Accessibility links

დევნილები ზუგდიდში ბინების განაწილების პროცესს უნდობლობას უცხადებენ


დევნილთა საცხოვრებელი ზუგდიდში

დევნილთა საცხოვრებელი ზუგდიდში

ზუგდიდის სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის ტერიტორიული ორგანოს მუშაობით უკმაყოფილონი არიან. ისინი შიშობენ, რომ ქალაქის ცენტრში მათთვის აშენებულ კორპუსებში განსახლების პროცესი კანონის დარღვევით მიმდინარეობს. საკითხის დეტალურად გარკვევის მიზნით, მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან შეხვედრა სურთ.

გალელი ფიონია თორდიას თქმით, აფხაზეთიდან იძულებით გადმოსვლის დღიდან ის მძიმე პირობებში ცხოვრობს და მუდმივი საცხოვრებლის მოლოდინი არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ გამართლდა. მას ბინის მიღების იმედი არც ახლა აქვს:

„რამდენი ხანია სხვის საცხოვრებელ სახლებს ვიცვლი და დავდივარ აქეთ-იქით. არავინ არ გვცემს პასუხს. სადაა ჩემი საცხოვრებელი, აზრზე არ ვარ. თუ უმწეო არ ხარ, მაშინ ბინას არ მოგცემენ. საიდან მოიტანეს ეს, აზრზე არ ვარ. ქუჩაში ვართ ხალხი და ყველა არ უნდა დაკმაყოფილდეს?!“

დევნილები აცხადებენ, რომ ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, აშენებულ კორპუსში ფართების გაცემის პროცესს დააკვირდებიან და არ დაუშვებენ კანონდარღვევას:

„არავის არ შევუშვებ იქ, თაბუკაშვილის ქუჩაზე. შევიდეს ის, ვინც ნამდვილადაა დევნილი, ვისაც ნამდვილად ეკუთვნის ბინა“, - ამბობს 67 წლის ფოთო თოლორდავა.

დევნილთა მოთხოვნებს იზიარებს და მათ მხარდაჭერას უცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმა“. მისი წევრი თეონა ქარდავა, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრია, დევნილების მიერ ჩამოთვლილ რიგ მოთხოვნებს კიდევ ერთს ამატებს. თეონა ქარდავას სიტყვებით, დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელი ძალიან ხშირად იცვლება, რაც უწყების მუშაობას აფერხებს:

„რა პრინციპით მიდიან და მოდიან, საზოგადოება უკვე გაურკვევლობაშია“.

დევნილთა კითხვებს ზუგდიდში მყოფმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა უპასუხა:

„თითოეულ ოჯახზე მაქსიმალურად ამომწურავად მიდის ფილტრაცია, რომ რამე არ გამოგვრჩეს, რომ იყოს სამართლიანად, ღიად ეს გადაწყვეტილებები მიღებული. ამიტომ შიში იმის, რომ აქ ისეთი რამ ხდება, რომელიც უკანონობისკენ არის ნაბიჯი გადადგმული, ეს არის აბსოლუტურად ულოგიკო, დაუსაბუთებელი. ყველანი, ვინც შესაბამისი ქულით არიან, ანუ მათი სოციალური მდგომარეობა იძლევა იმის საფუძველს, რომ ჰქონდეთ გამსვლელი ქულა იმისთვის, რომ მიიღონ დადებით პასუხი, ამ პასუხს მიიღებენ“.

მიუხედავად დევნილთა სამინისტროდან გაცემული დაპირებებისა, იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ,რომ თუ ორი დღის ვადაში სოზარ სუბარი ზუგდიდში არ ჩამოვა და მათ არ შეხვდება, პროტესტის ნიშნად გზას გადაკეტავენ.

XS
SM
MD
LG