Accessibility links

logo-print

ალადობის წინააღმდეგ ზუგდიდში, კინოთეატრ „ატრიუმთან“, მშვიდობიანი აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობა სხვადასხვა ფორმით დაგმეს. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ძალადობის თემაზე ნამუშევრები შექმნეს, მსახიობებმა პერფორმანსი წარმოადგინეს. მშვიდობიან აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა - მათ შორის, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა - სპეციალურად მათთვის გამზადებულ დაფაზე საკუთარი ფრაზები დაწერეს.

სევდიანი ქალის პორტრეტი, ცრემლიანი ბავშვები, რომლებიც მშობლების კამათს აკვირდებიან, მამაკაცის შეკრული მუშტი - მსგავსი ნამუშევრებით გამოხატეს ოჯახსა და საზოგადოებაში ძალადობა ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა. 10 წლის ლევან კანკიამ დაახლოებით თავისივე ასაკის გოგო დახატა, ის რკინის გისოსებშია გამომწყვდეული.

„ეს გოგო სახლშია გამოკეტილი. ეს ქამარი იმას ნიშნავს, რომ მასზე ძალადობა იყო. ეს პატარა ჯამი და პატარა პურის ნატეხი იმას ნიშნავს, რომ მას დიდ ყურდღებას არ აქცევენ“, - განმარტავს ლევან კანკია.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობმა გიორგი ქობალიამ დღევანდელი აქციისთვის პერფორმანსი მოამზადა. ის ჩაკეტილ სივრცეშია, რომელსაც, არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ბოლოს თავს მაინც აღწევს:

„მე ვეცადე, რომ ეს ჩარჩო, რაც არსებობს ქალზე, როგორც თვლიან, ის დამემტვრია, აი, ამ ნომრით, რასაც კედელი ჰქვია. ეს არის სიმბოლური, პატარა ჩარჩოდან გასვლის ნოველა“, - ამბობს მსახიობი.

„არა ძალადობას“, „დავიცვათ ოჯახი“, „არა კაც კლა“, „ვგმობ ძალადობას“, „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას“ - მსგავსი ფრაზები ჭარბობდა დაფაზე, სადაც მშვიდობიან აქციაზე მისული მოქალაქეები საკუთარ აზრს აფიქსირებდნენ.

„არა ძალადობას - ამაში არ ვგულისხმობ მარტო იმას, რომ ქალი იყოს კაცისგან დაცული. ძალადობა შეიძლება იყოს ოჯახის წევრებს შორის, ძალადობა შეიძლება იყოს მეზობლებს შორის, ძალადობა შეიძლება იყოს სამსახურში და მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ. მის მსგავსად, დაფაზე წარწერები გააკეთეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქალაქისა და თემის საკრებულოების წარმომადგენლებმა. ისინი დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებულმა სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბმა შეკრიბა.

„აქციის მიზანია სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ძალადობასთან დაკავშირებით. დღეს საზოგადოების ყველა ფენა შეუერთდა ამ აქციას და დააფიქსირეს ერთიანი პოზიცია“, - აცხადებს ნათია ბჟალავა, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის პროექტის კოორდინატორის მოადგილე.

მშვიდობიანი აქცია რამდენიმე საათში დასრულდა, სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შექმნილი ნახატები და წარწერები კი კინოთეატრ „ატრიუმთან“ გამოიფინა.

XS
SM
MD
LG