Accessibility links

სოფელ ნაცატუში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან ბანერი დააზიანეს


ზუგდიდი

ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბთან გაკრული პარტიის ბანერი დაუდგენელმა პირებმა ჩამოხიეს. ჩამოაგდეს ასევე შტაბის შესასვლელთან აღმართული საქართველოს დროშა. ნაცატუ კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელია, სადაც საკრებულოს შუალედური არჩევნები 22 მაისს უნდა ჩატარდეს.

პარტიის წევრის ლაშა დამენიას განცხადებით, მსგავსი ფაქტი წყალტუბოშიც მოხდა, რაც მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების“ მხრიდან მიზანმიმართული ქმედებაა, რათა არჩევნებში "ჩვეული გზით" მოიპოვონ გამარჯვება.

„მითი იმის შესახებ, რომ კვირიკაშვილი რამეს შეცვლის, ძალიან დიდი ტყუილია. ნელ-ნელა, რაც დრო გადის, კვირიკაშვილი ემსგავსება ღარიბაშვილს. „ქართული ოცნება“ იგივე აგრესიით და იგივე პირობებით აპირებს არჩევნებში გამარჯვებას. დამერწმუნეთ, რომ ეს მათი მხოლოდ ოცნებაა და ოცნებად დარჩება. უკვე ხვდებიან, რომ პარტიას ვერ ებრძვიან და ებრძვიან სააგიტაციო მასალას“.

იმ სახლის მეპატრონე, სადაც საარჩევნო შტაბია განთავსებული, აცხადებს, რომ ფაქტი, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. მისივე თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, დაათვალიერეს ტერიტორია და თავად ისიც დაკითხეს:

„არაფერი არ გამიგია. ასე დამხვდა ეს ყველაფერი: ბანერი - გახეული, დროშა -ჩამოგდებული... მერე მივმართე შტაბის უფროსს, დავრეკე 112-ში და 10-15 წუთში მოვიდნენ“.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრი ლაშა გოგია მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თავად აზიანებენ ბანერებს, რათა შემდეგ მათ დააბრალონ:

„’ნაციონალები’ აგონიაში არიან, თვითონ აკეთებენ რაღაცებს და გვაბრალებენ ჩვენ. არავის აინტერესებს "ნაციონალების" ბანერები. ჩვენ არ გვაინტერესებს ისინი, იმიტომ რომ მაგათი მატარებელი წასულია უკვე დიდი ხანია”.

ზუგდიდის სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების ჩატარება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 2015 წლის 6 ნოემბერს საკრებულომ, ხმათა უმრავლესობით, დეპუტატს "თავისუფალი დემოკრატებიდან", ცოტნე მურღულიას, უფლებამოსილება შეუწყვიტა. კომისიის დასკვნის თანახმად, მან სხდომები 6 თვეზე მეტით გააცდინა და მიზეზებიც არ წარმოუდგენია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG