Accessibility links

მოზარდთა ბენდის დაფინანსების საკითხმა საკრებულოში დავა გამოიწვია


ზუგდიდი

ზუგდიდი

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე დავა გამოიწვია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბენდის, „ზუგდიდის", დაფინანსების საკითხმა. საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ბენდის დაფინანსების შესახებ საკითხი წინა საკრებულოს სხდომებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა და ამაზე ბევრიც იდავა. საბოლოოდ კი, დაფინანსების შემდეგ, ქალაქის მერმა ანსამბლს, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა ბულგარეთის ქალაქ ვარნას ფესტივალზე, ზუგდიდში თავად გადასცა სიგელი და შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი არ ესწრებოდა.

„ეს ბენდი რამდენჯერმე იყო მერიაში და მას ბიუჯეტში თანხის არქონის გამო უარი უთხრეს და გააბრუნეს უკან. ალბათ, კოლეგებს გახსოვთ, როცა აქ სხდომაზე ესწრებოდნენ მშობლები და ჩვენმა ფრაქციამ წარადგინა მათი პრობლემები, საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ეს საკითხი გაიტანეს. მე ისიც მესმის, რომ ეს საკითხი შეგიძლიათ გაიტანოთ, მაგრამ, მე მგონი, მერიის მხრიდან ძალიან უხერხულია, როცა ამ ამბავს ასე აპიარებთ ტაშ-ფანდურით და ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი, საიდან წამოვიდა ეს წინადადება, ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი არათუ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელმაც დააყენა ეს საკითხი, არამედ საკრებულოზე “, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მის საპასუხოდ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ განმარტა, რომ თავდაპირველად ბენდი ითხოვდა წევრების 300-300 ევროთი დაფინანსებას, რის საშუალებასაც ადგილობრივი ბიუჯეტი არ იძლევა. შესაბამისად, მისი განმარტებით, ქალაქის მერიამ მუსიკალური გუნდი ისე დააფინანსა, როგორც შეეძლო:

„ერთი ბავშვი, რომელიც უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტებზე... მოგვმართა სასახლის ხელმძღვანელმა და გვითხრა, რომ თუ ეს ბავშვი ვერ წავიდოდა, ფაქტიურად ბენდი ვერ დაუკრავს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაფინანსეთ სოციალურად დაუცველი ორი ბავშვი და ერთი ეს ბავშვი, წამყვანი ვინც იყო“.

მერს ამ სიტყვების გამო ანა წითლიძემ მატყუარა უწოდა. თავის მხრივ, ირაკლი გოგოხიამ საკრებულოს წევრს ჭკუის სწავლისკენ მოუწოდა და დარბაზი დატოვა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუას განცხადებით, ბენდის დაფინანსების საკითხზე დავა საკრებულოს წინა სხდომებზეც იყო:

„მსგავს თემაზე პოლემიკა იქნება, ეს გასაკვირი არ არის. იქნება კამათი, პოლემიკა. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე იყო. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. აბა, როგორ გინდათ?! არის საკითხები, რომელიც შეიძლება ორ წუთში და სამ წუთში ვერ გადაწყდეს“.

ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბენდის, „ზუგდიდის", წევრებს მერიაში 2 სექტემბერს უმასპინძლა. მერმა ახალგაზრდა მუსიკოსები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ზუგდიდის ბენდმა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ ფესტივალზე პირველი ადგილი და ჟიურის სპეციალური ჯილდო მიიღო.

XS
SM
MD
LG