Accessibility links

logo-print

თავისუფალმა დემოკრატებმა ზუგდიდის საკრებულოებში უმრავლესობა დატოვეს


პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა ქალაქ ზუგდიდისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოებში უმრავლესობა დატოვეს. შესაბამისი განცხადება ორივე საკრებულოში დეპუტატებმა დღეს გააკეთეს. მანამდე, „თვისუფალი დემოკრატების“ მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვების მიუხედავად, პარტიის ზუგდიდელი წევრები აცხადებდნენ, რომ ცვლილებები ადგილობრივ დონეზე ჯერჯერობით არ იგეგმება. ამასთან, ზოგიერთმა წევრმა ისიც თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას თბილისში დაგეგმილი პარტიის ყრილობის შემდეგ მიიღებდნენ. აღსანიშნავია, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ კოალიციის დატოვებით „ქართულ ოცნებას“ არც ქალაქის და არც მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა არ დაუკარგავს.

ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატორების“ თავმჯდომარე ლაშა ფარცვანიას განცხადებით, უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თბილისში პარტიის ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს, გამომდინარე ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე:

„მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა იმ დაპირებაზე, რაც მივეცით ამომრჩევლებს. ჩვენ ერთგული ვიქნებით იმ ღირებულებების, რის გამოც ნდობის მანდატი მოგვცა ამომრჩეველმა. აუცილებლად ვითანამშრომლებთ უმრავლესობასთან ყველა იმ საკითხზე, რაც დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობისა და ქალაქის კეთილდღეობასთან“.

ლაშა ფარცვანიას განცხადებით, მომავალში ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატორები“ იფუნქციონირებს იმავე შემადგენლობით და ახალი სახელწოდებით. სახელწოდებას შეიცვლის ფრაქცია მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც.

„ჩვენ სულ ექვსი პირი ვართ. სამ-სამი წევრი ვართ წარმოდგენილი საკრებულოებში. ჩვენ მოვილაპარაკეთ და ერთობლივად მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება: ვტოვებთ უმრავლესობას, მაგრამ ვრჩებით ამომრჩევლის ერთგული“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ფრაქცია „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ცოტნე მურღულიამ.

თანაპარტიელებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო ხობის საკრებულოს წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ლაშა გვასალიამ. მან პარტია გასულ კვირაში დატოვა. ზუგდიდში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ლაშა გვასალიამ განაცხადა, რომ პარტიასთან ერთად ხობის საკრებულოში მოქმედი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიც“ დატოვა.

„რაც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა გააკეთეს, ის განცხადებები ჩემთვის მიუღებელია. ამ განცხადებებს ვაიგივებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებთან, რომელსაც მთელი ორი წლის განმავლობაში აკეთებდნენ. განცხადებები, რომ მთავრობა მიდის არა ევროატლანტიკური, არამედ მიდის რაღაც ჩრდილოული გზით, ჩემთვის მიუღებელია“.

ლაშა გვასალიას გასვლის შემდეგ ხობის საკრებულოში ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებში“ სამი წევრი დარჩა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის დატოვა მისმა თავმჯდომარემ, როსტევან გვარამიამ. შესაბამისად, ფრაქცია დაიშალა, რადგან მისი არსებობისთვის 3 წევრია საჭირო. როსტომ გვარამიას განცხადებით, ის თავისუფალი დეპუტატია და არც ერთ პარტიაში არ ყოფილა, დატოვების მიზეზად კი გვარამია განმარტავს, რომ „ის ეროვნული კაცია და „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებები მისთვის მიუღებელია“.

მიუხედავად ოპოზიციაში გადასვლისა, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები ზუგდიდში აცხადებენ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას არ გეგმავენ. ისინი მომავალშიც უმრავლესობასთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებენ.

XS
SM
MD
LG