Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა


ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა გიორგი სალიამ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მასზე განხორციელებული ზეწოლაა. მერიის უკვე ყოფილი თანამშრომლის თქმით, ქალაქის მერი, ვიცე-მერი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან, კახა მიქაიასთან, მეგობრობს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს დეპუტატის მიერ გაკეთებულ მწვავე განცხადებებს, სადაც ის ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებს. გიორგი სალიას თქმით, მისთვის მიუღებელია ის ფაქტიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები“ დაინიშნენ.

„მე შეხვედრები მქონდა მერთან, ვიცე-მერთან და გამგებელთან. გამგებელმა პირდაპირ მითხრა, რატომ იზიარებ შენ კახა მიქიას ვიდეოს, არ ხარ მართალიო. ვიცე-მერმა მითხრა, შეეგუე სიტუაციას და დაივიწყე ყველაფერიო“, - აცხადებს გიორგი სალია.

მერიის თანამშრომელ გიორგი სალიაზე რომ „ზეწოლა“ ხდებოდა, ამაზე დეპუტატმა კახა მიქაიამ 3 ოქტომბერს გააკეთა განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. პარტია „ქართული ოცნების“ კვოტით გასული დეპუტატი ბოლო რამდენიმე სხდომაა ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით სხვადასხვა ბრალდებებს გამოთქვამს:

„ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ესართია მიდის მის თანამშრომელთან, გიორგი სალიასთან, და ეუბნება ასეთ რამეს: თუ შენ არ მიატოვებ მიქაიასთან მეგობრობას, თუ შენ გაიზიარებ მიქაიას ვიდეობს, გაიზიარებ მის სასარგებლო პოსტებს, გაგათავისუფლებ სამსახურიდან, ჩვენ ერთად ვერ ვიქნებითო. ამის შემდეგ მას იბარებს მერი და ეუბნება, შენ არ უნდა წახვიდე, რადგან ეს არ უნდა გასაქმდეს და მიქაიამ ეს არ უნდა გააჟღეროსო. გაფრთხილებ, მასთან მეგობრობას თავი დაანებეო“.

დეპუტატის სიტყვები დაადასტურა მხოლოდ გიორგი სალიამ და კატეგორიულად უარყვეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესს“ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ განუცხადა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია:

„ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. პირადად მე ვიყავი მისი რეკომენდატორი მერიაში. მე არანაირი კონფლიქტი და მსგავსი საუბარი გიორგი სალიასთან არ მქონია. მე შემეძლო მისი განცხადება დამეკმაყოფილებინა, მაგრამ ვუთხარი, თუ რამე პრობლემაა, ჩემთან შემოსულიყო და აეხსნა. მე მერიის თანამშრომლებზე გარკვეული პასუხისმგებლობაც მაქვს აღებული და ვიღაცასთან მეგობრობის გამო ადამიანი გავათავისუფლო, ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს."

გიორგი სალიასა და კახა მიქაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია ასევე უარყვეს ზუგდიდის გამგეობაში. გამგებლის, ედიშერ თოლორაიას, სიტყვები, რომ მას საერთოდ არ ჰქონია საუბარი გიორგი სალიასთან, ჟურნალისტებს გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ გადასცა.

თავის მხრივ, მერიის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, თუ პარტია „ქართული ოცნება“ არ დაინტერესდება, რატომ ხდება მისი წევრების დისკრიმინაცია სამსახურებში, აქციის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, მივმართავო.

XS
SM
MD
LG