Accessibility links

logo-print

სამეგრელოში საახალწლო სუფრას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ის ნაძვის ხესთან ერთად დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. მოქალაქეთა დიდ ნაწილს სჯერა, 31 დეკემბერს თუ დახუნძლული სუფრით შეხვდება ახალ წელს, სიუხვე და ბარაქა დაებედება. იმ ოჯახებში, სადაც ამ ტრადიციის არ სწამთ, სუფრას მაინც შლიან, სტუმრად მისულ მეზობლებთან, მეგობრებთან ან ნათესავებთან იწონებენ თავს სხვადასხვა კერძებით. ქალაქისგან განსხვავებით, დღესასწაულისთვის სამზადისი სოფლებში ბევრად ადრე იწყება. აქ წლის განმავლობაში სოფლის ნობათს საახალწლო რეალიზაციისთვის ამზადებენ, უკეთეს ფასად რომ გაიყიდოს. რა ღირს საახალწლო სუფრა წელს? - გასარკვევად ზუგდიდის ბაზრისკენ დილით ადრე გავეშურე იმ იმედით, რომ ნაკლები ხალხი დამხვდებოდა და მოვაჭრეებთან გასაუბრებას უკეთ შევძლებდი. ჩემი მოლოდინი არ გამართლდა, ბაზარი დილიდანვე სავსეა მყიდველებით. ხალხის მასაში გადაადგილება მიჭირს. ინერციით მივყვები და ვჩერდები გოჭების, ინდაურებისა და ქათმების განყოფილებასთან:

„რა ღირს გოჭი? - ფასი შეთანხმებითაა, რომელი გინდა? უფრო პატარას სამოცად მოგცემ, ბოლო ფასია. ამ დიდს - ოთხმოცად.

რა ღირს ინდაური? - ეს ახალი ინდაურია, ორმოცდაათად მოგცემ“.

როგორც გავარკვიე, ინდაურის ყიდვა 40-დან 80 ლარამდეა შესაძლებელი, გააჩნია მის ზომას. ასევეა გოჭიც. მისი ფასი 50-დან 150 ლარამდე მერყეობს, ქათამი 10-დან 15 ლარამდე. ერთი კილო ხბოს ხორცი 11 ლარი ღირს, ერთი კილოგრამი სულუგუნი - 15, ჭყინტი ყველი - 11, 1 კგ ნიგოზი - 25 ლარი, კილოგრამი პურის ფქვილი - ერთი ლარი, ხოლო სიმინდის ოდნავ ნაკლები ღირს. ტკბილეულის ფასი 5 ლარიდან იწყება. შედეგად, თუ თქვენ სუფრაზე გოჭიც გნებავთ და ინდაურის საცივიც, ყველაზე ცოტა, საახალწლო სუფრა 250 ლარი დაგიჯდებათ. თანხის გაზრდა დამოკიდებულია მყიდველის ფინანსურ შესაძლებლობაზე, რა ზომისა და ხარისხის პროდუქტს შეარჩევს ის.

საახალწლო სუფრაზე გოჭი და ინდაური არ ექნება სოხუმიდან დევნილ რევაზ გოგავას. ის გარევაჭრობიდან შემოსული თანხით არჩენს ოჯახს და დღესასწაულზე სურვილისამებრ ყველა პროდუქტის მიტანას ვერ ახერხებს:

„საერთოდ ჩვენი ხალხია ასეთი ტიპი, სპეციალურად უმატებენ ფასებს საახალწლოდ, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებში ყველგან ფასდაკლებები მიდის. რა არის ახლა ეს, ყველი ათი ლარი ღირდა მანამდე და გაყიდე ისევ ათ ლარად, ყველამ რომ იყიდოს“.

ანალოგიურ მდგომარეობაშია მრავალშვილიანი დედა მანანა ხასაია. მასავით ბაზრის ფასები არ მოსწონთ რადიო თვისუფლების მიერ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხულ სხვა რესპონდენტებსაც:

„თითქმის ვერაფერს ვერ ვახერხებ. ჩემი ხელფასი 200 ლარია. მოვდივარ ახლა გულჩათხრობილი. რა როგორ შევიძინო, არ ვიცი. ყველაფერი ცეცხილს ფასია“, - ამბობს მანანა ხასაია.

„გოზინაყი მექნება აუცილებლად, საცივიც მექნება. გოჭის მოყვარული არც ერთი არ ვართ“, - მითხრა ზუგდიდელმა ნუგო შელიამ.

„ახლა ოჯახის პროდუქტები ყველაფერი მაქვს, მაგრამ ზედმეტი რაც მჭირდება, ვერ ვყიდულობ. არც ხელფასი მაქვს, არც პენსია და ვერ ვყიდულობ იმას, რაც მინდა“, - ამბობს ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში მცხოვრები ნარგიზა ცირამუა.

პროდუქტებზე ფასების მატებას უარყოფენ ბაზარში სასურსათო მაღაზიის თანამშრომლები. მათი მტკიცებით, ფასები 10-15 თეთრით მხოლოდ ბურღულეულზე გაიზარდა:

„ბრინჯის, წიწიბურას და მანის ფასი გაიზარდა, დანარჩენი იგივეა ყველა. რაც იყო ორი თვის წინ, ისაა ახლაც. არაფერი ფასები არ მომატებულა და საწუწუნო არაფერი არ არის“, - ამბობს გოჩა უგულავა. მას ეთანხმება სასურსათო მაღაზიის გამყიდველი ლეილა ღვინჯილიაც:

„ფასები არ არის მომატებული. არ ვიცი, სხვაგან რა ხდება, პირადად ჩემს მაღაზიაში არაფერია მომატებული“.

ბაზრიდან წამოსულმა, გადავწყვიტე პროდუქტების ახლანდელი ფასები შარშან ამ დროს არსებულისთვის შემედარებინა. ინტერნეტგამოცემა livepress.ge-ს არქივიდან ამოვქექე ჩემი კოლეგის მიერ 2013 წლის 28 დეკემბერს მომზადებული სტატია. როგორც აღმოჩნდა, პროდუქტების დიდ ნაწილზე ფასები უცვლელია. იგივეა გოჭის, ინდაურისა და სულუგუნის ღირებულებაც.

XS
SM
MD
LG