Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მზადება საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსისთვის


ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაიწყო მზადება საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსისთვის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე აირჩია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. შერჩეულია ასევე კომისიის წევრები. ქალაქ ზუგდიდის საკრებულო კი საატესტაციო კომისიის ინსტრუქციის დამტკიცებას და კომისიის თავმჯდომარის არჩევას უახლოეს სხდომაზე გეგმავს.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად აირჩიეს წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი, საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია. მან დეპუტატებს კონკურსისთვის კანონით დადგენილი პირობები გააცნო:

„სულ იქნება 60 კითხვა. კონსტიტუციიდან 5 კითხვა შევა, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიიდან - 5 კითხვა, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონიდან შევა 20 კითხვა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან - 5 კითხვა, საჯარო სამსახურის შესახებ -10 და უნარ-ჩვევებიდან - 15 კითხვა. მინიმალური პროცენტი ტესტირებისას იქნება 50%“.

მუნიციპალიტეტში ასევე დაკომპლექტებულია კომისიის შემადგენლობა. საკრებულოს აპარატის უფროს ნატალია პაპასკირის განცხადებით, მიმდინარეობს კონსულტაციები შვიდკაციანი კომისიის მეშვიდე წევრთან დაკავშირებით. აპარატის უფროსის განცხადებით, სავარაუდოდ, კომისია შეჯერდება, რომ მეშვიდე წევრი იყოს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის წარმომადგენელი:

„თავმჯდომარის მოადგილე იქნება გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბაკურ კვეტენაძე. იქნება საკრებულოს წევრი მაიზერ ნანავა; რამდენადაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს სხდომაზე მოითხოვა კომისიაში ყოფნა, იქნება წარმომადგენელი გელა თოლორაია; საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებიდან - ვლადიმერ ალანია, საზოგადოება „ზუგდიდელიდან“ იქნება ბატონი მურმან ნაჭყებია“.

ნატალია პაპასკირის განცხადებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ გაითვალისწინა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ წერილობითი მოთხოვნა და მისი ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი კონკურსის მიმდინარეობას დააკვირდება.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავლილი პროცედურები ჯერ წინ აქვს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს. აქ კომისიის თავმჯდომარის არჩევა ხვალ დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე მოუწევთ დეპუტატებს. განსხვავებით თემისგან, აქ ორი კანდიდატის - საკრებულოს თავმჯდომარისა და ქალაქის მერის - წარდგენას ელოდებიან დეპუტატები. ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ მხარს საკრებულოს თავმჯდომარეს დაუჭერს. ფრაქციის წევრ ანა წითლიძის განცხადებით, ქალაქის მერიაში დასაქმებულთა შორის არიან მერის ნათესავებიც, ამიტომ საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ მისი დანიშვნა მიუღებელია. „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს მათი ერთი წევრი შევიდეს კომისიის შემადგენლობაში:

„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი წარმომადგენელი იყოს კომისიაში. ზოგადად პრაქტიკა უჩვენებს, რომ ეს დანიშნული პირები, მოვალეობის შემსრულებლები ვინც არიან, მათი 90% შემდეგ ისევ რჩება თანამდებობაზე. ამიტომ მე ახლა ვერ გეტყვით, იმის მოლოდინი მქონდეს, რომ ეს კომისია იქნება იმდენად ობიექტური, რომ გაითვალისწინებენ ატესტაციის შედეგად მოსულ და არა პოლიტიკური ნიშნით მოსულ ადამიანებს“.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია დარწმუნებულია, რომ კომისია ობიექტური იქნება და საჯარო მოხელეები შეირჩევიან კანონის სრული დაცვით. მისი თქმით, დებულებას, რომლითაც იხელმძღვანელებს კომისია, საკრებულოში ხვალ განიხილავენ. მერაბ ქვარაიას განცხადებით, კომისიის თავმჯდომარის კანდიდატებთან დაკავშირებით დღეს საუბარი ნაადრევია, რადგან ესეც საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე გადაწყდება:

„ეს უკვე შემდგომი ეტაპია, მაგრამ... კომისიაში აუცილებლად იქნებიან ჩართული როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც სარგებლობენ სანდოობის მაღალი ხარისხით. ჩვენ ვეცდებით, რომ ამ კომისიას სანდოობის მაღალი ხარისხი ჰქონდეს“.

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი იქნება მიღებული მონაცემების გადარჩევა, მეორე - ტესტირება, მესამე კი - გასაუბრება. ჯერჯერობით უცნობია კონკურსის ჩატარების ზუსტი თარიღი.

XS
SM
MD
LG