Accessibility links

logo-print

ზუგდიდში საბავშვო ბაღების დიდი ნაწილი ახალ სასწავლო წელს ძველი პრობლემებით ხვდება


ზუგდიდში მოქმედი სახელმწიფო საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს 1 ოქტომბერს იწყებენ. სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობის თითქმის ერთი თვის დაგვიანებით დაწყება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ცვლილებებმა გამოიწვია - კერძოდ, თვითმმართველ ზუგდიდში ქალაქსა და თემს შორის ქონების გაყოფამ და მასთან დაკავშირებულმა პროცედურებმა.

ახალ სასწავლო წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი 57 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დიდი ნაწილი ძველი პრობლემებით ხვდება. უმრავლესობა ისევ საფუძვლიან სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, რადგან, გასული წლების მსგავსად, ახლაც მხოლოდ ზედაპირული, ანუ, როგორც საბავშვო ბაღების პედაგოგები ამბობენ, კოსმეტიკური რემონტი კეთდება. ზუგდიდში მოქმედი საბავშვო ბაღები საძინებლებისა და საჭირო ინვენტარის უქონლობის გამო აღსაზრდელების დაძინებას ვერ უზრუნველყოფენ. ამ პრობლემების პარალელურად, ბაღებში მოუწესრიგებელი რჩება სველი წერტილები, გაუმართავია გამდინარე და ცხელი წყლის სისტემა.

60-იან წლებში აშენებული ზუგდიდის #4 საბავშვო ბაღი, როგორც პედაგოგები ამბობენ, უკვე რემონტს არ ექვემდებარება. ორსართულიან კორპუსში წლებია მნიშვნელოვანი სამუშაოები არ ჩატარებულა. საბავშვო ბაღში შესვლისთანავე რასაც უმალვე იგრძნობთ, ზუგდიდში თითქმის ყველა სახელმწიფო ბაღისთვის დამახასიათებელი ნესტის სუნია:

„ყველაზე მტკივნეული რაც არის, მოუწესრიგებელია საპირფარეშო. ძალიან ცუდია, როცა ბავშვი პირველად მოდის ბაღში და ასეთი საშინელი, გატყავებული ბაღი ხვდება. არადა, ის უნდა იყოს ძალიან ფერადი და ლამაზი“, - ამბობს აღმზრდელ-პედაგოგი იზა ნაჭყებია. მისივე განმარტებით, მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, #4 ბაღი მშობლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ბაღი მსურველებს ვერ იტევს. ამას ახალგაზრდა პედაგოგი ბავშვებისადმი აღმზრდელების თბილი დამოკიდებულებით და დაწესებულების კარგი ადგილმდებარეობით ხსნის. იზა ნაჭყებია ამბობს, რომ აღსაზრდელების რაოდენობა ორჯერ აღემატება დადგენილ ნორმას - 25 -ს, რაც პედაგოგს განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის:

„ბავშვების რაოდენობა ყველა ჯგუფში 45-მდეა. ძალიან პატარა ოთახებია და ბავშვი ბევრია. საპირფარეშოში ორი უნიტაზია და უნდა იყოს 10. ბავშვები რიგში დგანან, ერთმანეთს ელოდებიან“.

ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობენ 1921 წელს გახსნილ #1 საბავშვო ბაღში. ეს შენობაც, მეოთხე სააღმზრდელო დაწესებულების მსგავსად, მნიშვნელოვან სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. გამგე ხათუნა გულორდავას განცხადებით, ხელისუფლება, მწირი ბიუჯეტის გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად ეხმარება დაწესებულებას. ახალი სასწავლო წლისთვის ბაღში ოთახების შეღებვას გეგმავენ. მეოთხე ბაღისგან განსხვავებით, ამ დაწესებულებას დამატებით კიდევ ერთი პრობლემა აქვს, რაც ქალაქში მოქმედი 16 საბავშვო ბაღიდან დიდ ნაწილს აწუხებს:

„ჯერჯერობით მოუგვარებელი პრობლემაა, დევნილები რომ გვყავს ბაღში. 16 ოჯახი ცხოვრობს ჩვენთან. სამწუხაროდ, არ არის ტევადობა, არ გვაქვს ფართი, არ გვაქვს ჯგუფები“.

პარალელურად, სააღმზრდელო დაწესებულების პედაგოგები მწირ ხელფასებს უჩივიან, რომელიც საარსებო მინიმუმს ბევრად ჩამორჩება. ნახევარ განაკვეთზე მყოფ აღმზრდელ-პედაგოგს 90 ლარამდე ანაზღაურება აქვს ყოველთვიურად, სრულ განაკვეთზე მომუშავეები კი 170-190 ლარს იღებენ. ბაღის გამგის ხელფასი 200 ლარს არ აღემატება.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების შესახებ ინფორმირებულნი არიან სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში და ადგილობრივ თვითმმართველობაში. ცენტრის დირექტორის მარინა კვიკვინიას განცხადებით, ჩამოთვლილი პრობლემების დიდი წილი 2015 წელს უნდა მოგვარდეს: „ჩვენ დიდი რემონტები გადატანილი გვაქვს 2015 წლისთვის. ახლა, ამ მოკლე ხანში, შეუძლებელი იყო ამ ყველაფრის მოსწრება“.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიას მტკიცებით, საკრებულომ იმსჯელა ქალაქში არსებული საბავშვო ბაღების მძიმე მდგომარეობაზე:

„ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ კომისია, სადაც ჩაერთვებიან ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლები, ასევე საკრებულოს წარმომადგენლები. სულ ცოტახანში ჩვენ გვექნება საერთო სურათი, რა ტიპის რეაბილიტაციისა და განახლების სამუშაოებია საჭირო. ამის შემდეგ მოხდება პოლიტიკის შემუშავება“.

მისივე ცნობით, უკვე დაიწყო მუშაობა 2015 წლის ბიუჯეტზე, სადაც ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი პედაგოგების ანაზღაურებაა. საკრებულო გეგმავს აღმზრდელების ხელფასი სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბროს.

XS
SM
MD
LG