Accessibility links

logo-print

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სამეგრელო-ზემო-სვანეთში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური სუბიექტები და რიგითი მოქალაქეები გაერთიანდნენ. ქალაქში პირველადი მოხმარების ნივთების შეგროვება სტიქიიდან მეორე დღესვე დაიწყო, ერთ დღეში კი შედეგმა აქციის ორგანიზატორების მოლოდინს გადააჭარბა. სხვადასხვა სახის ნივთებით სავსე ორი სატვირთო მანქანა თბილისში წუხელ გაემგზავრა:

„აქ არის პირველადი მოხმარების ნივთები, ჰიგიენის საშუალებები, ასევე შემოვიდა ტელევიზორები, მაცივრები, უთოები და ნივთები, რაც სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს პირველ რიგში სჭირდებათ. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშო, რომ ყველა იყო ძალიან კონსოლიდირებული. აქ მოდიოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები. ნამდვილად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეგიონი იყო ერთ მუშტად შეკრული“, - აცხადებს სამხარეო ადმინისტრაციის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა.

მუნიციპალიტეტებიდან სატვირთო მანქანებითა და ავტობუსებით ჩამოტანილი ფუთები სამხარეო ადმინისტრაციის წინ საგანგებოდ მოწყობილ კარავში გროვდებოდა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ ნივთების შეძენისას აქცენტი გააკეთეს სურსათსა და საოჯახო ტექნიკაზე, რადგან, თბილისიდან მოწოდებული ინფორმაციით, ტანსაცმელი დაზარალებულთათვის საკმარისზე მეტი მოგროვდა.

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ პარალელურად ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილია მობილური ჯგუფები:

„სრულ მზადყოფნაშია ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რომ მხარდაჭერა გავუწიოთ და აუცილებლობის შემთხვევაში ნებისმიერი ფორმით ჩავებათ და გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს მძიმე ტრაგედია განიცადეს. ტრაგედიას ემსხვერპლა ჩვენი თანაქალაქელი ახალგაზრდა გოგონა მარიამ ქუთელია და ადგილობრივი ხელისუფლება, ბუნებრივია, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასეთ მძიმე პერიოდში იყოს მოწოდების სიმაღლეზე და გვერდში დაუდგეს ოჯახებს“.

დაზარალებულების დასახმარებლად პირველადი მოხმარების ნივთების შეგროვებას განაგრძობენ ახალგაზრდები. „ზუგდიდის განვითარების ცენტრის“ სტუდენტები მოქალაქეებს ერთად დგომისკენ მოუწოდებენ.

„შეიქმნა სპეციალური დახმარების ცენტრები, რომლის დანიშნულებაცაა პირველადი მოხმარების ნივთების, პროდუქტების, ტანსაცმლის და ასე შემდეგ შეგროვება. მე მინდა მოვუწოდო სამეგრელოს მასშტაბით ყველა პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რიგით მოქალაქეებს: ახლა არის ის დრო, როცა ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ ერთად დგომა, რათა ერთად დავეხმაროთ დაზარალებულებს“, - აცხადებს ცენტრის ხელმძღვანელი ანა წითლიძე.

ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არ არის დახმარების ერთდჯერადი აქცია და გაგრძელდება, სანამ ამის საჭიროება იქნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG