Accessibility links

logo-print

სოციალურად დაუცველი დევნილები სამინისტროს მიერ მინიჭებულ ქულებს ასაჩივრებენ


დევნილთა ერთ-ერთი საცხოვრებელი ზუგდიდში

დევნილთა ერთ-ერთი საცხოვრებელი ზუგდიდში

ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის ტერიტორიულ ორგანოში მოქალაქეთა რიგი უკვე ერთი კვირაა არ იკლებს. აქ, ზუგდიდში, ბინის მიღების მსურველი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან შეკრებილი. ახალი საცხოვრებლის მიღების განსაკუთრებითდიდი იმედიჰქონდათ სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს. ბინის მისაღებად საჭირო ქულების გაცნობის შემდეგ მათი იმედი პროტესტის გრძნობამ შეცვალა. ოჯახების ნაწილი მინიჭებულ ქულებს არ ეთანხმება, რომლის მიხედვითაც ისინი ამ ეტაპზე ახალ ფართს ვერ მიიღებენ. უკმაყოფილო მოქალაქეები ქულებს აპროტესტებენ და განცხადებას წერენ, მისი გადამოწმების მოთხოვნით. დღეს, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, საჩივრის შეტანა გრძელი რიგის გამო ვერ მოახერხა გალიდან დევნილმა 25 წლის ნანა წოწერიამ. ის დასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, ონარიის დასახლებაში, ერთ ოთახში ცხოვრობს, თუმცა, როგორც მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, ოთახს მათ საცხოვრებელს მხოლოდ სიმბოლურად თუ უწოდებ:

„უკიდურესი მდგომარეობა მაქვს. მაწვიმს, საშინელი ოთახია. კარებს გარედან რომ შეხედო, ისეთი საშინელია, სული რომ შეუბერო, შეიძლება ჩამოინგრეს. ფანჯარა ჩატეხილია. რა ვიცი, უკიდურესი ზომაა, უკიდურესი დონე. საერთოდ, არანაირი საშუალება არ მაქვს. ფიზიკურად ხან რას ვშრომობ და ხან რას. როგორ შეიძლება ასეთი უყურადღებობა?! მშობლები არ მყავს, 108 ლარი მაქვს დახმარება. აი, ამით ვცხოვრობთ“.

ნანა ამბობს, რომ მინიჭებული ექვსი ქულით ბინის მიღების შანსი ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან საკმაოდ არიან 9 და 10-ქულიანი ოჯახები. ამასთან, ნანას ვერ გაურკვევია, რატომ მიენიჭა ასეთი დაბალი ქულა. იქნებ იმის გამო, რომ ტელევიზორი მაქვს? - კითხულობს ის. მასავით ბევრი კითხვა დაუგროვდათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სხვა ოჯახებს, რომლებიც, როგორც თავად ამტკიცებენ, სიღარიბის ზღვარს ქვევით იმყოფებიან. მათ გასულ კვირაში საპროტესტო აქციაც კი მოაწყვეს, ქულების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით:

„მოვითხოვ ხელახლა იქნეს დათვლილი ქულები, თორემ არ დარიგდება ბინები“, „ჩვენ ამ ქულებს ვაპროტესტებთ და მოვითხოვთ, რომ მოვიდნენ, ადგილზე ნახონ ბინები და ისე მოგვცენ ქულები“, - განაცხადეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. მათი ასეთი რეაქცია არ გაჰკვირვებიათ აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში. უწყების ხელმძღვანელ ელდარ ღურწკაიას განცხადებით, ბინების რაოდენობაზე გაცილებით მეტია მისი მიღების მსურველი. ღურწკაიას მტკიცებით, ამ ეტაპზე საცხოვრებელს ისინი მიიღებენ, რომლებსაც შედარებით მძიმე მდგომარეობა აქვთ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ამასთან, მან ნანა წოწერიასა და მასავით უკმაყოფილოებს მოუწოდა გაასაჩივრონ არსებული მონაცემები:

„4 200 აპლიკაციაა შევსებული, ბინა კი 320-ია და, რა თქმა უნდა, იქნებიან უკმაყოფილოებიც. ყველაზე მაღალი ქულა ვინც მიიღო, ისინი დაკმაყოფილდებიან ახლა, მაგრამ ყველასთან იქნება კომისია. კომისია გადაამოწმებს ყველას და იქნება ძალიან გამჭვირვალე. დევნილებმა, რომლებიც არ არიან კმაყოფილი მიღებული ქულებით, შეუძლიათ განცხადება დაწერონ; საბუთი თუ არ აქვთ დამატებული, დაუმატონ. ამას განიხილავს სამინისტრო და ორი კვირის შემდეგ შეგვეძლება ჩვენ ამ ციფრზე ვილაპარაკოთ“.

აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში აცხადებენ, რომ ბინას დროთა განმავლობაში ყველა დევნილი მიიღებს. მათ კი, ვინც ამ ეტაპზე საცხოვრებლის გარეშე დარჩება, ფართით მომდევნო წელს დააკმაყოფილებენ. ელდარ ღურწკაიამ დევნილებსაც განუმარტა და ჟურნალისტებსაც უთხრა, რომ 2 180 ოჯახზე გათვლილი ახალი საცხოვრებლის მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება. მისივე ცნობით, ახალი კორპუსების მშენებლობა დაიწყება 2015 წელსაც.

XS
SM
MD
LG