Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ეზოებში მოწყობილი „ნაგავსაყრელები“


ზუგდიდი
ზუგდიდი
ზუგდიდის სოფელ ცაიშში მუნიციპალიტეტის ერთადერთი ნაგავსაყრელი, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, 2010 წელს დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს მოეწყო. სოფლის მკვიდრნი ამბობენ, რომ ნაგავსაყრელზე სულ კვამლია, განსაკუთრებით ზაფხულში - იწვის ნარჩენები, რის გამოც მწერები მომრავლდნენ. იქიდან რამდენიმე მეტრში მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწებია, ამიტომ ადგილობრივ მცხოვრებლებს განსაკუთრებით საკვები პროდუქტის დაბინძურების შიში აქვთ.
მოქალაქეების თქმით, თავიდანვე სოფელში ნაგავსაყრელის მოწყობის წინააღმდეგნი იყვნენ და ამიტომ, პროტესტის ნიშნად, გზაც კი გადაკეტეს, მაგრამ მათი მოთხოვნა მაშინ არავინ გაითვალისწინა. ადგილობრივ მოსახლეობას თავისი გასაჭირი არაერთხელ დაუფიქსირებია ჟურნალისტებთან საუბარში, თუმცა ნაგავსაყრელთან დაკავშირებით დიდად არაფერი შეცვლილა. აი, რას ამბობენ ნაგავსაყრელის სიახლოვეს მცხოვრები როზა ჯღარკავა და მიმოზა სახურია:

„როცა კვამლი აინთება და აქეთ წამოვა, გვეშინია ბავშვები არ მოგვეწამლონ“.
„მოვითხოვთ ეს ნაგავი უფრო დამუშავდეს, უფრო შეიწამლოს. ისე გააკეთონ, ადამიანისთვის საშიში, რომ არ იყოს“.

კონკრეტულად რა სახის ზიანი შეიძლება მიადგეს ნაგავსაყრელის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობას, უცნობია ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისისთვის, რომელმაც ცაიშის ნაგავსაყრელზე არსებული ვითარება შეისწავლა და პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვა, რეკომენდაციის სახით, ჯერ კიდევ ზაფხულში შესთავაზა ზუგდიდის გამგეობას და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს:

„ნაგავსაყრელი უნდა შემოიღობოს ისე, რომ იქ ვერ მოხვდეს პირუტყვი. უნდა მოეწყოს ნაგავსაყრელის ქვეშ გაუმტარი ფსკერი-შემკრები არხი, რათა არ მოხდეს გრუნტის წყლისა და ნიადაგის დაბინძურება. უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რომ არ მოხდეს ნარჩენების ღიად დაწვა, მით უმეტეს, რომ ეს კანონითაც აკრძალულია საქართველოში, და ნაგავსაყრელზე უნდა მოეწყოს სპეციალური თხრილები, სადაც პერიოდულად დაიმარხება დაგროვილი ნარჩენები“.

ნაგავსაყრელი სუფთავდება, იზოლაცია ხდება, გადაფარვა ხდება, დაიტკეპნება და არავითარი პრობლემა იქ არ იქნება...
აბესალომ ჯღარკავა
ორგანიზაციის საპასუხოდ რადიო თავისუფლებასთან საუბარში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემავალი შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის“ უფროსი კოორდინატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში აბესალომ ჯღარკავა აცხადებს, რომ ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარება უკვე დაწყებულია. ამ კომპანიას ნაგავსაყრელის მოვლა-პატრონობა რამდენიმე თვის წინ დაევალა. მანამდე მის სამუშაოს ააიპ „ზუგდიდდასუფთავების“ ცენტრი ასრულებდა:

„ნაგავსაყრელი სუფთავდება, იზოლაცია ხდება, გადაფარვა ხდება, დაიტკეპნება და არავითარი პრობლემა იქ არ იქნება“, - ამბობს აბესალომ ჯღარკავა.

ჩვენ ვთხრით ორმოებს სახლში და იქ ვყრით ნაგავს...
ლელა თოდუა
ნაგავსაყრელთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასთან ერთად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ, ფინანსური შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, აუცილებელია გამგეობამ დასუფთავების გადასახადი სავალდებულო გახადოს, განსაკუთრებით ზაფხულში, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. არჩილ თოდუას თქმით, მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებელი ახლაც არსებობს, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მას არ იხდიან და ასეთი პირების მიმართ არ არსებობს შესაბამისი სანქციები.

„ზუგდიდდასუფთავების“ მწირი შესაძლებლობების გამოა, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებიდან სამსახურს საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ გააქვს. სოფელ ნარაზენში, ოქტომბერსა და განმუხურში მცხოვრებმა მოქალაქეებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ნაგავს საკუთარი ძალებით იშორებენ:

„ჩვენ ვთხრით ორმოებს სახლში და იქ ვყრით ნაგავს“, - გვეუბნება სოფელ ნარაზენში მცხოვრები ლელა თოდუა, რომელსაც ნათქვამს უდასტურებს მისი თანასოფლელი. განმუხურის მკვიდრი ლიანა თორია კი გვეუბნება, რომ ხშირად უნახავს მოქალაქეები ნარჩენებს როგორ ყრიან სოფლის ღელეებში.
„წლებია ეს ასეა - ეზოში ვთხრით ორმოს და იქ ვყრით ნარჩენებს. აბა, ყველგან ხომ ვერ მივა ნაგვის მანქანა?“, - კითხულობს სოფელ ოქტომბერში მცხოვრები ნარგიზა ჯანჯღავა.

ააიპ „ზუგდიდდასუფთავების“დირექტორის ნუგზარ მოლაშხიას განცხადებით, მიმდინარე წელს მის სამსახურს, გასულის მსგავსად, მილიონ რვაასი ათასი ლარი ერგო ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ამ თანხით კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 33 სოფლის დასუფთავება შეუძლებელია.

ამასთან, სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ყოველწლიურად პროგრესი მაინც შეიმჩნევა. მაგალითად, წელს „ზუგდიდდასუფთავებამ“ ნაგვის ურნები ქალაქის მთავარ ტრასებზე განათავსა.
XS
SM
MD
LG