Accessibility links

logo-print

ველობილიკი ზუგდიდში - ახალი ტროტუარის დაუგეგმავი დანამატი


ზუგდიდი

ზუგდიდი

ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში ახალი ტროტუარის მოწყობა დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ტროტუარზე ველობილიკიც იქნება. ამ დროისთვის ტროტუარის უკვე დასრულებული ნაწილიდან კარგად ჩანს, რომ ველობილიკი ახალდაგებულ ნაცრისფერ ქვაფენილზე წითელი საღებავითაა გამოყოფილი და სპეციალური საფარის გარეშე ეწყობა. ამასთან, კომპანია „გზამგებში“, რომელმაც ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მოიგო, აცხადებენ, რომ, სატენდერო ხელშეკრულების თანახმად, ველოტრასის მოწყობა არ ევალებათ და სამუშაოებს მერიის თხოვნით ასრულებენ.

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიას განმარტებით, ველობილიკის მოწყობის ერთ-ერთი ინიციატორი თავად არის და მშენებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით კონსულტაციები სპეციალისტებთან გაიარეს:

„ბუნებრივია, არის ძალიან მაღალი სტანდარტის ველობილიკები, რომლებიც ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია. შეიძლება ჩვენ მომავალში ვისაუბროთ ამ ველობილიკების შემოტანაზე, რომელსაც ექნება სპეციალური კაუჩუკის ზედაპირი, თუმცა, ამ შემთხვევაში, ის, რაც გაკეთდა, ვფიქრობთ, რომ არის ძალიან კარგი. განსაკუთრებით გავუსვამ ხაზს, რომ ეს არის ზედმეტი დანახარჯების გარეშე გაკეთებული ველობილიკი. ყველა შეფასებით, ის იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო“.

ასე არ ფიქრობს საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ბაბუხაძე:

„ასეთი პრეცედენტი, რომ ველობილიკი ქვაფენილით გაკეთებულიყო, არ არსებობს ევროპის ქვეყნებშიც. ერთი, რომ ეს თვითონ ქვაფენილისთვის არის ძალიან ცუდი, რადგან დატვირთვის დროს ფუჭდება და ხშირად დასჭირდება რეაბილიტაცია. მეორე კიდევ, ველოსიპედი იმისთვის არის, რომ ადამიანმა ის ტრანსპორტად გამოიყენოს. შესაბამისად, ქვაფენილზე კარგავს ინერციას და ძალიან ცუდია. შეიძლება რაღაც მონაკვეთი ჩაისვას, 100-200-მეტრიანი, მაგრამ, როგორც ასეთი, თვითონ ველობილიკი ქვაფენილით არსად არ არის“.

ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროს მაია ღუბელაძის მიერ მოწოდებულ წერილში ნათქვამია, რომ ველობილიკი ქვაფენილზე ბათუმის მაგალითზე მოაწყვეს. მისი სიტყვებით, ტროტუარის რეკონსტრუქციის პროექტირების პროცესში წარმოიშვა იდეა და შემოვიდა მოქალაქეთა თხოვნა ველობილიკის მოწყობის შესახებ. როგორც მერიის თანამშრომელი განმარტავს, „გამომდინარე იქიდან, რომ სტანდარტული ველობილიკის მოწყობა შესაბამის ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ხოლო ტროტუარების რეკონსტრუქციის ხარჯთაღრიცხვა უკვე მზად იყო, არსებული რესურსით - ფილებით - მოახერხეს ველობილიკის მინიშნების გაკეთება ტროტუარზე“.

საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვაფენილით ველობილიკის დაგება ხარჯებს არ ზოგავს - პირიქით, აორმაგებს:

„ბათუმში ძალიან ბევრ ადგილას უკვე ასფალტზე გადაიყვანეს და ასფალტი შეიღება. ვაკეშიც ბევრგან იყო და აიყარა უკვე. თქვენც მიიღებთ ასეთ შედეგს, რომ ინტენსიური დატვირთვისას სადღაც სამი თვეც ვერ გაუძლებს, “, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ბაბუხაძემ.

მისი თქმით, გარდა ბილიკის საფარისა, გასათვალისწინებელია შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ ფორმალური ბილიკი - ტროტუარის წითლად შეღებილი ნაწილი.

თავის მხრივ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ამბობს, რომ საჭირო საგზაო ნიშნების განთავსება გათვალისწინებულია. მისივე განმარტებით, ზუგდიდის ცენტრალურ გამზირზე ველობილიკის მოწყობა საწყისი ეტაპია და სამომავლოდ ველოტრასით რამდენიმე უბნის ერთმანეთთან დაკავშირება იგეგმება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG