Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ გამოსვლებში ხშირად აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გარემოს გაუმჯობესებაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება 22 სექტემბერს გაეროს შტაბბინაში გენერალური ასამბლეის 29-ე სპეციალურ სესიაზეც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „2013 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება. შემდგომ, 2014 წლის იანვარში, საქართველოს მთავრობამ მიიღო ახალი სამოქმედო გეგმა შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის შესახებ“.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნახსენები სამოქმედო გეგმის ფარგლებში სამუშაოები დაგეგმილია ზუგდიდში. როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ამბობენ, ამ მხრივ ძირითად ცვლილებებს 2015 წელს უნდა ველოდოთ.

რა რეალობაა ახლა და შეიცვალა თუ არა ამ კუთხით რამე ბოლო წლების მანძილზე? - კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს ზუგდიდში მცხოვრებ რუსლან საჯაიას:

„მოუწესრიგებელია ტროტუარები, გზები. მე როცა ეტლით გადავადგილდები, მიწევს ავტოსავალი ნაწილით სარგებლობა, რაც არ არის უსაფრთხო. საჯარო უწყებები, საზოგადოების მომსახურების შენობები არ არის ადაპტირებული. პანდუსების 96-97% სტანდარტებს არ შეესაბამება“.

რუსლან საჯაია არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰანგის“ ხელმძღვანელია, რომელიც ჩამოთვლილ პრობლემებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში აყენებდა განხილვის საგნად. მიუხედავად ამისა, საფუძვლიანი ცვლილება ჯერ არ განხორციელებულა. რუსლან საჯაია აცხადებს, რომ განსაკუთრებული იმედი ცვლილებებისა ახლა გაჩნდა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა ამ პრობლემით დაინტერესდა და გაჩნდა სურვილი ერთობლივი პროგრამების განხორციელებისა:

„მივიღეთ მკაფიო დაპირება, რომ წლის ბოლოდან უკვე დაიწყება ამ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა“.

პრობლემები არებობს არამარტო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ჯერჯერობით მოქალაქეთა ნაწილისთვის ხელმიუწვდომელი რჩება განათლება. როგორც მოზარდების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „ნერგების“ ხელმძღვანელი იამზე ალფენიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში მუშაობს სახელმწიფო პროგრამა ინკლუზიური განათლების შესახებ, მოზარდების ნაწილი ვერ ახერხებს სათანადო ფორმით განათლების მიღებას:

„სკოლის წინ პანდუსის გაკეთება არ არის საკმარისი. არ არის ყველასთვის თანაბარი გარემო, არ არიან მომზადებული სპეციალისტები. მე ჩვეულებრივ მასწავლებელთან პრეტენზია არ მაქვს, რადგან მას არ აქვს შესაბამისი განათლება, რათა იმუშაოს ჩვეულებრივ გაკვეთილზე ინკლუზიურ ბავშვთან ერთად“.

იამზე ალფენიძე ასევე აღნიშნავს, რომ ასეთი პრობლემებისგან შეზუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი დაზღვეულია დღის ცენტრში, რომელიც სპეციალურად მათ საჭიროებებზეა გათვლილი. ამასთან, ის განმარტავს, რომ ასეთი დღის ცენტრი ზუგდიდში ერთია, რომელსაც, ფართის სიმცირის მიზეზით და სტანდარტებით დადგენილი ნორმების თანახმად, მხოლოდ 14 ბავშვის მიღება შეუძლია, მსურველი კი გაცილებით მეტია. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასევე ადასტურებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან პრობლემების მოგვარების დაპირება არსებობს, გაცემული დაპირებების შესრულება კი, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, 2015 წელს დაიწყება.

„მიმდინარეობს მუშაობა ხელმისაწვდომობის საბჭოს პროექტზე და დებულებაზე. ეს საბჭო შეიქმნება უახლოეს პერიოდში. იქნება მუდმივ კავშირში ადგილობრივ თვითმმართველობასთან იმ პრობლემებზე სამუშაოდ, რომელიც გააჩნიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს“, - აცხადებს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია. მისი თქმით, ზუგდიდის მერია უახლოეს დღეებში წარადგენს 2015 წლის ბიუჯეტის გეგმას, სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად ჩაინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები.

საკითხზე მუშაობა რომ მიმდინარეობს, ადასტურებს ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია. ის აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შენობების დიდი ნაწილი არ არის ადაპტირებული. მათ შორის ასახელებს ქალაქის მერიის შენობას, სადაც ლიფტით სარგებლობა ეტლით მოსარგებლისთვის შეუძლებელია. ირაკლი გოგოხიას თქმით, მომავალში შენობის რეკონსტრუქცია როგორც მერიაში, ისე ქალაქის მასშტაბით მოხდება მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებით და სტანდარტის დაცვით. შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად უწყებას გამოცხადებული აქვს ტენდერი.

„ქალაქში პანდუსების მოწყობაზე 2014 წელს გამოცხადებული იყო ტენდერი, მაგრამ მონაწილეობა არავინ არ მიიღო. ჩვენ ხელახლა გამოვაცხადეთ ტენდერი, პროექტი დავხვეწეთ და მგონია, რომ ამ პრობლემას ძალიან მალე მოვაგვარებთ“.

ქალაქის მერის განცხადებით, სახელმწიფოს სამოქმედო გეგმა ზუგდიდში განრიგის მიხედვით შესრულდება.

XS
SM
MD
LG