Accessibility links

logo-print
ზუგდიდში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, გუშინ მომხდარი ინციდენტის პროვოცირებაში „სამეგრელოს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ“ საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენელი კახა მიქაია დაადანაშაულა. ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, ანა წითლიძემ, რომელიც, იმავდროულად, ზუგდიდის საკრებულოს აპარატის თანამშრომელია, ამბობს, რომ „ზონდერ ჯგუფებმა“ უშუალოდ კახა მიქაიას ბრძანებით ჩაშალეს შეხვედრა. წითლიძის თქმით, პირადად მას მხოლოდ იმის გამო დაუპირისპირდა ახალგაზრდების ჯგუფი, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაზე მან პარლამენტის თბილისში გადატანას მხარი არ დაუჭირა.

„ის გამოხტომები, რაც გუშინ ჰქონდათ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, აბსოლუტურად სცილდება დემოკრატიულ ნორმებს. ჩვენ, ახალგაზრდებს, გუშინ შეგვეხნენ მხოლოდ იმის გამო, რომ დავაფიქსირე განსხვავებული აზრი. გაგვისწორდნენ როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად. კახა მიქაიამ ორი დღით ადრე იცოდა, ვინ სად უნდა დამჯდარიყო დარბაზში და ვისთვის უნდა შეეწყვეტინებინათ სიტყვა“, – განაცხადა ანა წითლიძემ დღეს, 16 იანვარს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ ბრიფინგზე.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართული შეხვედრის ჩაშლის გარდა, ანა წითლიძემ კახა მიქაია სოფლის რწმუნებულების ზეწოლასა და დაშინებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, მთავარი ორგანიზატორები საპროტესტო აქციისა, რომელიც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხვალ უნდა გაიმართოს ზუგდიდში,არიან კახა მიქაია და ლალი ანთია, წევრი ორგანიზაციისა „ქალები მშვიდობისათვის“. მისივე ინფორმაციით, კახა მიქაიას და ლალი ანთიას თათბირი ჰქონდათ სოფლის რწმუნებულებთან, რომლებიც გააფრთხილეს, რომ თუკი თითოეული მათგანი 50 ადამიანს არ გამოიყვანს, თანამდებობის დატოვება მოუწევთ.
ისინი მართული არიან გუნავას მიერ და ახლა გადმოდიან შეტევაზე. მათ არ უნდათ, რომ უფრო გაღვივდეს ის მუხტი, რომელიც არსებობს ზუგდიდში ...

თავის მხრივ, კახა მიქაიამ „სამეგრელოს ახალგაზრდული ორგანიზაციის“ წევრებს ახალაიებისა და სააკაშვილის ახალგაზრდობა უწოდა.

„ისინი მართული არიან გუნავას მიერ და ახლა გადმოდიან შეტევაზე. მათ არ უნდათ, რომ უფრო გაღვივდეს ის მუხტი, რომელიც არსებობს ზუგდიდში პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. მე მივმართავ მათ, ცოტა გონს მოეგონ. ისინი ჯერ ახალგაზრდები არიან და რეალურად შეხედონ სიტუაციას“, – განაცხადა კახა მიქაიამ.

რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილ აქციას, მიქაიამ განაცხადა, რომ აქციაზე ყველა თავისი სურვილით მოდის. ხვალინდელ აქციაზე მან ანა წითლიძე და თენგიზ გუნავა მიიწვია.

რადიო თავისუფლების შენიშვნაზე, არსებობს აზრი, კახა მიქაია იმის გამო აქტიურობს, რომ გუბერნატორობა უნდაო, მიქაიამ გაიღიმა და განაცხადა, აი, ეს არის მაგაზე ჩემი პასუხიო.

ზუგდიდში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გუშინ, 15 იანვარს, ვერ შედგა. შეხვედრაზე მისული მოქალაქეების ნაწილმა საპარლამენტო უმცირესობას სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა, შენობიდან გამოსულებს კი კვერცხები დაუშინეს. სიტუაციის განმუხტვა საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG