Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მოუვლელი ბაღები - მთავრობის უმოქმედობა თუ მოსახლეობის დაუდევრობა?


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდში განთავსებულ პატარა სკვერებსა და ბაღებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ქალაქის ბოტანიკური ბაღია, სადაც ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში სხვადასხვა ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეების ნაწილი უკვე განადგურებულია.
მცენარეები ნაწილობრივ ასევე გამხმარია ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით რამდენიმე წლის წინ გაშენებულ მერაბ კოსტავას სახელობის პარკში. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადგილობრივებმა განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ პარკის მოვლაზე შესაბამისი სამსახურები დროდადრო ზრუნავდნენ, მცენარეების ნაწილი პარკის გაშენებიდან რამდენიმე თვეში გახმა.

ბოტანიკურ ბაღში, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და, შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში აცხადებდნენ, რომ მისი მოვლა-პატრონობა მათ კომპეტენციაში არ შედის, მეორე თვეა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ბაღი ეკონომიკის სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას საკუთრებაში 2011 წელს გადასცა და ახლა აქ გაწმენდით სამუშაოებს ა.ი.პ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობის ცენტრი“ ახორციელებს.

ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ცავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხე-მცენარეებს სპეციალური კომისია შეისწავლის და მათი ლიკვიდაცია შესაბამისი სამსახურებიდან ნებართვის გაცემის შემდეგ ხდება:

„36 ხე იყო აქ დათვლილი ისეთი, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მოჭრას. ამ დროისთვის ჩვენ უკვე ამოვასუფთავეთ აუზი, რომელიც დანაგვიანებული იყო, გავაკეთეთ სკამები, პატარა ხიდიც შევაკეთეთ“.

„კეთილმოწყობის ცენტრს“ ბაღთან ერთად ევალება ქალაქში არსებული პატარა სკვერების მოვლა. გიორგი ცავას თქმით, დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად სამსახურს ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელიწადში 154 ათასი ლარი ერიცხება.

თუ ჩამოვიტანეთ თავის დროზე რაღაც ნარგავი, რომელიც დაირგა, მოირწყა თავის დროზე, მაგრამ ახლა არ ვუვლით, ე.ი. ფულს ვხარჯავთ და ვკარგავთ არაფერში. აქ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხია, როგორ მოუვლი შენს პარკს...
მალხაზ ჭკადუა
რადიო თავისუფლების კითხვას, თუ რამ გამოიწვია მცენარეთა ნაწილის გახმობა კოსტავას სახელობის პარკში, გირგი ცავამ განაცხადა:
„ვერ გეტყვით, რადგან ერთი და იმავე სახეობის მცენარეები ერთ მხარეს ყვავის, მეორე მხარეს გახმა. მოწვეული იყო სპეციალური კომისია ნიადაგის შესასწავლად, გაითხარა დამატებითი არხები, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ისევ გახმა ექვსი ძირი ხე“.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორ მალხაზ ჭკადუას თქმით, ქალაქის სკვერებსა თუ ბაღებზე ზრუნვა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოქალაქეებსაც ეკისრებათ:

„თუ ჩამოვიტანეთ თავის დროზე რაღაც ნარგავი, რომელიც დაირგა, მოირწყა თავის დროზე, მაგრამ ახლა არ ვუვლით, ე.ი. ფულს ვხარჯავთ და ვკარგავთ არაფერში. აქ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხია, როგორ მოუვლი შენს პარკს, როგორ განავითარებ შენს ყოფით კულტურას“.
ქალაქის სკვერებისა და ბაღების მთავარ პრობლემად რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული რესპონდენტები დანაგვიანებას ასახელებენ და მთავარ დამნაშავედ ამ საკითხში ისევ მოქალაქეებს მიიჩნევენ:

„ხალხი არ არის მოწადინებული, რომ სისუფთავე იყოს. ანტისანიტარიაა.
ახლოს ნაგვის ყუთია და იქ არ ყრიან, პირდაპირ ყრიან ნაგავს. ახალგაზრდები არ იზრდებიან ისე, როგორც ჩვენ გვინდა“, - ამბობს 83 წლის ოთარ გოგილავა.
მას არ ეთანხმება 21 წლის მარიამ გუგუჩია:

„მარტო ახალგაზრდების პრობლემა არაა ეს. ამაში ახალგაზრდებთან ერთად დამნაშავე ხანდაზმულებიც არიან“.

„უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც გაკეთებულია. არ აქვს მნიშვნელობა ახალმა მთავრობამ გააკეთა თუ ძველმა. ხომ არის რაღაც გაკეთებული“, - ამბობს ზუგდიდის მკვიდრი რევაზ სამუშია.

მოსახლეობა პარკების დანაგვიანებასთან ერთად ნარგავებსაც უდიერად ეპყრობა, - ამბობენ „კეთილმოწყობის ცენტრში“, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ თანდათანობით ისინი პარკებში „მოქცევის წესებსაც“ სწავლობენ. გიორგი ცავას თქმით, დაგეგმილია უახლოეს ხანებში ქალაქში ახალი მცენარეები დაირგას.
XS
SM
MD
LG