Accessibility links

logo-print

ზუგდიდში მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებით უკმაყოფილონი არიან


ზაფხულის ცხელ დღეებში მომხმარებელს სასურსათო პროდუქტის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება მართებს პროდუქტის შენახვის პირობებისა და მისი ვარგისიანობის მიმართ. ცალკე საკითხია კიდევ მისი ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდში საკმაო რაოდენობის დიდი და მცირე სასურსათო მაღაზიაა, რიცხობრივად ყველაზე მეტი მომხმარებელი მაინც ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტს - ბაზარს - ჰყავს. სწორედ აქ არის განსაკუთრებით დიდი არჩევანი სოფლიდან ჩამოტანილი საკვები პროდუქტებისა, რომელიც ხშირად მომხმარებლისთვის არასათანადო ფორმით არის მიწოდებული. ხორცეული და რძის პროდუქტები შეიძლება ნახოთ მაცივრის გარეშე, დახლებზე. გამყიდველები, რომლებიც ჩაწერაზე უარს აცხადებენ, პირად საუბარში ირწმუნებიან, რომ პროდუქტები დახლზე დიდხანს არ რჩება და იმდენს ალაგებენ, რამდენიც, მათი გამოთვლით, დღის განმავლობაში უნდა გაიყიდოს. მომხმარებელი, რომელიც ხშირად ასეთ პროდუქტს უპრეტენზიოდ ყიდულობს, უკმაყოფილებას ჟურნალისტებთან გამოხატავს:

„ადრე ვყიდულობდი ქათმის ბარკალს, მაგრამ როცა გავიგე, ის საზღვარგარეთიდან შემოდის და რაღაც საშიშია, შევწყვიტე მისი ყიდვა. ყველს კი ვყიდულობ, მაგრამ არ ვიცი, რეალურად რა არის. რაღაც ექიმის საბუთი ხომ უნდა ჰქონდეს, არც ერთს არ გააჩნია“, - ამბობს ზუგდიდელი ნარგიზა ტაბაღუა. მასავით ფიქრობს ნანული მოსიაც:

„მინდორშია ყველაფერი, ღიად არის და სუფთა როგორ უნდა იყოს?! ქათმები, ხორცი, პროდუქტი ყველაფერი გარეთაა, მინდორში“.

„მალფუჭებადი პროდუქტი მინდორშია, მტვერშია და მზეზე დევს. ხანდახან მაინც ვყიდულობ ფასის გამო. ახლა მარკეტებში უფროა დაცული, მაგრამ ფასში სხვაობა არის“, - ამბობს ნუკრი თოდუა.

„ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წუთს ძნელია გააკონტროლო ყველაფერი. არ ვიცი, ვისზე ან რაზეა ეს დამოკიდებული, მაგრამ კარგია, ეს რომ გაკონტროლდეს იმისთვის, რომ ჯანმრთელობა უფრო საღი და კარგი გვქონდეს“, - გვითხრა ნატა მებონიამ.

სურსათის უვნებლობის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოში აცხადებენ, რომ ზუგდიდის ბაზარში, ისევე როგორც ქალაქის მარკეტებში, სურსათის შემოწმება გეგმიურად წელიწადში ერთხელ და, რისკის შემთხვევაში, რამდენჯერმე ხორციელდება. სამმართველოს უფროსი მარიკა გულუა ირწმუნება, რომ ბაზარში ხორცპროდუქტებზე განსაკუთრებული კონტროლია:

„განსაკუთრებული აქცენტი არის ხორცპროდუქტებზე, მალფუჭებად პროდუქტებზე. ხორცი ბაზარში ფორმა 2-ის გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს. ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბაზარში სიტუაცია საგრძნობლად გამოკეთდა. ბაზარში გარევაჭრობებიც ხდება და ეს ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა“.

რაც შეეხება დახლებს ზემოდან დალაგებულ ხორცპროდუქტებს, სამმართველოს უფროსი განმარტავს, რომ მოვაჭრეებმა შესაბამისი გაფრთხილება მიიღეს და, მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მათთვის შეუკვეთეს სპეციალური მაცივრებიც:

„სამწუხაროდ, ახლა ყოველდღე ვერ ვართ ჩვენ ბაზარში, მაგრამ როცა მივდივართ, მაშინ ყველა მაცივარშია ჩაწყობილი და ეს ბაზრის ადმინისტრაციამაც უნდა გაითავისოს, ჩვენი კულტურაც უნდა ავიდეს იმ სიმაღლეზე, რომ როცა არსებობს მაცივარი, ისარგებლო და არ დადო პროდუქტი ზემოდან“.

ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტების შემოწმებას კი, რომელსაც ეტიკეტი არ გააჩნია, სურსათის ეროვნული სააგენტო ჯერჯერობით ვერ ახერხებს და გამყიდველთან მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლება. როგორც მარიკა გულუა განმარტავს, სააგენტო აპირებს უახლოეს მომავალში კონტროლი სოფლიდან ჩამოტანილ რძის პროდუქტებზეც გაამკაცროს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG