Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მძღოლებისა და ქვეითების დავა ზუგდიდის ქუჩებში მოძრაობის უპირატესობის მოპოვებისთვის


ზუგდიდი
ზუგდიდი

საგზაო მოძრაობის ნიშნები და წესები - თუ ყველა არა, დიდი ნაწილი - თეორიულად თითქმის ყველა მოაქალაქემ იცის. მიუხედავად ამისა, ქუჩებში, ტროტუარებზე, ე. წ. ზერბრა გადასასვლელზე, ავტოსადგომებსა თუ კორპუსების ეზოებში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები ხშირია. არცთუ იშვიათად მძღოლები ავტომანქანებს ტროტუარებზე აჩერებენ, სადაც ფეხით მოსიარულე გავლას ვერ ახერხებს, ქვეითები კი ხშირად მოძრაობენ გზის იმ მონაკვეთზე, სადაც ამის გაკეთება აკრძალულია და სახიფათოც. დავა ქვეითსა და მძღოლს შორის ქალაქის ყოველდღიურობის ნაწილია. ამაში დასარწმუნებლად კი საკმარისია ზუგდიდის ცენტრალური უბნის რომელიმე მონაკვეთში რამდენიმეწუთიანი დაკვირვების ჩატარება. მოძრაობის უპირატესობის მოსაპოვებლად მძღოლსა და ქვეითს შორის ჭიდილი განსაკუთრებით მარტივად შესამჩნევი ზებრა გადასასვლელებზეა.

კითხვაზე, ვინ უფრო ხშირად არღვევს გადაადგილებისას წესებს და ვინ იცავს მას, მძღოლების მხოლოდ მცირე ნაწილი ლაპარაკობს საკუთარ დანაშაულზე:

„ფეხით მოსიარულეებს არ დაადგათ საშველი. დგანან და იმის მაგივრად, რომ შუქნიშანს უყურონ, მძღოლს შესციცინებენ თვალებში“;

„აგერ დადექით შუქნიშანთან და თვითონ ნახავთ, რომ არც წითელს უყურებენ და არც მწვანეს. მძღოლებიც კი არღვევენ ისე, მაგრამ უმეტესობა მაინც ქვეითად მოსიარულეა“;

„ბევრი ფიქრობს ხვალ რა ჭამოს და რა დალიოს, სულ არ ფიქრობს, მანქანა რომ გადადის, იმაზე. დამირღვევია მეც, ტაქსის მძღოლი ვარ და რომ მეტყვიან გააჩერეო, სადაც მეტყვიან, იქ უნდა გავაჩერო, რა ვქნა, აბა?“

„გზა აქვთ ქვეითებს ჩაკეტილი. აფერხებენ ჩვენს მოძრაობას. რომ დაეჯახო, მტრისას, მძღოლია ყოველთვის დამნაშავე“, - აცხადებენ მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების მძღოლები.

ასევე არაერთგვაროვანია ანალოგიურ კითხვაზე პასუხი ქვეითებისგან:

„წესრიგს არღვევს ყოველთვის მძღოლი. ზებრაზე რომ გადავდივარ, წესით, მანქანა ხომ უნდა გაჩერდეს? - პირიქით, მაშინ უფრო მიდის“;

„აი, ახლა, ამ წუთას ზებრაზე უნდა გადავსულიყავი და ორმა პოლიციამ ისე ჩამიქროლა, არც გამატარა და კინაღამ გამიტანა. როცა პოლიციელი მძღოლს აძლევს შენიშვნას, თავადაც უნდა გაითვალისწინოს, თვითონაც უნდა გაატაროს ქვეითები. რაც შეეხება შუქნიშნებს, მე პრობლემა არ მაქვს, შუქნიშნებზე ჩვეულებრივად გადავდივარ და გადმოვდივარ“;

„მოძრაობის წესებს ქვეითებიც არ იცავენ. აი, გადასასვლელი როა და შუქნიშანიც როა... წითელი როცა ანთია, მაშინაც მიდიან. იმას საერთოდ არ უყურებენ“;

„უმეტესწილად, ყოველთვის მძღოლს აკისრია ხოლმე ვალდებულება, მაგრამ, მე მგონი, ქვეითი უფრო მეტად არღვევს...“

„არ გაქვს ჩვენ კულტურა... ყოველთვის სადღაც გვეჩქარება, ყოველთვის უნდა გადავხტეთ, უნდა ჩავხტეთ, გავრბივართ... მძღოლებიც არღვევენ, მაგრამ უფრო ქვეითები მაინც“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხულმა რესპონდენტებმა.

ზუგდიდის მერიაში ირწმუნებიან, რომ, ქალაქში გადაადგილების უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, რიგი სამუშაოები უკვე ჩატარდა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება. ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ მხრივ უპირატესობა ენიჭება სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიას:

„გზებზე დამონტაჟდა მწოლიარე პოლიციელები, რომ ბავშვების გადაადგილება იყოს უსაფრთხო. თბილისის მერიამ გადმოგვცა შუქნიშნების 6 კომპლექტი, რომელიც მალე დამონტაჟდება დამატებით. წელს მოეწყობა ასევე ქალაქის ცენტრის ტროტუარები“.

ზუგდიდის მერის მტკიცებით, ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, მოძრაობა ბევრად კომფორტული და უსაფრთხო გახდება როგორც ქვეითისთვის, ისე მძღოლებისთვისაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG