Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდის საკრებულოში დეპუტატის ეთიკის კოდესი ამოქმედდება


ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში მუშავდება საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი, რომელიც იქნება დეპუტატის ქცევის ერთგვარი შეფასებითი დოკუმენტი. საკრებულომ დეპუტატის ეთიკის კოდექსზე მუშაობა უმრავლესობასა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის გახშირებული სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, საკითხზე მუშაობა და შემდგომში ზედამხედველობა დაევალება იურიდიულ და სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის კომისიას. მისი განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით გასულ კვირაში ზუგდიდში ვიზიტად მყოფ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებსაც ესაუბრნენ და მათგან თანამშრომლობის პირობა მიიღეს:

„გავცვლით ჩვენს მოსაზრებებს და ერთობლივი ძალისხმევით შევიმუშავებთ ამ კოდექსს, რაც, ვფიქრობ, სხვა თვითმმართველი ერთეულებისთვის, სხვა საკრებულოებისთვის იქნება ძალიან საინტერესო და აიღებენ მაგალითს სწორედ ჩვენგან“.

საკრებულოს თავმჯდომარემ კოდექსზე საუბრისას დეპუტატებს ასევე მოუწოდა სხდომა არ იქნეს გამოყენებული კერძო პოლიტიკური განცხადებებისთვის, რათა საკრებულო არ გასცდეს თავისი მუშაობის მიზნებს და არ გამოიწვიოს დაძაბულობა. ამასთან, დეპუტატებმა - და, მათ შორის, მერაბ ქვარაიამაც - გაიხსენეს ზუგდიდში 15 მარტს მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც პოლიტიკური პარტიების - „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ - წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს. მაშინ აქციაზე საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა დეპუტატებიც იმყოფებოდნენ. ოპონენტები საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირების დღიდან სამკვირიანი შესვენების შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. 15 მარტს მომხდარის გამო თავმჯდომარისგან კონსტრუქციული მუშაობისკენ მოწოდებამ და ეთიკის ნორმებზე საუბარმა გააღიზიანა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, განსაკუთრებით კი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„მე მესმის, თქვენ ეთიკასთან დაკავშირებით რასაც ბრძანებთ, მაგრამ ეს ყველამ გავითვალისწინოთ. ჩვენი ქალაქის ტრადიციებს და ისტორიას არ მივაყენოთ ის ზიანი, რასაც შემდეგ მომავალი თაობა ისევ ჩვენ წამოგვაყვედრებს. ყველამ დაიოკოს ნერვები. ყველას მოვუწოდებ, თქვენც, ჩვენც, გარკვეულწილად, რომ მეორეჯერ ასეთი მოვარდნები და ფიზიკური დაპირისპირება არ მოხდეს“, - განაცხადა ფრაქციის წარმომადგენელმა ლევან კონჯარიამ.

საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის შემოღებას მიესალმება დეპუტატი „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან“. თენგიზ ხარჩილავამ აღნიშნა, რომ აუცილებელია საკრებულოს წევრებმა მეტი პატივისცემა გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ და ეს კოდექსი არ დარჩეს მხოლოდ ცარიელ სიტყვებად:

„ის, რაც მოხდა, შეაფასეს ზუგდიდელებმა და ვერდიქტი გამოუტანეს ორივე მხარეს. მათ სათქვენო ვერდიქტი არ გამოუტანიათ. მე გთხოვთ უმორჩილესად...რასაც თქვენ წერთ, ვეთანხმებით, რომ ეს არ განმეორდეს“.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი განცხადებებით ყველა დეპუტატი კონსტრუქციული მუშაობისა და ეთიკის ნორმების დაცვის მოწოდებით გამოვიდა, სხდომას სიტყვიერი დაპირისპირების გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია. საკრებულოს უმრავლესობასა და ოპოზიციური პარტიის დეპუტატებს შორის მწვავე დისკუსიის საგანი გახდა სხდომაზე დაყენებული საკითხების დიდი ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG