Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის თემის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით საკრებულოს სხდომაზე მაიზერ ნანავა აირჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ უმრავლესობის თხოვნით წარადგინა. ნანავა ფარული კენჭისყრით იქნა არჩეული. პროცედურაში მონაწილეობა მიიღო სხდომაზე მყოფმა 29 დეპუტატმა, საიდანაც 27-მა ხმა მაიზერ ნანავას არჩევას მისცა, ორი ბიულეტენი კი გაბათილდა.

მაიზერ ნანავამ სიტყვით გამოსვლისას კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა საკრებულოს ყოფილ თავმჯომარეს, ლაშა გოგიას, რომელიც გამგებლის რიგგარეშე არჩევნების გამარჯვებული გახდა; ასევე, ყოფილ გამგებელ ედიშერ თოლორაიას, რომელიც, წინასწარი შედეგებით, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა თემიდან, და მერაბ ქვარაიას, ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს.

„იგეგმება იმ პროექტების გაგრძელება, რაც დასახული იყო. რაც ჩაფიქრებული იყო, ამას ჩვენ ყველაფერს ერთად გავაკეთებთ. გავაკეთებთ იმ საქმეს, რასაც ჰქვია რაიონის აღმშენებლობა“, - განაცხადა მაიზერ ნანავამ.

კენჭისყრამდე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა ლაშა გოგიამ. ამასთან, მან დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა, სადაც ისაუბრა მისი მუშაობისას განხორციელებულ პროექტებზე:

„სანამ ცესკო ოფიციალურად არ გამოაქვეყნებს არჩევნების შედეგებს, ვრჩები საკრებულოს რიგით წევრად”, - აღნიშნა მან.

ლაშა გოგია თემის საკრებულოს თავმჯდომარედ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. ის მუნიციპალიტეტის გამგებლად აირჩიეს ოქტომბერში გამართულ არჩევნებზე, რის გამოც აუცილებელი გახდა ახალი თავმჯდომარის არჩევა.

მისი შემცვლელი მაიზერ ნანავა კი ამ თანამდებობაზე არჩევამდე თემის საკრებულოში იურიდიულ და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG