Accessibility links

logo-print

ზამთარი ახლოვდება და მოსახლეობის მთავარი საზრუნავი ხდება სახლის გათბობა. უკვე შემოდგომაზე იწყება ფიქრი იმაზე, გათბობის რომელი საშუალება იქნება ხელმისაწვდომი. ამ მხრივ არჩევანი დიდია: შეშა, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და თხილის ნაჭუჭი, რომელიც დასავლეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახდა პოპულარული. ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ, სწორედ თანხის დასაზოგად, უპირატესობას ბუნებრივ აირს ანიჭებენ. ამასთან, ისიც გახდა ცნობილი, რომ ზამთარში სამეგრელოს კერძო სახლების დიდ ნაწილში თბილი მხოლოდ ერთი ან ორი ოთახი იქნება, თანხის ეკონომიის მიზნით:

„უფრო იაფია გაზი. ის უკეთ ათბობს, ვიდრე ელექტროენერგია. თუ კარგად ჩართე და ღამეც ჩართე, შეიძლება 180 ლარამდეც მიხვიდე. ნუ, ჩვენ ეკონომიურად ვხმარობთ და ოროთახიან ბინაში თვეში 100-120 ლარი გვიჯდება“, - ამბობს ზუგდიდელი კოტე ჩილაჩავა. მის მსგავსად, ასევე ბუნებრივ აირს ანიჭებს უპირატესობას ნუნუ კვარაცხელია:

„გაზი, რა თქმა უნდა. ვათბობ ერთ ოთახს, იმიტომ რომ არ არის საშუალება სხვა ოთახი გავათბოთ. ვათბობ იმ ოთახს, სადაც ვართ“.

„ელექტროენერგიასთან შედარებით, უფრო იაფია და ეკონომიას იძლევა გაზი“, - ამბობს თენგიზ ფალიანი. მისგან განსხვავებით, მიუხედავად სურვილისა, ბუნებრივი აირის სახლში შეყვანა წელს ვერ მოახერხა მანანა გრიგოლაიამ.

„შეშით ვთბებით. გაზი არ მაქვს შემოყვანილი. ჩემი შორია და 1000-ლარამდე მაინც ჯდება. ვერ ვახერხებ ყველა ოთახის გათბობას, იმიტომ რომ ფეჩი და შეშა მაქვს ერთ ოთახში“.

მოსახლეობის მიერ ზუგდიდში ბუნებრივი აირისთვის უპირატესობის მინიჭება, შედარებით დაბალ ფასთან ერთად, კიდევ ერთი ფაქტორითაა გამოწვეული. ბოლო ორი წელია შეშის მოპოვება გართულდა - შესაბამისად, ბაზარზე მკვეთრად შემცირდა მისი რეალიზაცია.

თუ ძალიან მოინდომებთ და „ნაცნობებში“ გაიკითხავთ, ამ დროისთვის 3-4 თვის სამყოფი შეშის ყიდვას 500-600 ლარად შეძლებთ. ფასი დამოკიდებულია შეშის ხარისხზეც.

რაც შეეხება მისი მოპოვების პროცედურას, ის იგივე დარჩა, რაც იყო გასულ წელს. კერძოდ, გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფიზიკურმა პირმა სამინისტროს მიერვე გამოყოფილ ტყეკაფში შეშის მოპოვების ნებართვა უნდა მიიღოს. ამისთვის ის ბანკში იხდის ხე-ტყის მოპოვების მოსაკრებელს, ერთ კუბურ მეტრზე 3 ლარს, და მომსახურების ასევე 3 ლარს. ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოპოვების შემდეგ კი ის სოფლის მეტყევეს უკავშირდება, რომელიც მას გამოყოფილ ტყეკაფს უჩვენებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის“ კოორდინატორმა სამეგრელო-ზემო სვანეთში მაია კოდუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, გასულ წელთან შედარებით, ეს პროცესი წელს უფრო მოწესრიგებულია, რადგან მოქალაქეებმაც ისწავლეს ყველა საჭირო პროცედურა. ამასთან, მაია კოდუას ცნობით, მიუხედავად გარემოს დაცვის მხრიდან ასეთი კონტროლისა, მაინც არის ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები:

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი რამ მაინც ხდება. ჩვენ შევეცადეთ იმის გარკვევას, თუ როგორ ახერხებენ ისინი შეშის მოპოვებას, იმიტომ რომ ვიცით, ვიღაც ჭრის შეშას ტყეში უნებართვოდ, თუმცა ვინ, ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ“.

მაია კოდუას თქმით, მისი ორგანიზაცია ამ ეტაპზე სწორედ ხე-ტყის ასეთი უკანონო ჭრის ფაქტების დადგენაზე მუშაობს. კოდუას განცხადებით, წელს გამოიკვეთა ერთი დადებითი ფაქტიც: თუ მოსახლეობა შეშის მომარაგებას უკვე ზამთარში იწყებდა და ამინდის გაუარესების მიზეზით ტყეკაფებში მისვლა უჭირდა, წელს ეს გამოსწორდა. „ახლა ჩვენ დავინახეთ, რომ მოსახლეობამ სახლის გათბობაზე ზრუნვა გაცილებით ადრე დაიწყო“, - ამბობს მაია კოდუა.

ოჯახების ის ნაწილი, რომელმაც, ფასის მიუხედავად, არჩევანი მაინც შეშაზე გააკეთა ეკონომიის მიზნით, როგორც დამხმარე საშუალებას, თხილის ნაჭუჭს იყენებს. წელს კი, თხილის ფასის მსგავსად, გაზრდილია ნაჭუჭის ღირებულებაც. ამ დროისთვის ერთი კილოგრამი თხილის ნაჭუჭი 20 თეთრი ღირს, როცა შარშან 15 თეთრად ფასობდა.

ჯამში, ირკვევა: მიუხედავად იმისა, გათბობის რომელ საშუალებას აირჩევს ოჯახი, მას ამისთვის 3-4- თვის განმავლობაში 400-დან 1000 ლარამდე დასჭირდება. ეს დამოკიდეული იქნება იმაზე, თუ რამდენ ოთახს გაათბობს.

XS
SM
MD
LG