Accessibility links

ქალაქ ზუგდიდის და მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს. საკრებულოების საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებმა უკვე გამართეს პირველი სამუშაო შეხვედრა მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესასწავლად.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი, შარშანდელთან შედარებით, 1 მილიონ 600 ათასი ლარით არის გაზრდილი. დოკუმენტში მთავარ პრიორიტეტულ საკითხებად ჩანიშნულია ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, ასევე - მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, სკოლამდელი აღზრდისა და განათლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხის ამაღლება, კულტურული, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდული პროგრამების გაუმჯობესება.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მერაბ ხვიჩიამ განმარტა, არსებობს მცირე შენიშვნები, რომლებიც შემდგომ განხილვებზე იქნება გათვალისწინებული, ამჯერად კი გამგეობის მიერ წარმოდგენილი პროექტის ძირითადი ნაწილი მოწონებულია:

„ბიუჯეტი წელს გაზრდილია 1 მილიონ 600 ათასი ლარით, თუ შევადარებთ მას 2014 წლის ბიუჯეტს, რომელიც მაშინ გაყოფის შედეგად იყო 14 მილიონი ლარი, 2017 წლის ბიუჯეტი კი შეადგენს 18 მილიონ ლარს. ამ ბიუჯეტში გათვალისწინებულია მოსახლეობის სოციალური დაცვა, ჯანდაცვა. ამასთან, ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი - მისი 40-45 % - მოდის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე“, - განაცხადა მერაბ ხვიჩიამ.

ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე აღინიშნა, რომ, მიუხედავად მოწვევისა, შეხვედრაზე არ იმყოფებიან გამგეობის ააიპ-ების პასუხისმგებელი პირები სრულად, რაც მომავალ სხდომებზე უნდა გამოსწორდეს. კომისიის წევრების თქმით, მათ სურთ დეტალურად მოისმინონ, თუ რა პროექტებისთვისაა გათვლილი მოთხოვნილი თანხები.

მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, უფრო მასშტაბური და საჯარო იყო ქალაქის ბიუჯეტის განხილვა. მას საკრებულოს კომისიის წევრების პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

საკრებულოს წევრ ანა წითლიძის განცხადებით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 25 ნოემბრამდე წარუდგენს მერიას საკუთარ შენიშვნებს და წინადადებებს.

„არის რამდენიმე შენიშვნა. მთავარი ნაკლი ამ ბიუჯეტის ისევ არის ის, რომ პროგრამული სახით არ არის გაწერილი, ამიტომ ვერ ვხედავთ თანხებს, რომელსაც ვაძლევთ, მაგალითად, ააიპებს, თუ რაში ხარჯავენ ისინი თანხებს. ინფრასტრუქტურის ნაწილში ჩვენი მთავარი შენიშვნა არის ის, რომ არ არის გათვალისწინებული ქალაქის რეკონსტრუქციის გეგმა, რომელმაც უნდა გამოიწვიოს ქალაქის გალამაზება და მისი ევროპულ სტანდარტებთან მისადაგება“, - თქვა მან.

საკუთარ შენიშვნებზე ისაუბრა მოქალაქე ეგნატე შამუგიამაც. მისი შენიშვნა ეხება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანდაცვას და სოციალურ უზრუნველყოფას. მოქალაქე განმარტავს, რომ სპორტის პროგრამაში კლუბ „ზუგდიდის“ დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია იმდენი, რამდენიც სოციალურად დაუცველებისთვის:

„არ იზრდება სოციალური დაცვის პროგრამა. 115 ათასია გამოყოფილი უფასო სასადილოსთვის, რაც არასაკმარისია. ეს ნიშნავს იმას, რომ თითო ბენეფიციარზე კვლავ 1,32 ლარია გათვალისწინებული. ამ მხრივ მუნიციპალიტეტს საკმაო გამოცდილება აქვს, ამის გამო არაერთხელ გამართულა აქცია, აღუნიშნავთ საკრებულოს წევრებს და დაუწერია მედიას, რადგან ეს თანხა ნამდვილად არ ყოფნის ბენეფიციარებს, რომ მათ ნორმალურად მიიღონ ყოველდღიურად საკვები“.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი თოდუას განცხადებით, მთლიანობაში განხილვის პროცესმა საინტერესოდ ჩაიარა. მისივე განმარტებით, წარმოდგენილი შენიშვნები მისი დამუშავების შემდეგ შეძლებისდაგვარად იქნება გათვალიწინებული:

„ჩვენ, საკრებულოს, გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, მივიღოთ ინიციატივები მოქალაქეებისგან, დავამუშაოთ და წარვადგინოთ შენიშვნების და რეკომენდაციების სახით მერიაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი თოდუამ.

ბიუჯეტის თითოეული კომპონენტის განხილვა შესაბამისი კომისიების მიერ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. მომდევნო შეხვედრაზე განხილული იქნება ფინანსური დოკუმენტის სოციალური და ჯანდაცვის ნაწილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG