Accessibility links

მოსწავლეთა ნაწილი ოკუპირებულ რეგიონში სწავლაზე უარს ამბობს


სკოლა გალის რაიონში

სკოლა გალის რაიონში

ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები მოზარდების ნაწილი უკვე არაერთი წელია აფხაზეთში მდებარე სკოლებში სწავლობს. მიზეზი ამ სკოლების ტერიტორიული სიახლოვეა. ვითარება, ოკუპირებული გალის რაიონის აფხაზური ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, ახლახან შეიცვალა.

სოფელ ხურჩაში მცხოვრებ ბავშვებს მოსაზღვრე სოფლის, ოკუპირებული ნაბაკევის, სკოლაში წასვლის უფლებას რუსეთის სამხედროები არ აძლევენ. მშობლების თქმით, სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციას დაპირება მოსწავლის საშვის დამზადების შესახებ, რომლითაც მოზარდებს ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლება მიეცემოდათ, ამ დრომდე არ შეუსრულებია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის თემში - ხურჩაში - მცხოვრები თეონა ნარმანიას ორი შვილი ოკუპირებულ რეგიონში იმ მიზეზით სწავლობდა, რომ ნაბაკევის სკოლა მათი სახლიდან 1 კილომეტრით, ხოლო კოკის 3 კილომეტრითაა დაშორებული.

მიუხედავად დიდი სურვილისა, მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეებს სწავლა კვლავ ნაბაკევში გაეგრძელებინათ, ე.წ. საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვის მიზეზით, ისინი ხვალიდან კოკის საჯარო სკოლაში ივლიან. შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას თეონა ნარმანია დღეიდან შეუდგა:
„რასაც შეგვპირდნენ, გადასასვლელ საშვებს გაგიკეთებთო, არ გაუკეთებიათ. 11 ბავშვი იყო იყო ადრე, ვინც იქეთ გადადიოდა და ახლა ნახევარმა ზუგდიდის სკოლებში შეიყვანა ბავშვი. მაღალკლასელებს არ აწყობთ აქეთ გადმოსვლა და ჯერ არ გადაუწყვეტიათ. არადა, კვირაში ერთხელ ახერხებენ გადასვლას, აქ მეცადინეობენ მასწავლებელთან“.

როგორც მითხრეს, კიდევ აპირებენ გადმოყვანას და ამის მიზეზი არის ის, რომ მათ დაპირდნენ და მიუხედავად ამისა საზღვარზე გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. გუშინ ვინც იყვნენ მშობლები, მითხრეს, რომ ერთი თვეაო ბავშვები სახლში გვყავსო სკოლის გარეშე და წაიღეს ჩემგან მოთხოვნა...
იმავე მიზეზით ნაბაკევის სკოლიდან შვილის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო რადიო თავისუფლების კიდევ ერთმა რესპონდენტმა, ნაბაკევში მცხოვრებმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მისი 7 წლის შვილი დედასთან ერთად ხურჩაში ცხოვრობს და სკოლაში მისასვლელად ყოველდღიურად ე.წ. საზღვარი, ღელე ხურჩიაზე გადებული ხიდი, უნდა გადაეკვეთა.

რესპონდენტის ცნობით, ნაბაკევის სკოლა ე.წ. საზღვარზე შექმნილი შეზუდვების გამო 10-მა ბავშვმა დატოვა:

„საზღვარზე ბავშვი ერთი- ორჯერ შეაშინეს და ძაან განიცდის. არადა, არ უნდა სხვა სკოლაში გადასვლა, რადგან უკვე მიჩვეულია მასწავლებლებს, ბავშვებს, სკოლას. უნდა გადავიყვანო სხვა სკოლაში, ჯერ არ გადამიწყვეტია, სად“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლის დირექტორმა დალილა ჩიქავამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ბოლო დღეებში სკოლაში უკვე მიიღეს სოფელ ხურჩაში მცხოვრები 6 მოზარდი:

„როგორც მითხრეს, კიდევ აპირებენ გადმოყვანას და ამის მიზეზი არის ის, რომ მათ დაპირდნენ და მიუხედავად ამისა საზღვარზე გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. გუშინ ვინც იყვნენ მშობლები, მითხრეს, რომ ერთი თვეაო ბავშვები სახლში გვყავსო სკოლის გარეშე და წაიღეს ჩემგან მოთხოვნა“.
დალილა ჩიქავას თქმით, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე განათლების სამინისტროს მიერ დანიშნული მიკროავტობუსი იზრუნებს.

ხურჩაში მცხოვრები ბაშვებისთვის გამყოფი ხაზის იქით მდებარე სკოლებში სწავლის აკრძალვის გადაწყვეტილება ოკუპირებული გალის რაიონის აფხაზური ადმინისტრაციის უფროსმა მიიღო. ბესლან არშბას განცხადებით, სოფელი ხურჩა საქართველოს ტერიტორიაზეა და აფხაზური მხარე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ბავშვებზე, რომლებიც უცხო სახელმწიფოში ცხოვრობენ:
„იმის გამო, რომ ბავშვებს არ აქვთ შესაბამისი დოკუმენტები, რომ საზღვარი გადაკვეთონ, ჩვენ დახმარება არ შეგვიძლია. ვუთხარი, რომ მზად ვართ სწავლის პირობები შევუქმნათ, თუ აქ ნათესავებთან იცხოვრებენ, მაგრამ მშობლებმა თქვეს, რომ ამის გაკეთება არ შეუძლიათ და ბავშვები აფხაზეთის საზღვარზე უნდა გავატაროთ, მაგრამ შესაბამისი დოკუმენტების არარსებობის გამო ვერაფრით დავეხმარებით“.

გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბესლან არშბას განცხადებითვე, ადგილობრივ სკოლებში შეუძლიათ ისწავლონ მხოლოდ იმ ბავშვებმა, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ აფხაზეთის მიმართულებით აღდგება „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრები, აცხადებენ, რომ განათლების საკითხი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
XS
SM
MD
LG