Accessibility links

logo-print
ზუგდიდის ნაწილს საკანალიზაციო სისტემა საერთოდ არა აქვს, ნაწილში კი ის 1981 წელს დაამონტაჟეს და ახლა შეკეთებას საჭიროებს. სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო მოქალაქეების მოხმარებული წყალი მათ მიერვე გაყვანილი არხებით კანალიზაციის ჭებში ჩაედინება, ძლიერი წვიმის დროს ჭა ივსება და გადმოსული წყალი ქუჩებში მიედინება. ასევე წლების წინ აგებული გამწმენდი ნაგებობობა, სადაც კანალიზაციის წყალი უნდა გასუფთავდეს და მხოლოდ შემდეგ მოხვდეს მდინარეში, ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს. შედეგად, დაბინძურებული წყალი მდინარე ჩხოუშში ჩადის.

ჩიტაძის ქუჩაზე მცხოვრები ნანი კვარაცხელია გვიყვება, რომ მის უბანში მოქალაქეების დიდ ნაწილს კანალიზაციის ჭები ინდივიდუალურად აქვს გათხრილი:

„საშინელი სუნი ტრიალებს. წვიმის დროს ქუჩები ივსება წყლით. საარჩევნოდ რაღაცას აპირებდნენ... ქუჩებში ლამპიონები გააკეთეს, მაგრამ ამ კანალიზაციაზე არაფერი უთქვამთ“.
გამწმენდი დანადგარი ზუგდიდში საერთოდ არ არსებობს და ყველა ჭუჭყი მდინარეში მიდის - იქ, სადაც თევზებს იჭერენ. ჩვენ მთავარ პრობლემებს არ ვხედავთ, შორს ვიყურებით, ეს არის ჩვენი უბედურება...

ნანი კვარაცხელიას მსგავსად, საკანალიზაციო სისტემის არარსებობას ქალაქის მთავარ პრობლემად მიიჩნევენ რადიო თავისუფლების მიერ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული რესპონდენტები:

„ეს უკვე 20-25 წელია ქალაქს აწუხებს. არ ვიცი, ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი, მაგრამ მართლაც საშინელებაა“;

„არაფერს არ ფიქრობენ კანალიზაციაზე. მე 35 წელია აქ ვცხოვრობ და კანალიზაცია არც ყოფილა“;

„გამწმენდი დანადგარი ზუგდიდში საერთოდ არ არსებობს და ყველა ჭუჭყი მდინარეში მიდის - იქ, სადაც თევზებს იჭერენ. ჩვენ მთავარ პრობლემებს არ ვხედავთ, შორს ვიყურებით, ეს არის ჩვენი უბედურება“, - ამბობენ რესპონდენტები.
ზუგდიდში არსებული საკანალიზაციო სისტემა მოსახლეობის 70%-ს მოიცავს...

საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემის მშენებლობა–რეაბილიტაციას სამეგრელოში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს. კომპანიის ზუგდიდის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფოცხვერიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ზუგდიდში ახალი საკანალიზაციო მილების დამონტაჟებას, არსებულის რეაბილიტაციას და გამწმენდი ნაგებობის განახლებას 70 მილიონი ლარი სჭირდება. მისი თქმით, საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის მშენებლობის პროექტი შემუშავებულია, თუმცა მას ჯერ დამფინანსებელი არ ჰყავს.

„ზუგდიდში არსებული საკანალიზაციო სისტემა მოსახლეობის 70%-ს მოიცავს. რაც შეეხება შემუშავებულ პროექტს, ამის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენს კომპანიასა და „აზია ბანკს“ შორის. როდის მოხდება დაფინანსება, ამას მე ვერ გეტყვით“, - განაცხადა დავით ფოცხვერიამ.

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ზუგდიდში ვიზიტისას ინტერნეტგამოცემა livepress.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეგიონალური განვითარების ფონდის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების განხილვისას საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იყო საუბარი. მინისტრის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროექტი, რომელსაც თან ექნება დართული მის განსახორციელებლად დაახლოებით საჭირო ხარჯთაღრიცხვა, სამინისტროში უნდა გაგზავნოს. ამის შემდეგ სახელმწიფო კომისია შეისწავლის და პრიორიტეტების მიხედვით გადაარჩევს დასაფინანსებელ საკითხებს.

ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა გიორგი თოდუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ქალაქისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებთან ერთად გაგზავნილია ზუგდიდში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტიც. ზუგდიდის გამგეობა ახლა სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება.
XS
SM
MD
LG