Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარადა „გაიღე-მიიღე“ - მოქალაქეთა ინიციატივა ზუგდიდში


ზუგდიდში, უფასო სასადილოს გვერდით, დამონტაჟდა კარადა „გაიღე-მიიღე“, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია როგორც დატოვოს, ასევე წაიღოს საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტები. კარადა ზუგდიდელი ახალგაზრდების ჯგუფმა საკუთარი ინიციატივით გააკეთა და დაამონტაჟა. როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, როსტომ ზარანდია, აცხადებს, „გაიღე-მიიღეს“ მოწყობის იდეა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაჩნდა, მისი აქტიური მომხმარებლების ინიციატივით კი შეგროვდა 480 ლარი, რაც კარადის აწყობას მოხმარდა.

„ფეისბუქზე არსებობს ასეთი ჯგუფი, „ზუგდიდი თაიმს“ ჰქვია, სადაც აქტიური მოქალაქეები ვცდილობთ გამოვთქვათ ინიციატივები ასეთი რაღაცები გავაკეთოთ. ამ ჯგუფის უხუცესი წევრი და ადმინისტრატორი მერაბ ოყუჯავაა. მან დაპოსტა კახეთის „გაიღე-მიიღეს“ კარადის შესახებ და კომენტარებში ავყევით მოქალაქეები, რომ რატომაც არ უნდა გაგვეკეთებინა ეს კარადა ზუგდიდში“, ამბობს როსტომ ზარანდია.

ახალგაზრდების ინიციატივას, დაეხმარონ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, უკვე გამოეხმაურნენ. პირველი, ვინც კარადაში სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები მიიტანა, ზუგდიდელი სალომე ფარცვანია იყო.

„ინიციატივა ძალიან მომეწონა. ჩვენს ქალაქში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთი კარადა დაიდგა. არის უამრავი სოციალურად დაუცველი და არამარტო, არიან მოხუცები, რომლებსაც არ აქვთ თბილი ტანსაცმელი. ამ შემთხვევაში მე მოვიტანე თბილი ტანსაცმლები. იმედი მაქვს, ეს გამოადგებათ და ეს ზამთარი იქნებიან თბილად“, ამბობს სალომე ფარცვანია.

სოციალური პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ზუგდიდის მერიამ მათ „გაიღე-მიიღეს“ დადგმის უფლება დროებით მისცა, ვადის გასვლის შემდეგ კი მას თავად მოუწევთ მისი დემონტაჟი. თავის მხრივ, მერიაში აცხადებენ, რომ კარადის განთავსების ნებართვა მხოლოდ მისი სოციალური დატვირთვის გამო 6 თვით გაიცა. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაია ღუბელაძე აცხადებს, თუ პროექტი გაამართლებს, მერია მზად არის, ქალაქის იერსახის გათვალისწინებით, ინიციატორებს კარადის ახალი ესკიზი შესთავაზოს.

„ჩვენ ვთვლით, რომ კონსტრუქცია უფრო კრეატიული ფორმითაც შეიძლება იყოს წარმოდგენილი. ექვსთვიანი ვადა დროებითი ვადაა, ჩვენ დავაკვირდებით რამდენად მიმზდველი იქნება ეს კუთხე მოქალაქეებისთვის. თუ გაამართლებს, მზად ვართ ინიციატორებს კონსტრუქციის ესკიზის შექმნაშიც დავეხმაროთ“, - განაცხადა მაია ღუბელაძემ.

სოციალური პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ზუგდიდელები აქტიურობას გამოიჩენენ და დაეხმარებიან მათ, ვისაც ეს სჭირდება. ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, ადგილზე მოიტანონ არამალფუჭებადი საკვები და სხვადასხვა საჭირო ნივთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG