Accessibility links

logo-print

ზუგდიდის სოფლებში ნაგვის ბუნკერების მოწყობას ითხოვენ


ზუგდიდი

ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები საკუთარ სოფლებში ნაგვის ბუნკერების მოწყობას ითხოვენ. შესაბამისი წინადადება მათ საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომაზე გაახმაურეს. კომისიები გამგეობის სამსახურების დებულებათა განსახილველად შეიკრიბნენ. შეკრებაზე დეპუტატების დისკუსია გამოიწვია მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების საკითხმა. სწორედ მისი განხილვისას წამოჭრა ჭაქვინჯის მაჟორიტარმა გია ჩუხუამ სოფელში ნაგვის ურნების განთავსების აუცილებლობის თემა:

„ამას ვპირდებოდი ხალხს, ყველაფერი მოეწყობა - ეს იქნება, ის იქნება-მეთქი, და თუ ვერ გავაკეთეთ, აბა, რისთვის ვართ აქ?! მე გეუბნებით, თუ ეს მოეწყო, ხალხი ფულს გადაიხდის. პარკებით ზუგდიდის ბუნკერში მოაქვთ ნაგავი“.

სოფელ ნარაზენის მაჟორიტარი დეპუტატის ლაშა თოდუას თქმით, ნაგვის ბუნკერის არარსებობის გამო ნარაზენში გარემო ბინძურდება:

„ცენტრში არის ყველაფერი თავმოყრილი - სკოლა, ამბულატორია, საბავშვო ბაღი, მაღაზიები - და კარგი იქნება, თუ ერთ ბუნკერს დავდგამთ აქ. საშინელი მდგომარეობაა. გზაზე, ზუგდიდში რომ მოდიხარ, ყველაფერი ქუჩაში ყრია - ეს პამპერსები და ა.შ.“.

ჭაქვინჯის მაჟორიტარი დეპუტატის კითხვას, თუ რატომ არ ხდებოდა დღემდე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ორგანიზება, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელმა, რუსლან კილასონიამ, უპასუხა, მოუწესრიგებელია სოფლების შიდა გზები და ნაგვის გამტანი მანქანებისთვის მიუვალია ადგილები, რაც ქმნის პრობლემებსო. რუსლან კილასონიას განცხადებით, ნარჩენების გატანა ხდება იმ სოფლებიდან, სადაც ცენტრალური გზა გადის და მოსაკრებელს სწორედ აქ აწესებენ. სოფლებში, სადაც დასუფთავების სამსახური მუშაობს, იურიდიულ პირზე 1 კუბურ მეტრზე 25 ლარი, ხოლო ფიზიკურ პირზე 0, 50 ლარია. ამასთან, რუსლან კილასონიას თქმით, სოფლის მკვიდრთ მძიმე სოციალური პირობების გამო უჭირთ შესაბამისი თანხის გადახდა, რაც დამატებით პრობლემებს შეუქმნის გამგეობას. მისი განმარტებითვე, არსებობს კიდევ ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი, რაც ქალაქსა და მუნიციპალიტეტს შორის ქონების გაყოფამ გამოიწვია:

„ქალაქს გადაეცა დასუფთავების სამსახური, ამიტომ ჩვენ დაგვრჩა ერთი გზა, გავაფორმოთ მემორანდუმი იმ კომპანიასთან, რომელიც არის ქალაქში, რომ მოგვემსახურონ ჩვენ“.

თავის მხრივ, იურიდიულ და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მაიზერ ნანავამ, მაჟორიტარებს შეახსენა საკრებულოს თავმჯდომარის შეთავაზება:

„მან სოფლის მაჟორიტარებს სთხოვა - წარადგინეთ თქვენი პრიორიტეტები, რა საკითხები აქვს სოფელს დაგროვილი. შენ გაქვს ეს პრობლემა, ხო? შენ შეგიძლია, როგორც მაჟორიტარს, წარადგინო ეს ყველაფერი და ჩვენ ხელს შეგიწყობთ, მხარში ამოგიდგებით, რომ სოფლის ცენტრში დაიდგას ნაგვის ურნა, მაგრამ შენ უნდა იყო პასუხისმგებელი, რომ გადაიხდის ის ადამიანი ამ თანხას“.

კომისიის სხდომაზე დეპუტატები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ წარმოდგენილი საკითხები ისევ განიხილონ ჯერ ბიუროს, შემდეგ კი საკრებულოს სხდომაზე. აპარატის უფროსის ცნობით, საკრებულოს სხდომა სექტემბრის პირველ რიცხვებში გაიმართება, მანამდე კი შესაბამისი კომისიები შეისწავლიან წარდგენილ პროექტებს.

XS
SM
MD
LG