Accessibility links

logo-print

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში «სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ თაობაზე კრებები გადაიდო


ზუგდიდი

ზუგდიდი

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების შერჩევა ზუგდიდის სოფლებში, უამინდობის მიზეზით, რამდენიმე დღით გადაიდო. გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფლების დიდ ნაწილში არ არის ისეთი შენობები, სადაც მოსახლეობა, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორი ე.წ. სოფლის კრების ჩატარებას შეძლებდა. სწორედ ამ კრებაზე უნდა დაასახელონ მოქალაქეებმა მათთვის პრიორიტეტული საკითხები, თუ რისი მოგვარება სურთ პირველ ეტაპზე. ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს მაია ღურწკაიას განცხადებით, სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარე თვეს აუცილებლად დაიწყება, მანამდე კი, მისი განმარტებით, უკვე არსებობს გარკვეული ინფორმაცია, თუ რა სახის სამუშაოებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას მოსახლეობა:

„სანამ სოფელში გავიდოდით, სოფლის მცხოვრებლებისგან, საინიციატივო ჯგუფებისგან - ესენი არიან არასამთავრობოები, რომლებიც გარკვეულ სოფლებში ფუნქციონირებენ - მივიღეთ წერილები. ძირითადი მოთხოვნა ეს ეხება შიდა გზების სამუშაოებს“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში განმარტავენ, რომ მოსახლეობა ინფორმირებულია უახლოეს დღეებში სოფლის კრებების გამართვის თაობაზე და პრიორიტეტები უბნების მიხედვით არის შემუშავებული. სოფლის მცხოვრებლებთან ამ თემაზე საუბარი უკვე ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე რუხის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელს. ლიკა ქვარცხავას განმარტებით, რუხელებისათვის ძირითადი პრობლემა საბავშვო ბაღს უკავშირდება:

„რუხში ოთხი საბავშვო ბაღი იყო, მაგრამ ახლა ყველგან დევნილების კომპაქტური დასახლებაა, ანუ ბაღის მშენებლობის საკითხს დააყენებენ; ჭაბურღილის მოწყობა, რადგან წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით არის პრობლემა; კიდევ არის უპატრონო ძაღლების პრობლემა და ამასთან დაკავშირებით რამე უნდა მოვიფიქროთ“.

საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციაა პრიორიტეტული სოფელ განმუხურშიც. ამასთან, როგორც გამგებლის წარმომადგენელი განმუხურში ჯონი მიშველია განმარტავს, მოსახლეობას არ სურს თანხები ისეთ სამუშაოებზე დაიხარჯოს, რომელიც მომდევნო წელს ისევ გასაკეთებელი იქნება:

„მაგალითად, გზების მოხრეშვაზე უაზროდ იხარჯება ეს ფული, რადგან მერე ისევ გასაკეთებელია. ის ხრეში სულ ირეცხება. ამიტომ ჩვენი პრიორიტეტი იქნება საბავშვო ბაღი“.

სოფლის გამგებლების საპასუხოდ ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რომ ამჯერად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საბავშვო ბაღებს ნაკლები ყურადღება დაეთმობა, რადგან სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული პრობლემების მოგვარება სხვა პროგრამებით არის დაგეგმილი.

„როდესაც დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ ჩვენთან, ხაზგასმით იქნა ნათქვამი, რომ სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში ყურადღება გამახვილებული ყოფილიყო უფრო მეტად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და არა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე და სკოლებზე, რადგან ეს განათლების სამინისტროს პრეროგატივაა“, - აცხადებს მაია ღურწკაია.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2015 წლიდან განსხვავებული მექანიზმით განხორციელდება. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი წესების მიხედვით, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება, პროექტების განხორციელების შედეგად დარჩენილი ფულადი ნაშთები გააერთიანოს და, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტში დამატებითი პროექტის დასაფინანსებლად მიმართოს.

XS
SM
MD
LG