Accessibility links

logo-print

ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის სამეგრელოს სოფლების დიდი ნაწილისთვის


სამეგრელოს მაღალმთიანი სოფლების დიდ ნაწილში ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი და ფუფუნების საგნად ითვლება. ამ დროისთვის ინტერნეტის მიმწოდებელ მსხვილ კომპანიებს ქალაქები და მასთან ახლოს მდებარე სოფლები აქვთ ათვისებული. მოსახლეობას სარგებლობა უწევს მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორთა მოდემებით, რაც ლიმიტირებულია და საკმაოდ ძვირი ჯდება.

ინტერნეტი მსგავსი მოდემით მიეწოდება წალენჯიხის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში, მედანში, მცხოვრებ ძაძამიების ოჯახს. დიასახლისი ნანი ძაძამია ამბობს, რომ მისი შვილები მუდმივად ინტერნეტის დაბალ სიჩქარეს ან მის ხშირ წყვეტას უჩივიან. რესპონდენტის თქმით, ინტერნეტის მიწოდების სერვისის გაუმჯობესება მეტწილად ახალგაზრდებისთვისაა აუცილებელი, რადგან სოფელში მისი მომხმარებლები სწორედ ისინი არიან.

„საერთოდ მოსახლეობას ინფორმაცია ნაკლებად მოსდის. არ არის მოსახლეობა ინფორმირებული. არც არჩევნების შესახებ იციან, არც მთავრობის შესახებ იციან... იქიდან ხომ ყველაფრის ჩამოტვირთვა შეიძლება,ყველაფრის გარკვევა შეიძლება, ვისაც აქვს ამის ასაკი და უნარი. ამიტომაც აუცილებელია“, - ამბობს ნანი ძაძამია.

მედანის გარდა, ინტერნეტის ხარისხს უჩივიან სხვა სოფლებშიც. როგორც რადიო თავისუფლებას ზუგდიდის სოფელ შამგონას, ნარაზენისა და ჯიხაშკარის მცხოვრებლებმა უთხრეს, უმთავრეს პრობლემად რჩება ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და შემდეგ უკვე მისი ხარისხი:

„ინტერნეტი არის, მაგრამ როგორც ქალაქში, ისე ვერ დააყენებ. დაბალი ხარისხისაა“;

„ანტენა ვერ უკავშირდება ანძას კარგად სიშორის გამო. რაც უფრო მეტ ადგილას იქნება ანძა, მით უკეთესი ხარისხის ინტერნეტი იქნება“;

„გვაქვს ინტერნეტი, მაგრამ ცუდი ხარისხისაა და უკეთესი თუ იქნება, მადლიერი ვიქნებით. ხარვეზები აქვს ხშირად და წუწუნებს ბავშვი“;

„შეიძლება მე ინტერნეტის ყველაფერი არ გამეგებოდეს, მაგრამ ახალგაზრდებისთვის ეს საჭიროა. ჩემთვის კი ეს არაფერს არ ნიშნავს“, - ამბობენ რესპონდენტები.

პრობლემის დასაძლევად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აპირებს განახორციელოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, პირველ ეტაპზე ინტერნეტი 500-მდე სოფელს ექნება.

„მთელი საქართველოს მოცვაა დაგეგმილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურით. იქ, სადაც აქამდე არ არსებობდა ასეთი ინფრასტრუქტურა, მცირე ოპერატორებს შეეძლებათ განახორციელონ სერვისის შეთავაზება მომხმარებლისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძემ. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლებისთვის: სუჯუნა, წილორი, სამიქაო, ქოლობანი, საგვაზავო, გაღმა ზანათი, მუხური, სარაქონი და კირცხი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG