Accessibility links

logo-print

ზუგდიდში პარლამენტისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური გაიმართება


ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნებიდან შემოსული ბიულეტენების დათვლა ამ დრომდე გრძელდება. კომისიას უწევს დაითვალს როგორც პარლამენტის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების, ასევე გამგებლის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები.

ამ დროისთვის მთლიანად დათვლილია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ე.წ. პრესოვკა-მახარაძის უბანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა მონაცემები. ამ უბანში ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა თაზო ფაცაციამ მოიპოვა. მას ამომრჩეველთა 43.84 %-მა დაუჭირა მხარი.29.3 % აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს.

მონაცემების დიდი ნაწილი უკვე დათვლილია თვითმმართველ თემში, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის კანდიდატი 4 პარტიას ჰყავდა წარდგენილი. 65 საარჩევნო უბნიდან ამ დროისათვის დათვლილი 63-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბესიკ გაბუნიამ მიიღო. მან ამომრჩეველთა ხმების 45.28 % მოიპოვა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამგებლობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ კი 43.35 %.

ქალაქ ზუგდიდის 65-ე მაჟორიტარულ ოლქში 43-დან 42 უბანია დათვლილი. ამ უბნის მონაცემებით, 38,09 % აქვს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ მერაბ ქვარაიას. მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან კონჯარია მოსდევს 31,21 %-ით.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ვერც ერთა კანდიდატმა ვერ დააგროვა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა, ჩაინიშნება მეორე ტური:

„ჩვენ უნდა გვქონოდა 50 %+1 და ეს არც ერთს არ აქვს. ამიტომაც მეორე ტური გაიმართება გამგებლებთან და მაჟორიტარებთან დაკავშირებით. საკრებულო ხმათა უმრავლესობით გადიოდა და აქვს ეს უმრავლესობა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მირანდა მესხმა.

მეორე ტურისთვის სრულ მზადყოფნას აცხადებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. პარტიის ზუგდიდის ოფისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ლაშა გვასალიას განცხადებით, მთავარია, რომ მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა პარტია „ქართულ ოცნებას“:

„ნუ, რას ვიზამთ ახლა. მთავარია ჩვენ გამარჯვებული ვართ, წინ ვართ სერიოზული პროცენტებით. პირველ ადგილზე ვართ, პარტია გამარჯვებულია. ნუ, ახლა სათანადო მონაცემები ვერ დავაგროვეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ არ გადაუწყვეტიათ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში. როგორც ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ განაცხადა, ამაზე პოლიტსაბჭო იმსჯელებს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ მმართველმა პარტიამ გააყალბა არჩევნები:

„მსგავსი რამ თავის დროზე ედუარდ შევარდნაძეს არ უკადრია, რასაც ჰქვია „ტოტალური შემოტევა“ ძალისმიერ გაყალბებასთან, მოსყიდვასთან დაკავშირებით. მიჭირს ამ ყველაფერს არჩევნები დავარქვა. რაც შეეხება მეორე ტურს, შევხვდებით, დავილაპარაკებთ და, ალბათ, იქ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რა ფორმით ვაგრძელებთ ბრძოლას. არის სხვადასხვა მოსაზრებები, მეორე ტურში მივიღოთ თუ არ მივიღოთ მონაწილეობა. ჯერ არ არის გადაწყვეტილი. უბრალოდ, განხილვაშია. ამიტომ ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით“, - განაცხადა ლაშა დამენიამ.

ქალაქ ზუგდიდსა და თემში, საერთო ჯამში, 92 უბანი იყო გახსნილი. ზუგდიდის საოლქო სააარჩევნო კომისიაში 90 უბნის მონაცემები შევიდა. ჯიხაშკარის ორ უბანზე მომხდარი დარბევის გამო, აქ არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა.

8 ოქტომბერს, კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, სოფელ ჯიხაშკარის 108-ე და 79-ე უბანზე უცნობი პირები შეიჭრნენ. მათ ყუთები დაამტვრიეს და საარჩევნო ბიულეტენები ძირს დაყარეს. შედეგად, ორივე საარჩევნო უბანი გაუქმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დარბევის ორგანიზატორი დაკავებულია, ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით კი, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG