Accessibility links

logo-print

ოპოზიცია ზუგდიდის ბიუჯეტის შესრულებას მონიტორინგს გაუწევს


ზუგდიდი

ზუგდიდი

ქალაქ ზუგდიდისა და თემის საკრებულოებში აცხადებენ, რომ 2015 წლისთვის მოქალაქეთა სოციალურ პრობლემებზე, ქალაქისა და სოფლების მთავარ საჭიროებებზე ორიენტირებული ბიუჯეტი მიიღეს. ამასთან, ორივე საკრებულოში განმარტავენ, რომ გაითვალისწინეს არაერთი შენიშვნა, რომლებიც საკრებულოს წევრებისა და ფრაქციების მხრიდან დაფიქსირდა. თემის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი ერთხმად დაამტკიცა. ქალაქის საკრებულოსგან განსხვავებით, აქ ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის გელა თოლორაიას განმარტებით, მათ მოსახლეობა გამოკითხეს მათთვის აქტუალური პრობლემების შესახებ და ეს ინფორმაცია საკრებულოს მიაწოდეს, რაც გათვალისწინებული იქნა:

„ბიუჯეტს იმიტომ დავუჭირეთ მხარი, რომ მოსახლეობაში ჩვენ გავაკეთეთ გამოკითხვები. გამოიკვეთა 4 ძირითადი პრობლემა. ეს იყო, პირველი, ბაღების ხელფასების მომატება, რაც საკრებულომ გაითვალისწინა; მეორე იყო სტუდენტების, პედაგოგების, უმწეოთა ნახევარ ფასად სიარული მუნიციპალური ტრანსპორტით. ამ საკითხზე შეიქმნება კომისია და იქნება საუბარი. კიდევ ერთი საკითხი იყო ხალხური ცეკვებისა და სიმღერების შესწავლა, რაც მიიღო საკრებულომ და განხორციელდება უკვე იანვრიდან ყველა სოფელში“.

განსხვავებულ ვითარებაში დამტკიცდა ბიუჯეტი ქალაქის საკრებულოში. დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს სამმა წევრმა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორმა და „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ერთმა წარმომადგენელმა. რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“, შენიშვნების მიუხედავად, მათ ხმა ბიუჯეტის დამტკიცების სასარგებლოდ მისცეს. დეპუტატების უმრავლესობით დამტკიცებული ბიუჯეტის საერთო ოდენობა 15 მილიონ 846,9 ათასი ლარია. მასში სახელფასო ფონდი 2 მილიონ 641 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რაც მთლიანი ბიუჯეტის 16,7%-ია. სწორედ ეს გახდა ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბიუჯეტის გაკრიტიკების მთავარი მიზეზი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ანა წითლიძის განცხადებით, ეს არ არის ზუგდიდის განვითარებაზე ორიენტირებული დოკუმენტი:

„თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაქსიმუმზეა ხელფასები აქაჩული აღმასრულებელი ხელისუფლების, ერთადერთი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელის ხარჯებია გაზრდილი. ზუგდიდის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის ხარჯები. სულ რაღაც 4 %-ია გათვალისწინებული სოციალური ხარჯებისთვის“.

ბიუჯეტს მხარი არც საკრებულოს წევრმა „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან“ თენგიზ ხარჩილავამ დაუჭირა. მიზეზი, როგორც თავად ახსნა, პროექტში კვარტალში ერთხელ გათვალისწინებული პრემიების საკითხია. მას სხდომაზევე განუმარტეს, რომ 2015 წლის ბიუჯეტში პრემიების გაცემა ორჯერ არის განსაზღვრული.

„მე ამის თანამონაწილე ვერ გავხდები, ბატონებო! თვითმმართველობას, საკრებულოს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება. გამომდინარე აქედან, ჩემი მხრიდან ეს დოკუმენტი არ იქნება მხარდაჭერილი“, - განაცხადა თენგიზ ხარჩილავამ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული ბიუჯეტის განხილვის პროცესში, მათ შორის, საკრებულოს წევრები, საკრებულოს შესაბამისი კომისიები, ქალაქის მერიისა და საკრებულოს საფინანსო სამსახურები და არასამთავრობო ორგანიზაციები. საკრებულოს თავმჯდომარეს დაეთანხმა ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია:

„ყველა შენიშვნა გავითვალისწინეთ და ყველა განცხადებას ვუპასუხეთ. ეს ხუთი თვის განმავლობაში შემოსული წერილების პასუხებია. პროგრამები შევცვალეთ. იყო აუთვისებელი თანხები და სხვა მუხლში გადავიტანეთ. ეს ბიუჯეტი მორგებულია სოციალურად დაუცველი ფენის პრობლემების მოგვარებას“.

ზუგდიდის თემისა და ქალაქის საკრებულოების ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, 2015 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა იქნება მათი მონიტორინგის ქვეშ, რათა ბიუჯეტი ათვისებული იქნეს გეგმის მიხედვით.

XS
SM
MD
LG