Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელოს რეგიონში სანადირო მეურნეობის მოწყობა იგეგმება


ზუგდიდი
ზუგდიდი

უკანონო ნადირობის აღსაკვეთად და გარემოსთვის ზიანის მიყენების შესამცირებლად, სამეგრელოში სანადირო მეურნეობის მოწყობა იგეგმება. სპეციალურად სანადიროდ გათვლილი ტერიტორიის მოძიების პროცესში ზუგდიდის მონადირეთა კავშირი ჩაერთვება. ასეთი გადაწყვეტილება სამეგრელოს რეგიონის მონადირეებმა და მეთევზეებმა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. სწორედ მინისტრმა გააცნო ზუგდიდის მონადირეთა კავშირის წარმომადგენლებს სამინისტროს ინიციატივა სანადირო მეურნეობის მოწყობის შესახებ:

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ეროვნულ პარკთან დაკავშირებით უკმაყოფილება იყო. იცით, რომ ეროვნულ პარკში ნადირობა შეზღუდულია. ჩვენ გვაქვს ალტერნატივა, მოეწყოს სამონადირეო მეურნეობა. შემდეგ უკვე მათ მიერ ჩამოყალიბებულ ასოციაციას თავისი გეგმით გადაეცემა მართვაში“.

აღნიშნული სიახლის გარდა, მინისტრთან შეხვედრაზე მონადირეებმა სხვადასხვა სახის პრობლემები წამოჭრეს და ელგუჯა ხოკრიშვილს დახმარება სთხოვეს. მაგალითისთვის, კავშირის ერთ-ერთი წევრის, როინ შენგელიას, განცხადებით, სამეგრელოს მდინარეებში თევზის ჭერის უკანონო ფაქტები ხშირია, მათ შორის, თავად სამართალდამცავების მხრიდანაც:

„პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებიც ყველას თვალწინ ბრაკონიერობენ. უფროსმა ერთი თითი რომ დაუქნიოს, ხვალ ეს არ გამიკეთო, თორემ სამსახურს დატოვებო, ის ამას ვერ გაბედავს“.

მეთევზემ მინისტრს და გუბერნატორს კონტროლის გამკაცრების რეკომენდაციით მიმართა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. გუბერნატორ ლევან შონიას განცხადებით, ეს უკვე მინისტრის კომპეტენციას სცილდება და ამიტომ:

„სამართალდამცავ ორგანოებს მე შევხვდები. ცალკე მივცემ მათ დავალებას, რომ ამ შემთხვევების გამოვლინება მოხდეს“.

გარდა უკანონო თევზაობის ფაქტებისა, შეხვედრის მონაწილეების თქმით, ხშირია აკრძალულ ადგილებში და აკრძალულ ცხოველებზე ნადირობაც. მათივე განმარტებით, აუცილებელია ნადირობის ძველი მეთოდების შეცვლა და თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა, რაც ნაკლებ ზიანს მიაყენებს საქართველოს ტყეებს. მონადირეებს დაეთანხმა მინისტრი. მისი თქმით, სამინისტრო საკანონმდებლო დონეზე მუშაობს ამ საკითხის დახვეწაზე. ელგუჯა ხოკრიშვილის სიტყვებით, ყველა, ვინც თოფს იყიდის, ვერ იქნება მონადირე. მან უნდა იცოდეს თოფის დაშლა, აწყობა, სად და რა დროს ინადიროს. როგორც მინისტრმა თქვა, ამ საკითხის მოწესრიგება საკანონმდებლო დონეზე იგეგმება.

მონადირეთა კავშირის წევრთა პარალელურად, მინისტრს გაესაუბრა სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონალური პროექტების კოორდინატორი. დავით კოდუას თქმით, ანაკლიის უბანი, სადაც პორტი უნდა აშენდეს, დღეს გამოიყენება განსაკუთრებით იხვებზე სანადიროდ, რაც რამდენიმე წელიწადში შეუძლებელი იქნება:

„მოგეხსენებათ, იხვებს ყოველთვის აფრთხობს შუქი და განათებული ტერიტორია. პრაქტიკულად რამდენიმე წელიწადში იქ ნადირობა იქნება შეუძლებელი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ იმ ობიექტისგან შემოსული შემოსავალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთიდან გადმოფრენილი სამოწყალო იხვი“.

რეგიონალური პროექტების კოორდინატორის საპასუხოდ, ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა, რომ პორტმა უნდა აიღოს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, რაც ითვალისწინებს მსგავსი პრობლემური საკითხის განხილვას:

„ანაკლიის პორტი თუ მაგას შეზღუდავს, აუცილებლად იმ შესაბამისი თანხით დაკომპენსირდება რაღაც ღონისძიება. ეს თანხა უნდა წავიდეს რაიმე ალტერნატივისთვის“.

შეხვედრის დასასრულს მონადირეთა კავშირის წევრები დაეთანხმნენ გუბერნატორის წინადადებას, შეიქმნას 6-7-კაციანი ჯგუფი. ჯგუფს კომუნიკაცია ექნება სამხარეო ადმინისტრაციასთან სანადირო ტერიტორიის მოსაძიებლადა და შესასწავლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG