Accessibility links

logo-print

ზუგდიდში მოქმედი ასოციაცია „ჰანგი“ ქალაქში აიტი ლაბორატორიას ქმნის, სადაც სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს, დევნილებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კომპიუტერული სფეროს სპეციალისტებად უფასოდ გადაამზადებენ. ლაბორატორია შეიქმნა ასოციაციის აკადემიის ბაზაზე, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა საჭირო თანხების უქონლობის გამო ტექნიკურად მისი აღჭურვა მანამდე ვერ ხერხდებოდა. კომპიუტერულ სფეროში სპეციალისტების მომზადების კომპონენტი აკადემიაში ახალი ტექნიკის შეძენის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამას დაემატა ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ მსოფლიო ბაზარზე ქსელური მოწყობილობების წარმოებაში ლიდერი „ცისკო სისტემის“ აკადემიის სტატუსი და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის უფლება მოიპოვა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელ რუსლან საჯაიას თქმით, მათ შეიმუშავეს პროექტი „თანამედროვე ტექნოლოგიური გადამზადების ხელშეწყობა სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის“ და თანადაფინანსების თხოვნით ზუგდიდის მერიას მიმართეს. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, წარმოდგენილი პროექტების შემრჩევმა კომისიამ, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თანხა გამოყო. ახალი აპარატურისთვის 10 ათას ლარამდე დაიხარჯა. რუსლან საჯაიას თქმით, აიტი ლაბორატორიის ჩამოყალიბება მარტივი არ იყო:

„’ცისკოს’ მოთხოვნა იყო, რომ ახალი ლაბორატორიისთვის ტექნიკა შეგვეძინა, რომ ნებართვა მიგვეღო. ლაბორატორიის შეძენა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძვირად ღირებულია და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შესწევთ ამის ძალა. ამ ლაბორატორიების შეძენაზე არც დონორები მუშაობენ. ერთადერთი გამოსავალი მერიის ამ თანადაფინანსების კომპონენტი იყო“.

აკადემია რეგიონის მასშტაბზეა გათვლილი. ის სექტემბრიდან 10 მსმენელს მიიღებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სამეგრელოში აიტსპეციალისტების დეფიციტი არსებობს, მით უფრო თანამედროვე გამოწვევების პარალელურად, როცა სტრუქტურები, დაწესებულებები სწორედ ქსელურ მუშაობაზე არიან გადასულები და უსაფრთხოების მხრივ მოთხოვნები იზრდება.

„რვათვიანი კურსებია, თუმცა მერე შევიდა შესწორება. თვითონ მერიის კომისიის წინადადება იყო, რომ გაგრძელებულიყო 2 წლამდე“.

აკადემიაში აცხადებენ, რომ მომართვიანობა მაღალია, მაგრამ არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომელსაც მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს. კრიტერიუმები - ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა - თავად ქსელური მომსახურებების კომპანია „ცისკოს“ აქვს დაწესებული. პროექტის ავტორების თქმით, ეს მხოლოდ პირველ ეტაპზეა, მომავალში იგეგმება ტექნიკის მორგება უცხო ენების არმცოდნე ახალგაზრდებზე.

„სასწავლო კურსი 30 მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა კომუტაცია, ტექნოლოგიების საწყისი საბაზისო უნარ-ჩვევების შეძენა, ცისკოს მოწყობილობების კონფიგურირების შესწავლა, მცირე, საშუალო და დიდი ქსელების მართვა, ქსელური უსაფრთხოება, ოპერაციული სისტემები, კიბერუსაფრთხოება“, - ამბობს არჩილ შენგელია, „ცისკოს“ სერტიფიცირებული ინსტრუქტორი და ორგანიზაციის აიტი სფეროს მიმართულების მენეჯერი.

მსმენელებს დღემდე მხოლოდ სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობა შეადგენდა. ახალი ჯგუფის ფორმირებამდე ალტერნატიულ ფართს ეძებენ, რათა სწავლების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის პირებიც ჩართონ. დღეს აკადემია შენობის მეორე სართულზე მდებარეობს და არაადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეებისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG