Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

დაიწყო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის არქეოლოგიური შესწავლა იმ მიზნით, რომ დადგინდეს, არის თუ არა ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შეუსწავლელი და უცნობი ნაგებობები, რომლებიც მოგვიანებით, ბაღის რეკონსტრუქციისას,შეიძლება დაზიანდეს. სამუშაოები, ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. გათხრებს არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე სპეციალისტები შეისწავლიან ბაღის მარცხენა ფლანგზე არსებულ ნანგრევებს, რომელიც შეიძლება ე. წ. ჯვარედინა სასახლე აღმოჩნდეს.

„გათხრისას ნელ-ნელა იკვეთება რაღაც კონტურები, იკვეთება სვეტის ძირები, იკვეთება იატაკი. ამ შენობის დანიშნულება და აგების დრო ჯერჯერობით არ ვიცით. იყო წინასწარ ვარაუდი, რომ ეს შეიძლება იყოს ის ჯვარედინა სასახლე, რომელიც იხსენიება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, სადაც დადიანებს სტუმრად მიუღიათ მარი ბროსე და აღდგომის ღამე აქ გაუთენებიათ. შემორჩენილია ამ ჯვარედინა სასახლის ნახატი, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს შენობის ნანგრევები იმას, ჯერჯერობით არ ვიცით“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას რევაზ პაპუაშვილმა.

გათხრების პროცესში ჩართულია ექვსი სპეციალისტი და შვიდი დამხმარე მუშა. არქეოლოგის განმარტებით, სამუშაოები 25 ნოემბერს დაიწყო და ერთი თვე უნდა გაგრძელდეს, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ გათხრებმა უფრო დიდი მასშტაბები მიიღოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ნანგრევები გამოჩნდება ბაღის ტერიტორიაზე.

მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ განაცხადა, რომ ეს სამუშაო ნაწილია იმ პროექტისა, რომელიც ბაღის სრულ რეკონსტრუქციას გულისხმობს.

„არქეოლოგიურ დასკვნებს, ალბათ, დეკემბრის ბოლოს წარადგენენ და მერე დაიწყება ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია. ეს გრძელვადიანი პროექტია და, ალბათ, ორი წელი გაგრძელდება. ამის შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ბაღი ქალაქის საკუთრებაა“, განაცხადა ქალაქის მერმა.

ირაკლი გოგოხიამ თითქმის განადგურებული ბაღის რეკონსტრუქციის პირობა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დადო, თუმცა ამ დრომდე აქ მხოლოდ წყლის მიწოდების, სანერგე მეურნეობის აღდგენა და ტბის დასუფთავება მოხერხდა.

ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ამ დროისთვის სავალალო მდგომარეობაშია. განადგურებულია სხვადასხვა ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის მცენარეების ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG