Accessibility links

logo-print

ახალი გუბერნატორის დაპირებები და თანამშრომელთა მოლოდინი


„სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულად, გუბერნატორად, დაინიშნა ლევან შონია. ჩემი მინისტრობის დროს იყო ძალიან გამორჩეული სამხარეო უფროსი. იგი არის პროფესიით სამართალმცოდნე, კვალიფიკაცია გავლილი აქვს აშშ-ში. ბატონი ლევანი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, გახლავთ ვახტანგ გორგასლის ორდენის ორგზის კავალერი და ღირსების ორდენის კავალერი, ძალიან მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს ლევანი სამეგრელოში და კარგად იცის ამ კუთხის პრობლემები და ღირსეული მამულიშვილია“, - ასე დაახასიათა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რწმუნებული ლევან შონია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობაზე წარდგენისას.

ლევან შონია რეგიონებში ახლად დანიშნულ ცხრა გუბერნატორს შორის ერთ-ერთია, ვისაც ადრე ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის სამხარეო პოლიციის უფროსად 2012 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ მუშაობდა. 1999-2004 წლებში ასევე იყო გულუას სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი.

ლევან შონია რომ რეგიონის რწმუნებულის თანამდებობაზე განიხილებოდა, ამაზე ერთი თვით ადრე დაიწყეს ზუგდიდში ლაპარაკი, თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამჟამინდელი გუბერნატორი გამორიცხავდა საკუთარ კანდიდატურას და აცხადებდა, რომ თავისი საქმე აქვს, სადაც მუშაობას აგრძელებს. 13 დეკემბერს კი, პრემიერ-მინისტრის მიერ გუბერნატორის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ლევან შონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ჯარისკაცია და სადაც ეტყვიან, იქ მიდის.

სამხარეო ადმინისტრაციაში ლევან შონია, სხვა გუბერნატორებისგან განსხვავებით, გვიან მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ადმინისტრაციაში გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გამოცხადდა, თანამშრომლები ადგილზე დახვდნენ. შონიამ კაბინეტი დაათვალიერა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამჯერად მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლება, სხვა დროს კი, მედიის წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ მასთან კომუნიკაციის პრობლემა არ შეიქმნება.

ნურაფერს ნუ მკითხავთ, ახლა მაინც ვერ გიპასუხებთ. ერთს გეტყვით, პრიორიტეტი იქნება დასაქმება, რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. საკადრო ცვლილებები ჯერ არ იქნება - ვიმუშავებ იმ პირად შემადგენლობასთან...
რწმუნებულმა დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა. თბილისიდან ჩამოსულმა, მიზეზად თოვლის გამო გზებზე არსებული შეზღუდვები დაასახელა. ახლად დანიშნული გუბერნატორი პირველი კომენტარისას ღელავდა:

„ნურაფერს ნუ მკითხავთ, ახლა მაინც ვერ გიპასუხებთ. ერთს გეტყვით, პრიორიტეტი იქნება დასაქმება, რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. საკადრო ცვლილებები ჯერ არ იქნება - ვიმუშავებ იმ პირად შემადგენლობასთან, ვინც არის წარმოდგენილი. მოადგილეებზეც ნუ მკითხავთ, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები და არ არის გადაწყვეტილი“.

ლევან შონიას განცხადებამ, რომ 60 დღის განმავლობაში სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები არ მოხდება, განსაკუთრებით გაახარა გუბერნიის თანამშრომლები, რადგანაც, როგორც ჟურნალისტებთან პირად საუბარში ამბობენ, აქვთ მოლოდინი, რომ ახალი გუბერნატორი მოქმედ თანამშრომლებს დაითხოვს.

გუბერნატორის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ის, რომ ხელი შეუწყოს რეგიონალური განვითარების პროგრამების განვითარებას...
მიუხედავად ამ მოლოდინისა, ამ დროისთვის ყველა თანამშრომელი აცხადებს, რომ მზადაა ახალ გუბერნატორთან იმუშაოს. ახალი რწმუნებულის მოლოდინში, აი, რა განუცხადა ჟურნალისტებს გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსმა აკაკი სალარიძემ:

„ყველა თანამშრომელი ვაგრძელებთ მუშაობას. იმედი გვაქვს მომავალში თანამშრომლობის“.

რაც შეეხება ლევან შონიას მიერ დასახელებულ პრიორიტეტს, რეგიონში მოქალაქეთა დასაქმებას, ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება რეგიონალური პროგრამების განვითარება - ასე მიიჩნევს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ალექსანდრე სვანიშვილი:

„გუბერნატორის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ის, რომ ხელი შეუწყოს რეგიონალური განვითარების პროგრამების განვითარებას. თუ ის ამ პროგრამებში გაითვალისწინებს ასეთ საკითხებს, მაშინ შესაძლებელი იქნება ხელი შეუწყოს მოქალაქეთა დასაქმებას“.

ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ ამ დრომდე გაურკვეველი რჩება გუბერნატორების როლი თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტის მიხედვით.
XS
SM
MD
LG