფმა“, რომლის ორგანიზებითაც დაიწყო ეს პროცესი, ამ დროისთვის 500-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა.

საინიციატივო ჯგუფის წევრმა არჩილ თოდუამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ კომისიის შექმნა აუცილებელია, რათა მან კონტროლი გაუწიოს თანამდებობის პირთა კანონის ფარგლებში გათავისუფლებას და დანიშვნას. ჯგუფი მიიჩნევს, რომ კომისია გონივრულ ვადებში უნდა შეიქმნას, მით უფრო ახლა, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გარკვეული საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ ვიღაცების გათავისუფლებას, რომ ჩაანაცვლონ ისინი საკუთარი მხარდამჭერებით, თუმცა დადასტურებული ინფორმაცია ამის შესახებ არ გაგვაჩნია. საკადრო ცვლილებებს ვერ განახორციელებენ, სანამ საკონკურსო კომისია არ შეიქმნება“, - განაცხადა არჩილ თოდუამ.

მისივე განმარტებით, კომისიამ საკადრო ცვლილებებთან ერთად უნდა გააკონტროლოს უკვე დანიშნული პირების საქმიანობა, თუ როგორ ასრულებენ ისინი დაკისრებულ ვალდებულებებს. კომისიამ ასევე პერიოდულად უნდა ჩაატაროს თანამშრომელთა ატესტაცია, რათა ამ გზით იქნეს შემოწმებული მათი კვალიფიკაცია.
გამგეობის რამდენიმე თანამშრომელმა განცხადების დაწერის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურა და, უფრო მეტიც, ინფორმაცია დაგვიდასტურა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ...
მალხაზ ჭკადუა

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა. ის მიიჩნევს, რომ ზუგდიდში თანამდებობის პირები კონკურსის წესის გვერდის ავლით დაინიშნენ.

მალხაზ ჭკადუას თქმით, ორგანიზაციას აქვს ინფორმაცია, რომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ მოაწყო თათბირი, სადაც თანამშრომლებს გათავისუფლების თხოვნით განცხადების დაწერა მოსთხოვა.
„გამგეობის რამდენიმე თანამშრომელმა განცხადების დაწერის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურა და, უფრო მეტიც, ინფორმაცია დაგვიდასტურა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ. მან თქვა, რომ ეს არის პროცედურული საკითხი და არავის გაშვებას არ აპირებს და ეყრდნობა იმ გუნდს, რომელიც დახვდა. განცხადებებზე არ იყო მითითებული თარიღი, ანუ გაუგებარია მოტივაცია, რას აპირებს გამგეობა ამ შემთხვევაში“, - გვითხრა მალხაზ ჭკადუამ.
არავინ ამ ეტაპზე არ გათავისუფლებულა. მხოლოდ ორმა თანამშრომელმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა...
მაია ღურწკაია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ღურწკაიას განცხადებით, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ მართლაც ჩაატარა თათბირი, სადაც რამდენიმე თანამშრომელმა წასვლის შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა, თუმცა ეს განცხადებები ავტორებს გამგეობის კანცელარიაში არ დაუტოვებიათ.

„არავინ ამ ეტაპზე არ გათავისუფლებულა. მხოლოდ ორმა თანამშრომელმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა - ყოფილმა გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი გოგიამ“, - განაცხადა მაია ღურწკაიამ.

მისივე თქმით, გარკვეული რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები გამგეობაში იგეგმება, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც საკონკურსო კომისია შეიქმნება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა თეიმურაზ ბასილაიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„რამდენიმე ვარიანტი არის შემოსული. საკრებულოსაც აქვს თავისი ვარიანტი. რომელზე იმუშავებენ და რომელზე შეჯერდებიან, კომისია საბოლოოდ შეჯერებულს მიაწვდის საკრებულოს და შემდეგ კენჭისყრა მოხდება“, - განაცხადა თეიმურაზ ბასილაიამ.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას „ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფი“ კიდევ ორი კვირის განმავლობაში აპირებს.

კანონის თანახმად, საინიციატივო ჯგუფის მიმართვას მხარი უნდა დაუჭიროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მინიმუმ ერთმა პროცენტმა, რაც 1 350 ადამიანს შეადგენს.
XS
SM
MD
LG