Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ცხოვრება ციხის შემდეგ


ვიტალიმ ზუგდიდის N4 სასჯელაღსრულების დაწესებულება ოქტომბერში დატოვა. ის პირობით მსჯავრდებულია და ახლა, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დახელოვნების კურსებს გადის.

ვიტალიმ გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ჩაწერაზე დამთანხმდა. გაკვეთილებზე მიმავალს, გზაში გავესაუბრე. ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ საკუთარ ადგილს ვერ პოულობდა, არ უნდოდა უმუშევარ ბიჭებთან ერთად ისევ ე.წ. ბირჟაზე დროის ხარჯვა. სწორედ ამიტომ, როცა კურსების შესახებ შემოთავაზება მიიღო, დასთანხმდა. ახლა ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება ჯფუფში. ვიტალი ავტომანქანების ძრავის შეკეთებას სწავლობს.

„უსაქმურობისა და კიდევ რაღაც-რაღაცების გამო იმედი მქონდა დაკარგული, მაგრამ ახლა, როცა გავიგე ასეთი კურსების შესახებ, მიხარია. ყველას უხარია, ვინც იქ დადის. სერტიფიკატს მოგვცემენ... ყველანაირად გვეხმარებიან“, - ამბობს მსჯავრდებული.

სასწავლო კურსებს ვიტალი საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთში“ გადის. სწორედ ეს ორგანიზაცია ახორციელებს ზუგდიდში მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას. ცენტრმა პრობაციის ზუგდიდის ბიუროსთან თანამშრომლობით შეარჩია პრობაციონერები და შეადგინა პროფესიული სწავლების ჯგუფები.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა თეა კაჭარავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ცენტრი ორ პროექტს ახორციელებს - „დანაშაულის პრევენციის პროექტს“, რომელიც პრობაციონერთა პროფესიულ სწავლებას გულისხმობს, და „ფსიქორეაბილიტაციის პროექტს“, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები, საჭიროებისამებრ, ჯგუფურად ან ინდივიდუალურად შეხვდებიან ფსიქოლოგს. ცენტრში ამ დროისთვის შექმნილია ავტომანქანისა და კომპიუტერის შეკეთების პროფესიული სწავლების ჯგუფები. თეა კაჭარავას თქმით, კურსების დამთავრების შემდეგ, რომლის ხანგრძლივობაც 4 თვეა, პრობაციონერი თვდაჯერებულია, რაც სამსახურის შოვნაში დაეხმარება:

„მათ გააჩნიათ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც პროგრამაში ჩართვამდე არ გააჩნდათ ან ჰქონდათ, მაგრამ დაბალი დოზით. მათ შუძლიათ ჰქონდეთ თავისი პროფესია. უნარ-ჩვევები, რომლებსაც ისინი შეიძენენ, არის დამატებითი საშუალება სამსახურის დასაწყებად“.

თეა კაჭარავას თქმით, დღეის მონაცემებით, პროფესიული სწავლების კურსებში 50, ხოლო ფსიქორეაბილიტაციის პროექტში 20 ბენეფიციარია ჩართული.

სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ყოფილი პატიმრები ხშირად ფსიქორეაბილიტაციას ეკლესიის დახმარებით ახერხებენ.

ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ციხის დატოვების შემდეგ მოქალაქეთა დიდი ნაწილი დახმარებისთვის სწორედ ეკლესიას მიმართავს, რადგან აქ ნდობის ფაქტორი მაღალია:

„ადამიანებთან კონტაქტი, მით უმეტეს, სახელმწიფო მოხელესთან და ძალისმიერი სტრუქტურების მაღალჩინოსნებთან ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს ადამიანები ემსახურებიან კანონს, აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, უხეშდებიან. თანამდებობის პირები არიან - ჩვეულებრივი მოვლენაა - და პატიმარს, დამნაშავეს არ უყურებენ იმ კუთხით, რომ ის მონანულია, გამოსწორება უნდა. აქ, ეკლესიაში, ნდობის მაღალი ფაქტორია, რადგან ეს ღვთის მიერ დაარსებული ინსტიტუტია“.

მალხაზ ჭანტურიას თქმით, ყოფილა შემთხვევები, როცა ეკლესიის დახმარებით ყოფილი პატიმარი გამოსწორებულა და ახალი ცხოვრება დაუწყია, თუმცა ის აქვე დასძენს, რომ მსგავსი მაგალითები არცთუ ისე ბევრია. დეკანოზის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსული პირებისთვის ძნელია ინტეგრირება ისეთ გარემოში, სადაც უმუშევრობის დონე მაღალია და საზოგადოება მათ მიმართ არ არის კეთილგანწყობილი.
XS
SM
MD
LG