Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელოში საჯარო მოხელეთა ნაწილს ქონებრივი დეკლარაცია სრულად არ აქვს შევსებული


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ყველა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია. შედეგად აღმოჩნდა, რომ საჯარო მოხელეთა ნაწილმა ქონებრივ დეკლარაციაში არასრული ინფორმაცია წარადგინა საკუთარი და ოჯახის წევრთა კომერციული საქმიანობის შესახებ. დარღვევები აღმოჩენილია ზუგდიდში, ფოთსა და წალენჯიხაში.

„სამეგრელოში გვაქვს სულ ხუთი შემთხვევა: პირველი, ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს ქონებრივი დეკლარაცია არასწორად შევსებული, მეორეა – წალენჯიხაში თემურ ღვინჯილია. მან დეკლარაცია სწორადშეავსო, თუმცა იმ კომპანიამ, რომელშიც წარსულში წილებს ფლობდა, გარკვეულ შესყიდვაში ახლაც მიიღო მონაწილეობა. ორი შემთხვევა გვაქვს ზუგდიდში, სადაც საკრებულოს ორ წევრს: გიორგი კუკავას და გონელ ნაჭყებიას დეკლარაციები აქვთ არასრულად შევსებული. ასეთივე შემთხვევა არის ფოთში. აქ სევერიანე შენგელიას ასევე არასწორად აქვს დეკლარაცია შევსებული. ამავდროულად, ის ინარჩუნებს დირექტორის პოზიციას ერთ-ერთ სამეწარმეო დაწესებულებაში“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.

მის მიერ ნახსენები ალექსანდრე თოფურია ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეა. კვლევის მიხედვით, მას ქონების მდგომარეობის ამსახველ დეკლარაციაში არა აქვს შეტანილი ინფორმაცია მეუღლის ბიზნეს წილების შესახებ. საუბარია ოთხ შპს-ზე, სადაც მას 50-100%-იანი წილები აქვს. „ხუთი წელია, რაც ეს ორგანიზაციები გაჩერებულია, რომელიც ახლა არანაირ მოძრაობაში არ არის. შესაბამისად, არც დივიდენდის სახით არის მიღებული რაიმე. ამის გადამოწმება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. არ არის ეს პრობლემა“, - განაცხადა ალქსანდრე თოფურიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი კუკავა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, რამდენიმე შპს-ის მეწილე და დირექტორია, თუმცა მას დეკლარაციაში არ აქვს ასახული, რომ ფლობს რამდენიმე კომპანიას, რომელთა შორის არის თხილის ბიზნესით დაკავებული შპს-ებიც. კვლევის ავტორების თქმით, ის გარემოება, რომ გიორგი კუკავა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობასთან ერთად რამდენიმე შპს-ს დირექტორია, წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევას. თავის მხრივ, გიორგი კუკავა აცხადებს, რომ მას არანაირი შეხება არ აქვს არც ერთ კომპანიასთან: „მე რაც თანამდებობაზე დავინიშნე, მას შემდეგ არც ერთ კომპანიასთან არ მაქვს ფიზიკური შეხება და არც არანაირი. ეს არის მხოლოოდ ქაღალდზე და ამის გადამოწმება შეუძლია ყველას“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი წევრის, გონელ ნაჭყებიას დეკლარაცია მოხვდა კვლევაში. ის შპს „მერე-ს“ 80%წილის მფლობელია, დანარჩენის კი – მისი და, როზა ნაჭყებია, რომელიც, ამავდროულად, კომპანიის დირექტორის თანამდებობასაც ითავსებს. ეს ინფორმაცია გონელ ნაჭყებიას დეკლარაციაში არ აქვს ასახული. რეესტრის მონაცემებით, შპს-ის საქმიანობის სფერო ფართოა და მოიცავს როგორც ვაჭრობას, ასევე ტურიზმის განვითარებას, მედიცინას, მშენებლობას და ა.შ.

„იქ რომ წერია ტურიზმი, ტურიზმს და ვაჭრობას არ ვახორციელებდით საერთოდ. მარტო მიწის საკუთრებით ვიყავი დაკავებული. აქწერია 25 ჰა მიწის ნაკვეთი და შეცდომით გაგვეპარა, რომ შპს „მერე“ იქ არ წერია “, – აღნიშნა გონელ ნაჭყებიამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოში“ აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა კანონის აშკარა დარღვევა, ქართული კანონმდებლობა მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს არ ითვალისწინებს. არც საჯარო სამსახურის ბიუროს და არც რომელიმე სხვა უწყებას არ ევალება თანამდებობის პირების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში, შესწორება ან სანქციების დაკისრება. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, ორგანიზაციამ საკანონმდებლო წინადადება შეიმუშავა და იმედოვნებს, რომ პარლამენტი დოკუმენტს უახლოეს მომავალში განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG