Accessibility links

logo-print

მოსახლეობა ქარხნის დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადატანას ითხოვს


საპარლამენტო უმცირესობის წევრის მარიამ საჯაიას ძმის, ნიკოლოზ საჯაიას საკუთრებაში არსებული შპს „ზუგდიდის საგზაო სამმართველოს“ წინააღმდეგ შესაძლოა პროკურატურაში საქმე აღიძრას.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ შპს-ს საკუთრებაში არსებულ ასფალტ-ბეტონის ქარხანას, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირშია განთავსებული, სამინისტრომ 25 იანვარს ფუნქციონირება აუკრძალა და, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79-ე პრიმა მუხლის თანახმად, ფულადი ჯარიმა დააკისრა. მუხლი გულისხმობს საქმიანობის განხორციელებას გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე და ჯარიმა შვიდი ათასიდან ათი ათას ლარამდე მერყეობს.

„ნოემბერ-დეკემბერში ქარხანა ფუნქციონირებდა ნებართვის გარეშე. 2013 წლის 25 იანვარს ჩვენი ინსპექტორები, მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე, ადგილზე გავიდნენ შესასწავლად და ქარხანა დააჯარიმეს. ამწუთში მათ ფუნქციონირების უფლება არ აქვთ. მათ დაიწყეს ნებართვაზე ხელახალი პროცედურა. 22 თებერვალს უნდა ყოფილიყო საჯარო განხილვა, რომელიც არ ჩატარდა. მათ საბუთები უკან გაითხოვეს. ამჟამად მათ ნებართვაზე ისევ შემოტანილი აქვთ განცხადება, მაგრამ ჯარიმის შემდეგ არ ჰქონდათ საქმიანობის გაგრძელების უფლება, რადგან ნებართვა გაცემული არ არის. ასეთ შემთხვევაში ეს უკვე დარღვევაა. ეს უკვე ჩვენს, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს, კომპეტენციას სცილდება და მასალები უნდა გადაიგზავნოს პროკურატურაში “, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მიუხედავად ფუნქციონირების აკრძალვისა, კომპანია ასფალტის დამზადებას დღემდე განაგრძობს. ადგილობრივების თქმით, დასახლების შუაგულში მდგარი ქარხნის გამონაბოლქვი და სატვირთო ავტომანქანების მიმოსვლის შედეგად შექმნილი მტვერი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. დასახლებული ტერიტორიიდან ქარხნის გადატანის მოთხოვნით, სოფელ ინგირის მოსახლეობამ სხვადასხვა დროს არაერთხელ მიმართა როგორც ზუგდიდის გამგეობას, ასევე ცენტრალურ მთავრობასაც.

„დღე მუშაობს ეს ქარხანა და ყოველდღეა მოძრაობაში. სულ კვამლით არის აქაურობა სავსე. მტვერი, იქიდან გამონაბოლქვი და მაზუთის სუნი ხალხს მაგრად აწუხებს. ეს ქარხანა მოსახლეობის შუაგულშია. მისი გადატანა უნდა მოხდეს სადმე დაუსახლებელ ადგილას“, - ამბობს კუკური ჭეჟია, რომლის სახლიდანაც ქარხანა 100 მეტრში მდებარეობს.

საწარმოს გადატანას ითხოვენ მისი მეზობლებიც:

„ეს ქარხანა ქვებს ტეხს და ასევე ასფალტსაც ამუშავებს. ამ მხრივ ისინი წყალს იყენებენ და შემდეგ ამ გამოყენებულ წყალს უშვებენ არხში, რომელიც მიმდებარე ტერიტორიას აბინძურებს“,-ამბობს ინგირის მკვიდრი დავით გაცაცია.

„მივმართეთ გამგეობას და გამგეობამ გვითხრა, ეს საქმე სასამართლოში შეიტანეთო. სასამართლოში თუ იყო ეს საქმე შესატანი, გამგეობამ რატომ არ მიმართა ?!“, - კითხულობს ქარხნის მოპირდაპირედ მცხოვრები ალიოშა ჭეჟია.
საწარმოს დირექტორის მოადგილე რამაზ ადეიშვილი ამბობს, რომ ქარხანა 70 წელია ფუნქციონირებს და გაუგებარია, ახლა რატომ გახდა განხილვის საგანი.
„70 წლის განმავლობაში, რაც დაარსდა ეს ქარხანა, იქ იყო განლაგებული და ახლა გახდა ეს საჭირბოროტო. მოსახლეობიდან მოშორებითაა და არავითარ პრობლემას არ უქმნის მათ. ახლა იმიტომ ლაპარაკობენ, რომ უნდათ მოასფალტებული გზა გავუკეთოთ. ამის თანხა სად მაქვს ახლა, მოსახლეობას გზა გავუკეთო. გზა იმისთვისაა, რომ მანქანამ გაიაროს. აბა, სად უნდა გაიაროს მანქანამ?!“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რამაზ ადეიშვილმა.
მისი განცხადებით, ქარხნის საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.

ნიკოლოზ საჯაიას კომპანია წლებია მსხვილ სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებს სამეგრელოში. ამჟამად კომპანია სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გზების შეკეთებითაა დაკავებული.
XS
SM
MD
LG