Accessibility links

logo-print

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში მოსახლე მურთაზ ლაგვილავას რვასულიან ოჯახს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევს ცხოვრება. მათი სახლი დამეწყრილ ზონაშია მოქცეული და წლიდან წლამდე, ზარალთან ერთად, საფრთხე იზრდება. როგორც ოჯახის დიასახლისმა ნანი გულუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, ასეთ პირობებში 2008 წლიდან არიან:

„თორმეტოთახიან სახლში ორი ოთახი მაქვს მარტო დარჩენილი. მთლიანად ჩამოინგრა კედელი. თავისი თხილიანად წაიღო მიწა. ჩემს წინ კიდევ ცხოვრობდა ოჯახი და ისინი 30 წლის წინ სხვაგან გადასახლდნენ და მას შემდეგ ჩვენ ვართ ამ ზოლში. ვის არ მივმართე, ვისთან არ ვიყავი...“.

ლაგვილავების მსგავსად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დამეწყრილ ზონებში ცხოვრება უწევს, დაახლოებით, 170-მდე ოჯახს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას განცხადებით, ორი წელია, რაც ამ პრობლემაზე განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მუშაობა და ნელ-ნელა, მაგრამ ეტაპობრივად, გვარდება. მისი თქმით, ეკომიგრანტების თემა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას მოსვლისთანავე დახვდა.

გურგენ სართანიას განცხადებით, ბოლო მონაცემები, გეოლოგიური დასკვნის თანხლებით, მათ შორის, ლაგვილავების სახლის ჩათვლით, პირადად მიიტანა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, სადაც ამ თემაზე მუშაობენ:

„170-ზე მეტი იყო, როცა ჩვენ მოვედით და მას შემდეგ 15-16 ადამიანის პრობლემა მოგვარდა, თუმცა კი დარჩა პრობლემები. ზოგიერთმა თვითონ უშველა თავის თავს. ჩვენ ყველანაირად, ყველა მიმართულებით ვმუშაობთ“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე სამინისტრომ საცხოვრებელი სახლი, ქვეყნის მასშტაბით, 160 ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა, მათ შორის, 30-ს სამეგრელოს რეგიონში.

ეს ციფრი საერთო სურათის ფონზე არასაკმარისად მიაჩნია საქართველოს სახალხო დამცველს, რომლის 2015 წლის შემაჯამებელ ანგარიშშიც ცალკე თავი მიეძღვნა ეკომიგრანტების უფლებრივ მდგომარეობას.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო დონეზე ეკომიგრანტის დეფინიციის შედეგად უნდა შემუშავდეს სტიქიით დაზარალებულების მონაცემთა ელექტრონული ბაზა და განხორციელდეს ეკომიგრანტთა განსახლების შემდგომი ადაპტაცია-ინტეგრაციის პროგრამები.

რეკომენდაციების საპასუხოდ, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეკომიგრანტ ოჯახთა განსახლების მიზნით სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად იზრდება, მათი განსახლების პროცესი კი ნორმატიული აქტის საფუძველზე მიმდინარეობს:

„აქაც ქულების სისტემაა, როგორც დევნილთა შემთხვევაში, თუ ვინ იღებს პირველი სახლს. არის შესაძლებლობა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის თვითონ შეარჩიონ რაიონი, სახლი, წარმოგვიდგინონ და გამოვისყიდოთ მესაკუთრისგან. ასეთ შემთხვევაში სახლებს ახლავს გარკვეული მეურნეობა, სასოფლო დანიშნულების მიწები“.

გრიგოლ გიორგაძის თქმით, მინისტრის ბრძანებით, სტიქიით დაზარალებულების მონაცემთა ელექტრონული ბაზა უკვე ფორმირებულია და მიმდინარეობს ცნობების შეტანა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პირველ ეტაპზე ახალი საცხოვრებელი გადაეცემა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მცხოვრებთ.

ლაგვილავების ოჯახში, რომლის მძიმე პირობები გეოლოგიური დასკვნითაც დასტურდება, იციან, რომ ლოდინი კიდევ მოუწევთ. როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, თავად კი დაელოდებიან, მაგრამ მთავარია, სახლმა გაუძლოს ამ პროცესს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG