Accessibility links

logo-print

მოქალაქეები სოფლის განვითარების შესახებ და ჩაის კულტურის ბედი სამეგრელოში


თხილის მოსავლის აღება

თხილის მოსავლის აღება

სამეგრელოს სოფლებში მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა წლის მოსავალი უკვე მოიწია. მიუხედავად იმისა, რომ გლეხები მიღებული შედეგით უკმაყოფილონი არ არიან, ფიქრობენ, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეს არ შეცვლის. მიზეზად სოფლის მეურნეობის პროდუქტების ერთფეროვნებას და მათზე ქართულ ბაზარზე არსებულ დაბალ ფასებს ასახელებენ.

ამჟამად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ძირითადი მოსავალი თხილი და სიმინდია. მარცვლეულის ფასი არასტაბილურია. გლეხები ამბობენ, რომ ძნელი დასადგენია წლის რომელ პერიოდშია უმჯობესი მიღებული მოსავლის რეალიზება.

არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს რადიო თავისუფლების რესპონდენტები სოფელში ძველი და თითქმის გადაშენებული სუბტროპიკული კულტურის აღორძინებაში ხედავენ.

„მოსავალს არა უშავს წელს, მაგრამ როცა მოსავალი მეტია, ფასია ნაკლები და როცა ნაკლებია, მასზე ფასია მეტი. ეს ჩვენ არ გვაწყობს. გლეხს, რომელიც პროდუქტს ყიდის, უნდა, რომ ფასი იყოს მაღალი“, - ამბობს სოფელ კახათში მცხოვრები ლუიზა ნაყოფია.

„ადრე ჩაი იყო და მას კარგი შემოსავალი ჰქონდა გლეხისთვის. ახლა კი მარტო თხილის იმედად ვართ და კიდევ, შეიძლება ითქვას, სიმინდისაც. ეს არის ჩვენი ერთადერთი შემოსავალი. 1993 წელს, როცა არეულობა იყო, მას შემდეგ დაიშალა ჩაის ფაბრიკები და ახლა არ არის არაფერი“, - გვითხრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მცხოვრებმა ნაზი ჩახაიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი თოდუას თქმით, გამგეობა დაინტერესებულია ჩაის კულტურის განვითარებით და ამ კუთხით პოლაპარაკებას აწარმოებს ინვესტორებთან, თუმცა პროცესს აფერხებს ის ფაქტი, რომ ტერიტორია, სადაც ადრე ჩაის პლანტაციები იყო განლაგებული, არ არის ადგილობრივი გამგეობის ბალანსზე:

„ამ დროისთვის ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩაის პლანტაციების 1000-ზე მეტი ჰექტარია შენარჩუნებული. აქედან ნახევარი ნორმალურ მდგომარეობაშია, ნახევარი კი - გაველურებული. ესენი იყო ჯერ კიდევ კოლმეურნეობის პერიოდიდან კოოპერატივების საკუთრება. უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მომავალი წლისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უნდა გადმოვიდეს და ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის“.

გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ასევე თვლის, რომ სოფლის განვითარებას ხელს შეუწყობს ის პროგრამები, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე ახორციელებს. ამასთან, სამეგრელოში წელს უხვი მოსავლის მიღებას გიორგი თოდუა გლეხისთვის სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ დახმარებას, დროულად მიწის დამუშავებას და საჭირო მინერალების გაცემას უკავშირებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სოფლის გაძლიერებისთვის შემუშავებულ სისტემას არაეფექტურს უწოდებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი. მეტიც, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და კონცეფცია სახელმწიფოს არ გააჩნია და ის პროგრამები, რასაც სამინისტრო ახორციელებს, არ არის გათვლილი გლეხის კეთილდღეობაზე:

„კრედიტები, რომელსაც სახელმწიფო აპირებს გასცეს ამ მიმართულებით, არ მოგვცემენ ეფექტს. ამ კრედიტის თავმდები გლეხი ვერ იქნება. საჭიროა სპეციალური აგრო-საკრედიტო სისტემა, კოოპერაციების, ურთიერთთანადგომის, გარანტიებისა და თავდებობის, რომელიც იქნება თავად საქართველოს გლეხობის კოოპერაციული საკუთრება“.

პაატა კოღუაშვილი ეთანხმება მოქალაქეთა პოზიციას სუბტროპიკული კულტურის აღორძინების აუცილებლობის შესახებ. მისი თქმით, დასავლეთ საქართველოს სოფლების გადარჩენა წლების წინ სწორედ ჩაის კულტურამ მოახერხა.

ექსპერტი სახელმწიფოს ურჩევს თავდაპირველად მოიძიოს შესაფერისი სპეციალისტები და უკვე შემდეგ იფიქროს ფაბრიკა-ქარხნების აღდგენასა თუ მშენებლობაზე.
XS
SM
MD
LG