Accessibility links

logo-print
4 მაისს ზუგდიდის პროკურატურასთან, სადაც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იქვე ნაპოვნი ასაფეთქებელი ნივთიერების გაუვნებელყოფის სამუშაოებს ატარებდნენ, გადასაღებად მისული „ნეტგაზეთისა” და „ლაივპრესის” ჟურნალისტები აიძულეს გადაღებული ვიდეომასალა წაეშალათ, ერთ-ერთ მათგანს კი კუთვნილი მეხსიერების ბარათი წაართვეს და სანაცვლოდ ახალი შესთავაზეს. ჟურნალისტებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ეს ფაქტი სახალხო დამცველის აპარატის ზუგდიდის ოფისს შეტყობინეს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჟურნალისტებზე ზეწოლის ეს უკვე მესამე გახმაურებული შემთხვევაა.

”ნეტგაზეთის” რეპორტიორი ოთო დალაქიშვილი და ”ლაივპრესის” ჟურნალისტი თამარ ზანთარაია ზუგდიდის პროკურატურასთან მასალის მოსამზადებლად მას შემდეგ მივიდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ იქ ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. 4 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა კუდ-ის მიერ იმ პიროვნების დაკავების შესახებ, რომელმაც აფხაზეთის ტერიტორიიდან ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება გადმოიტანა. ოთო დალაქიშვილი ამბობს, რომ გადაღების დაწყებისთანავე მას სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული უცნობი პირი მიუახლოვდა დ ა გადაღებული ვიდეომასალის წაშლა მოსთხოვა:

”მან მითხრა, რომ უფლება მქონდა გადამეღო ფორმიანი პიროვნებები და არა ყველა იქ მყოფი, და გადაღებისას ეს როგორ უნდა გამომერჩია ერთმანეთისგან, ძნელი სათქმელია. კამერა გამომართვა და მხოლოდ მას შემდეგ დამიბრუნა, რაც ყველაფერი წაშალა. არც რამე საბუთი წარმოუდგენია, მითხრა, რომ რუსულ სპეცსამსახურებს არ უნდა ჩაუვარდეს ხელში ყველა ინფორმაცია,რაც აქ ხდებაო.”

ოთო დალაქიშვილი ამბობს, რომ ადგილზე მუშაობდნენ „ნაციონალური მაუწყებლების“ ოპერატორებიც, რომლებისთვისაც ხელი არავის შეუშლია, მათგან განსხვავებულს კი ”ნეტგაზეთის” ჟურნალისტი არაფერს იღებდა. ვიდეოკამერა ასევე წაართვეს ”ლაივპრესის” ჟურნალისტს, თამარ ზანთარაიას, და ცოტა ხნის შემდეგ მეხსიერების ბარათის გარეშე კვლავ დაუბრუნეს, - მოგვითხრობს მისი კოლეგა, „ლაივპრესის” რეადაქტორი გერონტი ყალიჩავა:

მე მგონია, რომ მათ, უბრალოდ, აქვთ პირობა ნაციონალური მაუწყებლებისგან, რომ ეთერში, უბრალოდ, არ გაუშვებენ ხელისუფლებისათვის არასასურველ კადრებს ...

”კუდ-ის ზუგდიდის განყოფილების უფროსმა რუსლან შამახიამ მეხსიერების ახალი ბარათი მომცა, რომელიც არ ავიღე და მოვთხოვე ჩემი კუთვნილი ”ჩიპი”, რომელიც ვიდეოკამერაში გვედო. მან კი მიპასუხა, რომ იმ ბარათს ვერ დამიბრუნებდა, რადგან გადაღებული კადრების აღდგენა იყო შესაძლებელი.”

გერონტი ყალიჩავა დღესაც მოითხოვს მისი რედაქციის კუთვნილი მეხსიერების ბარათის დაბრუნებას და სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავს. ის ასევე იხსენებს, რომ მის ჟურნალისტზე ზეწოლის მსგავსი ფაქტი ცოტა ხნის წინ მოქალაქეებთან თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული შეხვედრის დროსაც მოხდა. ზუგდიდის თეატრში გამართულ ამ შეხვედრაზე თამარ ზანთარაია არ შეუშვეს, ხოლო როდესაც მან გარეთ დაიწყო ვიდეოგადაღება, შეხვედრის დასრულების შემდეგ სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა კამერა გამოართვეს და ყველა კადრი წაუშალეს.

მეხსიერების ბარათი წაართვეს ასევე ფოთში ”თავისუფალი სიტყვის” ჟურნალისტს, იზა სალაყაიას, რომელიც საავადმყოფოს გახსნაზე ჩასულ მიხეილ სააკაშვილს იღებდა. გერონტი ყალიჩავას აზრით, ამ ფაქტებიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება:

”მე მგონია, რომ მათ, უბრალოდ, აქვთ პირობა ნაციონალური მაუწყებლებისგან, რომ ეთერში, უბრალოდ, არ გაუშვებენ ხელისუფლებისათვის არასასურველ კადრებს.”

ორი დღის წინ მსგავსი ფაქტი მოხდა ქუთაისშიც. “P.S.”-ის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერიძე აცხადებს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის ახლად გარემონტებულ თეატრში მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას მას პრეზიდენტის დაცვის წევრებმა სცემეს. ვაჩიბერიძე არ უარყოფს, რომ შეხვედრაზე, რომელსაც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები ესწრებოდნენ, მოტყუებით შევიდა. პრობლემაც მაშინ შეექმნა:
სამწუხაროდ, არ შემიძლია გითხრათ, კონკრეტულად რის გადაღებას უშლიდნენ მათ, ამის თქმის უფლება არ მაქვს, თუმცა ისინი გააფრთხილეს რაღაც კონკრეტული პერიოდის განმავლობაში არ გადაეღოთ ...

”სახეში, თავში მირტყამდნენ, მლანძღავდნენ, მერე ყველაფერი წამართვეს, ყველა კადრის წაშლა მომთხოვეს. სანამ არ დარწმუნდნენ, რომ გადაღებულის აღდგენა შეუძლებელი იყო, არ მომეშვნენ, მერე კისერში ჩამავლეს ხელი და გარეთ გამომათრიეს.”

ამ კონკრეტულ ფაქტზე შსს აცხადებს, რომ ჟურნალისტი არავის უცემია, ის მხოლოდ ჟურნალისტებისათვის დახურული შეხვედრიდან გამოუშვეს. თუ მას საწინააღმდეგოს დამტკიცება სურდა, შეეძლო სამედიცინო ცნობა აეღო ან ეჩივლა, რაც მან არ გააკეთაო, - გვეუბნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი. რაც შეეხება ზუგდიდში მომხდარ ფაქტს, ხიზანიშვილი ადასტურებს, რომ ჟურნალსტებს მართლაც ჩამოართვეს ტექნიკა, თუმცა იქვე განმარტავს ამის მიზეზს:

”სამწუხაროდ, არ შემიძლია გითხრათ, კონკრეტულად რის გადაღებას უშლიდნენ მათ, ამის თქმის უფლება არ მაქვს, თუმცა ისინი გააფრთხილეს რაღაც კონკრეტული პერიოდის განმავლობაში არ გადაეღოთ. მათ კი გადაღება მაინც გააგრძელეს და სწორედ ამიტომ ჩამოართვეს კამერები. როცა პოლიცია ამბობს, რომ გადაღება არ შეიძლება, ჟურნალისტი ვალდებულია მას დაემორჩილოს და ეს არ არის მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა.”

მაშინ როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ადგილზე გადაღებას განაგრძობდა? - ვკითხეთ შოთა ხიზანიშვილს. მან გვითხრა, რომ პირველმა არხმა მითითების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში გადაღება შეწყვიტა, ხოლო ”იმედი” იქ ბომბის განაღმვის შემდეგ მივიდა.

თუმცა ჟურნალისტური ქარტიის თავმჯდომარე, იურისტი თამარ კორძაია არგუმენტს, რომ ჟურნალისტები გააფრთხილეს, არასაკმარისად მიიჩნევს. რის საფუძველზე გააფრთხილეს ჟურნალისტები, რა სახელმწიფოებრივი ინტერესი არსებობდა, რომ ჟურნალისტს გადაღება შეეწყვიტა?

”კანონის რომელი საფუძვლით დაადგინეს უცებ ეს ყველაფერი? რატომ არ ამბობენ ამას? სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი დგებოდა, მართლწესრიგი ირღვეოდა ისე, რომ ვიღაცას ზიანი მიადგებოდა თუ რა? ასეთი რამ იქ არ იკვეთება და ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი შეზღუდვაც კი იქნებოდა უკანონო. ეს ერთი. მეორეც - ერთ-ერთ ჟურნალისტთან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირი მივიდა და ნუ მიღებო, უთხრა. ამიტომ აქ არანაირ შეზღუდვაზე არ არის ლაპარაკი. მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნა ”ლაივპრესის” ჟურნალისტს პოლიციის წარმომადგენელმა კამერა.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG