Accessibility links

logo-print

ქალაქში მიმდინარე მშენებლობები ბოლო ხანებში ზუგდიდელთა ერთი ნაწილის მწვავე კრიტიკის საგნად იქცა. თავდაპირველად სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხმარებლებმა გააპროტესტეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობის გვერდით სწრაფი კვების ობიქეტის, „მაკდონალდსის“, აშენება, მოგვიანებით კი თავად სამხარეო ადმინისტრაციის შენობის რეკონსტრუქცია, რომელიც სამშენებლო სამუშაოების შემდეგ ვიზუალურად „მაკდონალდსს“ მიამსგავსეს. სოციალური ქსელის პარალელურად კამათი ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე საკრებულოს სხდომებზეც გაგრძელდა. ოპოზიცია მმართველ გუნდს „არაგეგმიურ“, „ქაოტურ“ მშენებლობებში ადანაშაულებს. ჩამოთვლილი ობიექტების გამო მიღებულ შენიშვნებს დეპუტატების მხრიდან დაემატა უკმაყოფილება ქალაქში გარე რეკლამის განთავსებისა და სატრანსპორტო საშუალებების პარკირების „უწესრიგობის“ გამოც.

„არქიტექტურის სამსახურის უფროსის ხასიათის მიხედვით ხდება ქალაქში მშენებლობებზე ნებართვის გაცემა. ქალბატონმა ეკამ (არქიტექტურის სამსახურის უფროსი) გადაიხედოს თავისი ფანჯრიდან და ნახოს თავისი არქიტექტორობის პერიოდში რამდენი მშენებლობა დაიწყო და დასრულდა, რომელმაც ისე დაამახინჯა ქალაქი, რომ ზუგდიდელები ვერ ვხვდებით, რომელ ქალაქში ვცხოვრობთ“, - განაცხადა საკრებულოს ერთ-ერთი სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ.

პრობლემის გადაჭრის გზას საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ლაშა ფარცვანია ზუგდიდის განვითარების შესახებ სპეციალური დოკუმენტის შემუშავებაში ხედავს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქალაქს არ ეტყობა, რომ მშენებლობები რაიმე კონკრეტული გეგმით ხორციელდებოდეს. ფარცვანიას განმარტებით, საკრებულოში მოამზადეს პროექტი ქალაქ ზუგდიდის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განვითარების, მშენებლობისა და ზედამხედველობის ავტომატიზებული სისტემის შესახებ, შესთავაზეს მერიას, შედგა შეხვედრა მოწვეულ სპეციალისტებთან, მაგრამ შემდგომ ეს პროცესი აღარ განვითარდა:

„სამწუხაროდ, საქართველოში, მთლიანად, და ჩვენს რეგიონშიც სივრცითი ტერიტორიული მოწყობა უსისტემოდ, ფრაგმენტულად და ქაოტურად მიმდინარეობს. მშენებლობის რეგულირება და მასზე ზედამხედველობა საერთოდ ამოვარდნილია სივრცით ტერიტორიული მოწყობის კონტექსტიდან, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის პრაქტიკულად გადაულახავ დაბრკოლებებს ბიუჯეტის დაგეგმვის, შემოსავლების სწორ განკარგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას“, - განუცხადა ლაშა ფარცვანიამ რადიო თავისუფლებას. მის საპასუხოდ ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქს 2010 წლიდან აქვს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, სადაც დეტალურადაა გაწერილი სად არის შესაძლებელი განაშენიანება.

„მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ცოცხალი ორგანიზმი, საჭიროებს განახლებას. კი ბატონო, ძალიან კარგია შეიქმნას ელექტრონული ბაზა, მაგრამ ეს ძალიან დიდ თანხებთან არის ასოცირებული. თუ იქნება ასეთი ინიციატივა - შეიქმნას ელექტრონული ბაზა, კი ბატონო. ეს იქნება ძალიან კარგი“, - განაცხადა მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე თოდუამ.

რაც შეეხება საზოგადოების ნაწილის მიერ დაწუნებულ მშენებლობებს,მათ შორის, „მაკდონალდსისა“ და მერიის შენობის მსგავსებას, მერიაში განმარტებები ამ მხრივ არაერთხელ გაკეთდა. მაგალითად, მერმა ირაკლი გოგოხიამ ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერ დაეთანხმება მოსაზრებას ამ ორი ნაგებობის მსგავსებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, მერიის შენობის რეკონსტრუქციის პროექტმა უფრო ადრე გაიმარჯვა, ვიდრე გადაწყდებოდა „მაკდონალდსის“ მშენებლობა. მას მოსწონს ის მშენებლობები, რაც ქალაქში მიმდინარეობს, რადგან ზუგდიდის ცენტრი „სხვანაირი, უფრო თანამედროვე გახდა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG