Accessibility links

logo-print

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში აღდგენითი სამუშაოები დაიწყო


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი შეიძლება გადარჩეს. განადგურების პირას მისულ ბაღში აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე დაიწყო ტერიტორიის დასუფთავება დაავადებული მცენარეებისგან. უკვე მოიჭრა 28 ხე, რომლებიც აღდგენას არ ექვემდებარებოდა. ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობის შემდეგ მიიღეს. მისი თქმით, თავდაპირველად დაიწყო ხე-მცენარეების შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდა მათი ლიკვიდაცია. გია გულორდავა, რომელიც დასუფთავების სამუშაოებში თავად იღებდა მონაწილეობას, ამბობს, რომ ბაღის პირვანდელი სახე ეტაპობრივად აღდგება.

„უწყლოდ ვერც მცენარე და ვერც ადამიანი ვერ გაძლებს და ამიტომ, პირველ რიგში, გადავწყვიტეთ ამ პრობლემის მოგვარება. გადავწყვიტეთ ორი ჭა აღვადგინოთ, რომელიც ოცი წელია არ ფუნქციონირებს. უახლოეს დღეებში ამოვა ის წყალი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა სანიტარულ მოთხოვნებს. ხეებს უკვე პარაზიტები ჰყავს და გადადის ჯანმრთელ ხეებზე. ისინი პრობლემას უქმნიან გარემოს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მათი მოჭრა. მოჭრილი ხეები საშეშედ გადაეცემა სოციალურად დაუცველ ხალხს“, - განაცხადა გია გულორდავამ.

ვიცე-მერი არ გამორიცხავს, რომ მომავალში საჭირო გახდეს კიდევ მეტი ხის მოჭრა. გია გულორდავას თქმით, იგეგმება ასევე ბაღის სანერგის აღდგენაც და ხელოვნური ტბის განახლება, სადაც წლების წინ გედები დაცურავდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლება ბაღში ასევე წლების წინ არსებული სანერგის აღდგენას გეგმავს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკურის“ თანამშრომლობით:

„ჩვენ, პროექტის ფარგლებში, სანერგის აღდგენას ვგეგმავთ, სადაც გადაშენების პირას მყოფი 30 სახეობის მცენარის გადარჩენა მოხდება. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ არა მარტო სანერგის აღდგენა, არამედ გარკვეული პერიოდით მთლიანად ბაღის მოვლა-პატრონობა მოვახდინოთ. ასევე მოხდეს ბაღის პასპორტიზაცია“, - განაცხადა „მერკურის“ ხელმძღვანელმა ნანა თოდუამ. მისივე თქმით, პროექტი ჯდება 50 ათასი აშშ დოლარი, რომელსაც გაეროს განვითარების ფონდი გამოყოფს.

არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს კორეელ ინვესტორებთან თანამშრომლობასაც. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ კობა ქანთარიას განცხადებით, ინვესტორებთან ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. ეს ის კორეული კომპანიაა, რომელიც ზუგდიდის თეატრის რეკონსტრუქციას გეგმავს:

„ბილიკების მოწესრიგება, სკამების დადგმა... და მსგავს სამუშაოებზე მიდის მოლაპარაკება“, - აცხადებს კობა ქანთარია.

XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ამ დროისთვის სავალალო მდგომარეობაშია. სხვადასხვა ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის მცენარეების ნაწილი განადგურებულია, დამშრალია ბაღის შუაგულში განთავსებული ტბა.

XS
SM
MD
LG