Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციის პროექტი წარადგინეს


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

ზუგდიდელები ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირების, ბოტანიკური ბაღის აღდგენა-რეკონსტრუქციის, მოლოდინში არიან. ერთი წელი შესრულდა, რაც ქალაქში ახალი მერია დაკომპლექტდა, რომელიც თავის უმთავრეს მიზნად სწორედ დადიანების ეზოს, მუზეუმისა და ბაღის რეკონსტრუქცია-მოვლას ასახელებდა. ამ დრომდე ბაღში მხოლოდ წყლის მიწოდების, სანერგე მეურნეობის აღდგენა და ტბის დასუფთავება მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ თვითმმართველობაში კვლავინდებურად აცხადებენ, რომ დაპირება ძალაში რჩება და სექტემბერში უკვე მუშაობაც დაიწყება. უკვე თითქმის განადგურებული ბაღის აღდგენის შესახებ საზოგადოებაში დაგროვილი კითხვების საპასუხოდ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ საჯაროდ განსახილველად საზოგადოებას ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციის პროექტი წარუდგინა. შეხვედრა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) დაფინანსებით, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მოაწყო. ბოტანიკური ბაღის ახალი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დახმარებით შემუშავდა.

„საზოგადოების აქტივობა, რომელიც დღეს შეინიშნებოდა, სრულიად გასაგებია. საბოლოო ჯამში, პროექტი, რომელიც საკმაოდ მასშტაბური იქნება, ითვალისწინებს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას, მთლიანად. ის უახლოეს თვეებში დაიწყება. მიმდინარეობს პროექტის დეტალების დაზუსტება. საბოლოოდ, ეს პროცესი დასრულდება სექტემბრისთვის, ამის შემდეგ, ტექნიკური ვადების გათვალისწინებით, გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება პირველი სამუშაოები“, - თქვა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იგეგმება ბოტანიკური ბაღის სრული რეკონსტრუქცია, ტბის იმ სახით აღდგენა, როგორიც ის იყო ისტორიულად, სარემონტო სამუშაოების წარმოება ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ადმინისტრაციასთან ერთად განთავსდება საკონფერენციო-საგამოფენო დარბაზიც. დაგეგმილია ასამდე სხვადასხვა მცენარის დარგვა; გათვალისწინებულია კაფეტერიის, საინფორმაციო ჯიხურების, საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც. გეგმის მიხედვით, რეკონსტრუირდება ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობაც, რომელსაც ადრე საჯინიბოს დანიშნულება ჰქონდა.

ქალაქ ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით, წარმოდგენილი პროექტი 80 ათასი ლარის ღირებულებისაა. მის შედგენაში მონაწილეობდნენ არქეოლოგები, დენდროლოგები, დიზაინერები და არქიტექტორები:

„თავდაპირველი გაანგარიშებით, დაგეგმილი სამუშაოები 3 მილიონ 500-600 ათასი ლარის იყო, თუმცა მოგვიანებით, შენიშვნების გათვალისწინებით, მასში ცვლილებები შევიდა და დღეს მისი სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ 600-700 ათას ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელებისას 20 % თანადაფინანსება ქალაქის მერიის, 30 % გრანტი, 50 % კი კრედიტი იქნება, რომელსაც მერია 10 წლის განმავლობაში დაფარავს“.

ირაკლი გოგოხიას თქმით, რეკონსტრუქციის მერე მათ უკვე ბოტანიკური ბაღი საკუთრებაში გადმოეცემათ. შეხვედრაზე, რომელსაც დაინტერესებულ პირებთან ერთად არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პროექტთან დაკავშირებით დაისვა კითხვები. მაგალითად, ასოციაცია „დეას“ ხელმძღვანელი მადონა ხარებავა დაინტერესდა, რამდენად იქნება უკვე განახლებული პარკი ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი:

„არ არის საუბარი მხოლოდ ეტლით მოსარგებლეებზე. აქ საუბარია საბავშვო ეტლზე, უსითანლოებზე, იქნება თუ არა სენსორული ბილიკი, იქნება თუ არა ხმოვანი სიგნალები იქ, სადაც საჭიროა“.

პასუხად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პროექტით გათვალისწინებულია საერთაშორისოდ აღიარებული ყველა ნორმისა და სტანდარტის დაცვა. ამასთან, თვითმმართველობის წევრების თქმით, მათ საჭიროდ მიიჩნიეს ამ განხილვაში მოქალაქეების ჩართვაც, რათა პროექტის შემსრულებელ ორგანიზაციას მათგან წამოსული წინადადებები შესთავაზონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG