Accessibility links

logo-print

ზუგდიდის ახალი დასახლების მცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობის გამო საყვედურობენ


ზუგდიდის ახალი დასახლება

ზუგდიდის ახალი დასახლება

ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილთა პრობლემების ნაწილი, დაპირებების მიუხედავად, კვლავ მოუგვარებელი რჩება. დასახლებაში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა 320-მა ოჯახმა ბინა ერთი წლის წინ მიიღო, სამშენებლო ხარვეზები აღმოჩნდა. დევნილებისთვის გაურკვეველი მიზეზებით რამდენიმე კორპუსის სარდაფში წყალი გროვდება, სახურავიდან კი წვიმის წყალი ჩადის.

„უბრალოდ, აი, ასე ჩამოდის ეს წყალი, მთლიანად სველდება კედელი. ვართ ასეთ მდგომარეობაში, ყველაფერი გაფუჭებულია“;

„კი არ ჟონავს, წვიმა ისე ჩამოდის, თქეშივით. ალბათ, მეტყვიან ერთხელ უკვე გაგირემონტეთ და აწი თქვენ მიხედეთო, ყოველთვის ჩვენ ხომ არ გაგირემონტებთო“, - აცხადებენ დევნილები.

დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. დეპუტატმა ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ დასახლების მცხოვრებლებმა მას დახმარების თხოვნით მიმართეს, ის კი, თავის მხრივ, შესაბამის სამსახურებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს:

„რამდენჯერმე მათ მიმართეს დევნილთა სამინისტროს, სამმართველოს, ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა ამ პრობლემებზე რეაგირება არ არის. მე დღეს კიდევ ერთხელ ვთხოვე საკრებულოს წევრებს დაინტერესებულიყვნენ ამ პრობლემით და მიეღოთ შესაბამისი ზომები“.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში აცხადებენ, რომ კორპუსების მშენებელმა კომპანია „დაგმა“ ხარვეზების გამოსწორება უკვე დაიწყო. სამმართველოს უფროს მანუჩარ ჩილაჩავას განცხადებით, პრობლემების ნაწილი უკვე მოგვარებულია, დარჩენილი კი 2-3 დღეში მოგვარდება:

„რაც შეეხება სარდაფებში წყლის დაგროვებას, სამი კორპუსის სარდაფი, სადაც მილების პრობლემა იყო, დაიტბორა. თვითონ სამშენებლო კომპანია იღებს ვალდებულებას გამოასწოროს ყველა ხარვეზი და ეს მილებიც იყოს გამოცვლილი, რომ სარდაფებში წყალი აღარ ჩადგეს“, - განაცხადა მანუჩარ ჩილაჩავამ.

ახალ დასახლებაში თვეების განმავლობაში სასმელი წყლის პრობლემა იყო, თუმცა ამჟამად ეს საკითხი მოგვარებულია. ჭაბურღილი, საიდანაც მიწოდებული წყლით აპრილში დასახლებაში მცხოვრები 111 ადამიანი მოიწამლა, დასუფთავებულია. როგორც სამმართველოში ირწმუნებიან, წყალს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ამასთან, როგორც მანუჩარ ჩილაჩავა აცხადებს, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ახალი ჭაბურღილის შენებაც, რომელიც უახლოეს მომავალში შევა ექსპლუატაციაში.

ზუგდიდის ახალ დასახლებაში მოწამვლის პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა. მოსახლეობის ვერსიით, წყლის პრობლემა საკანალიზაციო მილებიდან დაბინძურებული წყლის გაჟონვამ შექმნა, რასაც არ ეთანხმებოდა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. მათი ცნობით, რამდენჯერმე აღებული სინჯებით გაირკვა, რომ წყალში ნაწლავური ჩხირის გაჩენა გრუნტის წყლების დაბინძურებამ გამოიწვია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG