Accessibility links

logo-print

მაჟორიტარი დეპუტატები ზუგდიდის სოფლებში დაპირებული პროექტების განხორციელებას ითხოვენ


ზუგდიდი

ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ადგილობრივი თვითმმართველობისგან დაპირებული პროექტების განხორციელებას ითხოვენ. დეპუტატებმა პრეტენზიები მას შემდეგ გამოთქვეს, რაც მათ საკრებულოში 2015 წელს განსახორციელებელი პროექტების ნუსხა გააცნეს. საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას მიერ ჩაკითხული სამუშაოების სიაში დეპუტატების ნაწილმა საკუთარი სოფელი ვერ იპოვა,მათ შორის, სოფელ ჭაქვინჯის დეპუტატმა გია ჩუხუამ:

„ჭაქვინჯი-ნარაზენის დამაკავშირებელი გზაა გასაკეთებელი. პროექტი მოწონებული იყო და გაიგზავნა თბილისში. მერე რა ბედი ეწია ამ პროექტს?“

გია ჩუხუას კითხვის პასუხად, ზუგდიდის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ განაცხადა, რომ პროექტი ნამდვილად გაგზავნილია და მას დააფინანსებენ არა რეგიონალური განვითარების ფონდიდან, არამედ სულ სხვა წყაროებიდან მოძიებული თანხებით, ისევე როგორც სხვა პროექტებს:

„დარჩა პროექტები, რომლებიც ტენდერის გამოცხადებიდან... თუ გამოჩნდა ეკონომიები, საშუალებას მოგვცემს კიდევ სხვა პროექტები განვახორციელოთ. წარმოიშვა წინადადება, რომ მსოფლიო ბანკმა და დაფინანსების სხვა წყაროებმა გამოთქვეს სურვილი დააფინანსონ და ჩვენ რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამ თანხების გამოყენება არ დაგვჭირდება“.

გარდა ამისა, როგორც რუსლან კილასონიამ თქვა, 2015 წელს დაგეგმილი ოთხი საბავშვო ბაღიდან მოხერხდება სამის აშენება. გამგეობის წარმომადგენლის თქმით, თუ შესაძლებელი გახდა გარკვეული ეკონომიის გაკეთება პროექტში, დაემატება მეოთხე საბავშვო ბაღიც. ამ წინადადებას შეეწინააღმდეგა დეპუტატი მერაბ ხვიჩია:

„ეკონომიის ხარჯზე სამის ნაცვლად ოთხი ბაღის აშენება არ მიმაჩნია სწორად. გამოდის, რომ უხარისხოდ გაკეთდება. მოსახლეობამაც უკვე იცის ამ პროექტების შესახებ და ახლა მე რომ მივიდე და ვუთხრა, ეს გადაიდო რაღაც მიზეზების გამო, მაშინ როცა მილიონები დამატებით იხარჯება ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რაც სახელმწიფო დონეზე ხდება, არ მგონია ეს რაღაც, სწორი იყოს“.

დეპუტატების პრეტენზიების საპასუხოდ, განმარტება ასევე გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ. მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ესმის დეპუტატების სურვილი განხორციელდეს ყველა სამუშაო, „ყველა პროექტის ამ ეტაპზე განხორციელება ფიზიკურად ვერ მოხერხდება. ასე რომ, პროექტები გათვლილია 2015-2017 წლებზე“.

ლაშა გოგიას განმარტებით, საკრებულოს სხდომებზე განხილული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება ამ სამი წლის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG