Accessibility links

logo-print
აფხაზეთიდან დევნილი 70-მდე ოჯახი, რომლებიც ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფის და ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში ცხოვრობენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაპირებისამებრ, საცხოვრებელს ზუგდიდში ელოდებიან. იძულებით გადაადგილებული პირები ინფორმაციას არ ფლობენ, კონკრეტულად როდის მოხდება მათი განსახლება. სწორედ ამიტომ ისინი სამინისტროსგან ალტერნატიული ფართის მიღებამდე ამჟამინდელ საცხოვრებელში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

„წყალი არ გვაქვს, საპირფარეშო მოუწესრიგებელია. ყველგან სუნია. გვეუბნებიან, ვაშენებთ და სხვაგან გადაგიყვანთო, მაგრამ მანამდე ვითხოვთ, რომ აქ გაგვისუფთაონ, საშუალება მოგვცენ, რომ ნორმალურ პირობებში გავზარდოთ ბავშვები“, - გვითხრა აფხაზეთიდან დევნილმა ნანა შონიამ. ანტისანიტარიაზე საუბრობს მისი მეზობელი თინათინ გრიგოლიაც:

„აუტანელია ჩვენი პირობები. სრული უყურადღებობაა. წყლის გაყვანილობა არის ძველი, დაჟანგული, გაფუჭებული და სასმელ წყალს რაღაც სიბინძურეები მოჰყვება. პირობა მოგვცეს, გადაგიყვანთო, ესეც პირობად თუ არ დარჩა“.

დევნილების საცხოვრებელი ზუგდიში

დევნილების საცხოვრებელი ზუგდიში

ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრებმა 10-მდე დევნილმა გასულ კვირას საავადმყოფოს ეზოში კარავი გაშალა და შიმშილობა დაიწყო, ანტისანიტარული ვითარების გამო, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით. აქცია მეორე დღეს შეწყვიტეს, რადგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის მამუკა ცოტნიაშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის დასრულებამდე ობიექტს არ დაატოვებინებენ, ყველა აქ მცხოვრებს კი ახალ კორპუსში ალტერნატიულ ფართს მისცემენ.

უფრო ადრე ანალოგიური მოთხოვნით ასევე შიმშილობის აქცია პოლიტექნიკურ კოლეჯშის მცხოვრებლებმაც მოაწყვეს. როგორც თავად განაცხადეს, აქცია მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც არასამთავრობო ორგნიზაციებმა მათ სხვადასხვა სახის დახმარება გაუწიეს.

ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ხელმძღვანელ ირაკლი ქოჩუა რადიო თავისუფლებასთან საუბარში არ აკონკრეტებს დევნილთა განსახლების თარიღს. მისი განცხადებით, როცა ეს პროცესი დაიწყება, დევნილების საცხოვრებელი ზუგდიში

დევნილების საცხოვრებელი ზუგდიში

აუცილებლად იქნება გათვალისწინებული დევნილთა სურვილი საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. სამმართველოს ხელმძღვანელის ცნობით, მაისში ქალაქში რვა ოთხსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყება. დასახლება 280 ოჯახზეა გათვლილი.

„ვისაც სადაც აქვს ცხოვრების სურვილი, იმ რაიონში დავასახლებთ, მხოლოდ ეს ეტაპობრივად მოხდება, როცა დამთავრდება კორპუსების მშენებლობა ზუგდიდში, ფოთში... რეაბილიტაცია იგეგმება ხობში და აბაშაში. როგორც სხვა დავნილები, ასევე ესენიც დაკმაყოფილდებიან კრიტერიუმების მიხედვით“, - ამბობს ირაკლი ქოჩუა.

ირაკლი ქოჩუას თქმით, პირველ ეტაბზე ფართით დაკმაყოფილდებიან მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე დევნილები.

რაც შეეხება დახმარებას, რომელსაც დევნილები განსახლებამდე ითხოვენ, ირაკლი ქოჩუას თქმით, კორპუსებში მცირე სამუშაოების ჩატარება იგეგმება, თუმცა ეს არ იქნება საფუძვლიანი რემონტი.

ირაკლი ქოჩუას ცნობით, ზუგდიდში, ჯამში, 12 ათასი ოჯახია განსახლების მოლოდინში.
XS
SM
MD
LG